„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა

„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართაპოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა და პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ევროპა – თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია. ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა.

გიორგი გახარიას თქმით, ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი და ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა – მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და  ღირსეული ნაწილი.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს – ჩვენში „ლეკვი ლომისა“ მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად“.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდან 3700-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ რეგისტრირებული რიცხვია და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებას ბევრად მეტი მოქალაქე შეუერთდებოდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. კოლონები ქუთაისიდან გამთენიისას დაიძრა.

ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემზავრნენ. მათი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მანველიძის განცხადებით, აჭარიდან ღონისძიებაზე დაახლოებით 10 ათასი კაცი გაემგზავრა.

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება სტრასბურის ქუჩებში ქართული ანბანით მოხატული ტრამვაის გამოჩენა.

იმედინიუსი