ნინია კაკაბაძე – „შეუძლებელია, კახა ბექაურის მიმართ კითხვები არ გიჩნდებოდეს“

ნინია კაკაბაძე - „შეუძლებელია, კახა ბექაურის მიმართ კითხვები არ გიჩნდებოდეს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქოლგის ქვეშ იქმნება ახალი ვებ-პლატფორმა, რომელიც მედია კრიტიკის მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნულ მედია პლატფორმაში ისეთი ფიგურები არიან, რომლებიც ხშირად ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ პოზიციონირებენ _ ია ანთაძე, შორენა შავერდაშვილი, ზვიად ავალიანი და სხვები. ამან საზოგადოებაში გააჩინა ვარაუდი, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას ცდილობს.

ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამძაფრდა რეგულაციების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ.

_ ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. მარტო ფეისბუქი ხომ არ არის პრობლემა? პრობლემაა ასევე თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია. დეტალებში შევალთ, ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირდებით, _ თქვა ირაკლი კობახიძემ.

ხომ არ არის ცენზურის დაკანონების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და უნდა აღვიქვათ თუ არა ეს არჩევნების კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებად? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე საუბრობს.

_ შეიქმნა ახალი პლატფორმა, სადაც ჟურნალისტებს უნდა შეგვიფასონ მედია პროდუქტი, როგორც ეს მათ დააანონსეს. ეს ყველაფერი კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქოლგის ქვეშ ხდება. ცენზურის დაკანონებისკენ ხომ არ დგამს ნაბიჯებს სახელმწიფო?

_ არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე გამიჭირდება ასე პირდაპირ ვთქვა ის, თუ რას უნდა მოემსახუროს სინამდვილეში ეს ახალი ვებ-პორტალი. ამას ჯერ ვერ ვიტყვი და არც მინდა, რომ ასე პირდაპირ ვთქვა, რომ ცენზურის დაკანონებისკენ მიდის. არა მგონია, ამდენი რამე მოასწროს ”ქართულმა ოცნებამ”, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, მას არცთუ ისე დიდი დღე უწერია.

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად იმის მცდელობაა, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ. ერთი ეს არის ის, რომ არსებობს ვებ-გვერდი „მედია ჩექერი“ და ამის ალტერნატივა შექმნან და ამასთანავე ადამიანებს კიდევ უფრო საფუძვლიანად გამოურეცხონ ტვინი.

_ ირაკლი კობახიძე ე. წ. ტროლებისა და ბოტების თემაზე აცხადებს, რომ მედიაც უფრო ჯანსაღი უნდა გახდეს. არ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას აგინოს და ა. შ. კობახიძე ისევ ალაპარაკდა რაღაც რეგულაციების შემოღებაზე. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ ეს გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში საფრთხეა. ესეც შეიძლება ისე გავიგოთ, რომ რაღაც რეგულაციები შემოვიდეს. ისეთი, რომელიც შემდეგ უკვე დაარეგულირებს ჩვენს ქცევასა და მეტყველებას მედიაში. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ჟურნალისტების, ასევე რესპონდენტებისაც, ვინც მედიის საშუალებით გადმოგვცემს ამა თუ იმ ინფორმაციას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ამას არ დაუშვებს. დასავლეთი, რომელიც ჩვენ თვალს გვადევნებს და მას უკვე ეჭვებიც აღარ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ”ქართულ ოცნებას” ახლოსაც კი არ გაუვლია დემოკრატიულ ფასეულობებთან. იმედი მაქვს, რომ მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ ამ საფრთხის თავიდან აცილებას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ამ პარლამენტის პირობებში სადაც უმრავლესობა გააჩნია არადემოკრატიულ და პრორუსულ მთავრობას. ვფიქრობ, რომ მათ დიდი დღე არ უწერიათ და ვერ მოასწრებენ მსგავსი მახინჯი კანონების მიღებას. ისეთი კანონებისას, რომლებიც სწორედ რუსეთში არსებობს.

_ მხოლოდ დასავლეთის იმედზე ვართ და ჩვენ, საზოგადოებას, არაფერი შეგვიძლია, რომ რაღაცა შევცვალოთ და რაღაცას წინ აღვუდგეთ?

_ არა, ეს ასე არააა. შეგვიძლია და შევცვლით აუცილებლად. იმიტომ, რომ როდესაც დასავლეთმა ასე მოგვაქცია ყურადღება, ესეც ჩვენი და საზოგადოების დამსახურებაა. აქამდე რაც ხდებოდა, გარკვეულწილად ჩვენი ინერტულობის ბრალიც იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ყველაფერს ხალხი გააკეთებს. პირველ რიგში, ხალხზეა ბევრი რამე დამოკიდებული.

_ როცა ვსაუბრობთ იმ პლატფორმაზე, სადაც ძირითადი ბირთვი სწორედ იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები. თქვენ არ გიჩენთ მათი იქ ყოფნა კითხვებს?

_ მიჩენს, რა თქმა უნდა, კითხვებს მიჩენს და რაც ყველაზე მთავარია, ის არის, რომ რაც კეთდება კახა ბექაურის ხელით, წარმოუდგენელია, რომ ამის მიმართ არ იყო სკეპტიკურად განწყობილი და ბევრი კითხვის ნიშანი არ გიჩნდებოდეს.

მიწვეული ადამიანების დასახელება კითხვის ნიშნებს მიჩენს და იცით რატომ? ჯერჯერობით ”ქართული ოცნების” კრიტიკულად განწყობილი ერთი ადამიანიც კი არ ჰყავთ, წამლად რომ გინდოდეს, ასეთს ვერ იპოვი.

ეს ვებ-პორტალი იქნება ტენდენციური, მაგრამ ვნახოთ, რამდენად იქნება ასე. საერთოდ, ვერ მივხვდი, რა ტიპის მასალა უნდა დაბეჭდონ, რა ტიპის მასალა უნდა გააკეთონ. იმიტომ, რომ რაც ვებ-გვერდზე შევიხედე და უკვე არსებული მასალების საფუძველზე რომ ვიმსჯელო, ცოტა სუმბურულია და გაუგებარია, რა უნდა ამ ვებ-პორტალს და რა მიზნები აქვს. ერთი სტატია, რომელიც წავიკითხე, უკვე ძალიან არაკვალიფიციურია. დანარჩენი  სტატიებიც ძალიან ზედაპირულია. არ ვიცი, ვნახოთ, რას იზამენ მომავალში.

_ ეს ყოველივე არჩევნების კონტექსტშიც ხომ არ უნდა გავიგოთ?

_ რა თქმა უნდა, არჩევნების კონტექსტიც არის და ”ქართული ოცნების” მცდელობაც, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. შეიძლება ესეც ერთ-ერთი წვეთია ზღვაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ. არ მიფიქრია, რომ ამან შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმგვარად, რაც დაეხმარება ”ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში.

_ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ტელეკომპანიების დავალიანებების საკითხმაც. როდესაც გვიცხადებენ ამას და მოუწოდებენ ტელევიზიებს ვალების გადახდისკენ, მაგრამ არაფერი ისმის „იმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების დავალიანებებზე, რისკს ხომ არ აჩენს, რომ რამდენიმე ტელევიზია წინასაარჩევნოდ შეზღუდონ?

_ ამ საკითხში, რაც ეხება ბიუჯეტის დავალიანებების საკითხებსა და გადასახადებს, მე ნამდვილად არ ვარ ბოლომდე კომპეტენტური, მაგრამ რამდენადაც ვუსმენ ჩემს კოლეგებს, რომლებიც სხვადასხვა ტელეკომპანიებს წარმოადგენენ, ისინი საუბრობენ არათანაბარ რეჟიმზე სხვა ტელევიზიებთან შედარებით.

როდესაც შერჩევითი სამართალია, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს მაინც, თუ არა პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ შენიანები შეიძლება დაინდო, ხოლო იმათ, ვინც დისკომფორტს გიქმნის, მოსთხოვო რაღაცა გადასახადი.

ამიტომ ცხადია, რომ ესეც შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალებაა.