უსუფაშვილი – “ნიკა მელია დეპუტატი ვეღარ იქნება”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი „ყველა შემთხვევაში“ უნდა განიხილოს.

როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ის დეპუტატი ვეღარ იქნება.

“კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაშინ შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრობა. სასჯელს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს 8-წლიანი პატიმრობა, შეიძლება იყოს ჯარიმა, მაგრამ თუ დამნაშავედაა ცნობილი პარლამენტის მოქმედი წევრი, მაშინ პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

იპნ

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი