ალეკო ელისაშვილი – “კალაძის გარემოცვას იჭერენ, ამიტომ ის ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრობს”

ალეკო ელისაშვილი - “კალაძის გარემოცვას იჭერენ, ამიტომ ის ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრობს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კახი კალაძეს ძალიან მალე სერიოზული პრობლემები შეექმნება. მის უახლოეს გარემოცვას ძალოვან უწყებებში დაარბენინებენ და მალე დაკავებებიც დაიწყება. ამის შესახებ “ახალი თაობა” ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.
– ალეკო, ენდიაის გამოკითხულები უმრავლესობის ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახი კალაძის საქმიანობას აფასებენ. ამ ფონზე კი თქვენ სრულიად სხვა ინფორმაციებს ავრცელებთ და მისი გარემოცვის დაჭერებს აანონსებთ. რა ინფორმაციებს ფლობთ?
– თუ დააკვირდებით, თვეზე მეტია, კალაძის გარემოცვის ხალხს დაარბენინებენ სუსში და ანტიკორუფციულში. ასევე “არქი ჯგუფთან” დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს გაშმაგებით. ისიც ვიცით, რომ “არქი ჯგუფის” ხელმძღვანელი, დეპუტატი წულაია და კახი კალაძე ბიზნეს პარტნიორები და ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი კორუფციულ სქემაში არიან გახვეული.
– ანუ თავად კალაძეა ჩაფლული კორუფციაში, ამის თქმა გინდათ?
– რა თქმა უნდა! ვინც ოდნავ მაინც არის საქმეში ჩახედული, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კალაძე და “არქი ჯგუფი” არიან ბიზნეს პარტნიორები და კალაძე ამ კომპანიას კაპიკებში აძლევს ბიზნესპროექტებს, რომ იტყვიან, პირდაპირ საჩუქრად.
– ორიოდე დღის წინ, კალაძემ მკაცრი მითითებები გასცა, კორუფციას შეეშვითო, ანუ აქვს ინფორმაცია, რომ ცუდად არის საქმე?
– რა თქმა უნდა. ეს იყო პრევენციული განცხადება, რომ თუ დაიჭერენ მისი გარემოცვის წევრებს, იტყვის, მე ხომ გაფრთხილებდითო. მე მაქვს ეს ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მასაც აქვს, რომ ივანიშვილი აპირებს მისი უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავებას უახლოეს პერიოდში.
აი, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. მან პრევენციულად თქვა, რომ, აი, თითქოს ის ემიჯნება წინასწარვე კორუფციულ ამბებს. თუმცა რაც უნდა პრევენციები ახდინოს კალაძემ, იმ დაჭერების მიზანი იქნება ის, რომ დაჭერილმა თანამდებობის პირებმა კალაძეც დაასმინონ.
– შეიძლება ითქვას, რომ კალაძის საქმე ცუდად არის?
– ასეა, კალაძის საქმე აშკარად ცუდად არის.
– იტალიაში წარმოებულ შესყიდვებშიც კორუფციული სქემა იკვეთება?
– ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. აბა შეხედეთ, კალაძე რაც მოვიდა, მას შემდეგ თბილისის მერია ყველაფერს ყიდულობს იტალიაში. აბსოლუტურად ყველაფერს! საახალწლო განათებებს, თუ ჩვეულებრივ განათებებს, ნაძვის ხეებს, სკამებს, ქუჩის ავეჯს, ნაგვის ყუთებს, აბსოლუტურად ყველაფერს ყიდულობს იტალიაში. ამას კორუფცია ქვია, აბა რა ქვია?!
აქამდე რატომ არ იყვნენ იტალიური კომპანიებით და იქ შესყიდვებით დაინტერესებული?! არ არიან ჩართულები ტენდერებში, ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირი შესყიდვებია და ეს პირდაპირი შესყიდვები უზარმაზარ რისკებს შეიცავს კორუფციისას.
