სოსო ცინცაძე – “2020-ის არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას ვაშინგტონი იტყვის”

სოსო ცინცაძე - “2020-ის არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას ვაშინგტონი იტყვის”cinნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობა გამართა. “ლელო საქართველოსთვის”-ს შეუერთდნენ დავით უსუფაშვილი და ახალი მემარჯვენეები. რას იტყვით ამ ერთობაზე, რა შანსები აქვთ მათ არჩევნებში?
– ოპოზიციურ ფლანგზე ამ ახალ პარტიას ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი აქვს. ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ დღეს მისი მთავარი რესურსი მხოლოდ ფინანსურია. იდეური მომხრეები, გულწრფელი ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” დღითიდღე შორდება.
ხაზარაძემ სწორი გეზი აიღო, რადგან პარტია მთლიანად ახალგაზრდა ინტელექტუალებს ეფუძნება და ეს ყველაზე მთავარი მგონია. ახალგაზრდული შემართება, ახალგაზრდული თავგანწირვა, ახალგაზრდული იდეალები, ინტელექტი არის ის, რაც გვჭირდება.
პოლიტიკურ გამოცდილებას უსუფაშვილს ვერავინ დაუწუნებს. თუმცა, ახალგაზრდებმაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.
თეორიულად “ოცნებას” ნამდვილად უფრო მეტი უკმაყოფილო ჰყავს, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ არჩევნებში მოგება-წაგებას კიდევ ბევრი სხვა რამ განსაზღვრავს.
– ამ ორპარტიულ დაპირისპირებაში, – მე თუ არ ამირჩევ, ნაციონალები დაბრუნდებიან, რა წვლილს შეიტანს “ლელო”? შეძლებს ამის დაშლას?
– ორპარტიული დაპირისპირების მთავარი ლაიტმოტივი იყო ნაციონალები არ დაბრუნდნენ! უკვე ვეღარ იტყვის, მიშა მოდის! მიშა მოდის! ამ დაპირისპირებაში თავისი წვლილი “ლელომ” უნდა შეიტანოს, ეს უნდა შეძლოს. თუმცა, შეუძლებელია, მსოფლიო დანაშაულებს ამ პარტიას მიაწერდე, მასში ამხელდე და ის მოკავშირედ გეგულებოდეს.
რასაკვირველია “ოცნებისთვის” ნაციონალური მოძრაობა ძალიან სასიამოვნო სპარინგ პარტნიორია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალები მუდამ მეორე ადგილს დასჯერდებიან და არ მოინდომებენ პირველ ადგილს, ეს არ უნდა დაავიწყდეს “ოცნებას”. თუ “ქართული ოცნება” ცხოვრების დონეს გააუმჯობესებდა, ლარის კურსი არ იქნებოდა ასეთი, თუ ადამიანები ლუკმა-პურს საკუთარი ხელფასით იყიდდნენ, “ოცნება” ელექტორატს კი არ დაკარგავდა, პირიქით, მოემატებოდა, მაგრამ ამ პირობებში ძალიან გაუჭირდება.
ხელისუფლება კი შეეგუა ლარის კურსს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა შეეგუა.
– “ქართული ოცნების” მთავარი კოზირი რა არის დღეს?
– ძალიან რთული სათქმელია. დღეს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ხელისუფლების მოკავშირედ. ეს ძალიან ცუდია თავად “ქართული ოცნებისთვის”. მეტიც, მძიმეწონოსანი პოლიტიკოსებიც აღარ არიან.
შეიძლება ვიღაც შემომედავოს და მითხრას, რომ ვოლსკი არის გამოცდილი პოლიტიკოსი! დიახ, მე ვადასტურებ, რომ ვოლსკი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ ვოლსკი დღეს სიტუაციის მძევალია. შეიძლება მან გუნდს ურჩიოს, მაგალითად, რომ პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების განთავისუფლება, მაგრამ ამას ოხანაშვილი და კობახიძე გაუგებენ?! ამიტომ, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რა ნაბიჯებს გადადგამს ამ მოცემულობაში ხელისუფლება.
ჩვენ არც ის ვიცით, “ოცნებას” თავის არსენალში რა იარაღი აქვს თუნდაც საარჩევნოდ. ჩვენ გველოდება არჩევნები, რომლის შედეგიც დამარცხებულისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს!
ცივილიზებულ ქვეყნებში, გამოცდილ დემოკრატიებში არჩევნებში წაგება ტრაგედია არ არის, წაგებული შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება გაორმაგებული ძალებით. ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთს ცვლიან ყოველგვარი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გარეშე.
ამ არჩევნებზეც, როგორც სხვა გადამწყვეტ არჩევნებზე, გადამწყვეტ სიტყვას მაინც ვაშინგტონი იტყვის. დასავლეთიდან უკვე არის ღია გზავნილები. გზავნილები როგორც ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ისე დასავლური პრესის მხრიდან.
“უოლ სტრიტ ჯორნელის” სარედაქციო სტატია, ჩემი გამოცდილებით, უკვე არის სერიოზული სიგნალი. უკვე დასავლეთი ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება: შეპირდი, შეასრულე!
რასაკვირველია, საუბარია პროპორციული არჩევნების დანაპირების შესრულებაზე.