სუსმა დააკავა ლაშა ქ., რომელმაც თურქეთის მოქალაქეს მიწის იჯარით გასაცემად 1.000 ლარი გამოართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1.000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.