საარჩევნო მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დაარეგისტრირებს და ნინო ლომჯარიას გაუგზავნის

საარჩევნო მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დაარეგისტრირებს და ნინო ლომჯარიას გაუგზავნის„გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შევიმუშავეთ საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელსაც დღეს სახალხო დამცველს გადავუგზავნით, ხვალამდე კი კანონპროექტს, შესაბამისი პროცედურის დაცვით, პარლამენტში დავარეგისტრირებთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დღეს გადაიგზავნება სახალხო დამცველთან, რათა მან ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუკი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკეული კითხვები ან მოსაზრებები ექნება, მზად არიან გაითვალისწინონ.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები, გარდა იმისა, რომ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, პარალელურად, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან.

სწორედ ამიტომ „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შევიმუშავეთ „ქართული მოდიფიკაცია“ საარჩევნო სისტემის, რომელიც ჩვენი აზრით და არა მარტო ჩვენი აზრით, კონსტიტუციონალისტების აზრითაც, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრითაც, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოთხოვნებს დღევანდელ დღეს, მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვილია ეს კონსტიტუციაში.

სამწუხაროდ, ამ ჩიხში შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ, რომელმაც ყველა მოგვატყუა. დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის დარჩენილი და ამიტომ მოგვიწია სრულიად ახალი მოდელის შემუშავება. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია. დღეს ჩვენ ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართვათ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ უეთო/ოდირის მხრიდან, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ ეს შენიშვნები ანუ თუ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები იქნება, ესეც გავითვალისწინოთ მაქსიმალურად“, – განაცხადა ვაშაძემ.