იქ ვიღაცეებთან არის გარიგებული და მიდის “ატკატები” და ათასი მამაძაღლობა, ეს ორჯერ ორი ოთხია. დიდი ანტიკორუფციული და ოპერატიული საქმიანობაც კი არ სჭირდება ამის გამოძიებას, იმდენად ხელისგულზეა ყველაფერი. მეორე საკითხია “არქი ჯგუფის” საქმიანობა.
– “არქი ჯგუფის” ხელმძღვანელობა კალაძის უახლოეს გარემოცვაში შედის?
– ილია წულაია არის დიდუბის დეპუტატი, ილია წულაია არის სამტრედიელი, სამტრედიელია კალაძეც და ბავშვობის მეგობრები არიან ისინი. მანამდეც, კალაძის მერობამდეც, ბიზნეს პარტნიორები იყვნენ ისინი, ნუცუბიძეზე ერთად ააშენეს კორპუსი, მანამდეც რაღაც რესტორანი ჰქონდათ. ისედაც ბიზნეს პარტნიორები იყვნენ და, რაც თბილისის მერი გახდა, საერთოდ გაჯეჯილდა, “არქი ჯგუფი” მთავარი დეველოპერული კომპანია გახდა. რისი წყალობით? იმის წყალობით, რომ ნებართვებს აძლევს ლიწინ-ლიწინით და კაპიკებში.
– ბევრ კორუფციულ სქემას ამოუქექავენ კალაძეს?
– ამოუქექავენ, აბა რას იზამენ. სუსში გაშმაგებით მიდის უკვე ეს პროცესები ბოლო დღეებია.
– არ არის გამორიცხული, კალაძე მალე ოპოზიციაშიც ვიხილოთო და ამას თავის გადარჩენის მიზნით გააკეთებს? რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და ვეღარ შეეხონ, თუ რა აქვს გამიზნული?
– მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძემ რამდენიმე ოპოზიციურ ლიდერს შეუთვალა, რომ თუ თავს დაანებებენ მას, ის დაეხმარება მათ ივანიშვილის ჩამოგდებაში.
– ვინ არიან ეს ოპოზიციონერი ლიდერები?
– გვარებს ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც იცით, ვინც არიან ლიდერები. სადაც მე ვიცი ეს ინფორმაცია, ცხადია, ივანიშვილმა ჩემზე ადრე იცოდა, იმიტომ, რომ ივანიშვილი ყველაზე მეტს ისევ საკუთარ ხალხს უსმენს. მით უმეტეს, ისეთ არასანდო პიროვნებას, როგორიც კახი კალაძეა.
კალაძე ისეთია, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გაწირავს ყველას და ყველაფერს. მით უმეტეს, ახლა ხედავს, რომ გემი იძირება, ივანიშვილის საქმე ცუდად არის წასული და ახლა კალაძე ცდილობს თავის გადარჩენას. ივანიშვილიც უყურებს, უსმენს, უთვალთვალებს და ასე იოლად არ გამოუვა ეს კალაძეს.
– რამდენად მოახერხებს კალაძე, რომ ჰოპ და უცებ ოპოზიციონერი გახდეს?
– არ ვიცი ახლა, ეს რამდენად გამოუვა. ისეთ კორუფციაშია ჩართული, რომ რამ უნდა უშველოს, არ ვიცი.
– შეიძლება, რომ დაიჭირონ?
– ივანიშვილის ხელში არავინ არაფერს გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში, გაანეიტრალებენ მაინც. ჩვენ ვხედავთ, კვირიკაშვილი როგორ არის განეიტრალებული, ხოლო მისი გარემოცვის წევრებს, ქუმსიშვილს და ალავიძეს, დაარბენინებენ პროკურატურაში. როგორც კი რამეზე ხმას ამოიღებს ხოლმე კვირიკაშვილი, იმწამსვე აქტიურდება იმ ძველ საქმეებზე პროკურატურა.
– მერობის ვადას არ ამოაწურინებენ?
– არ ვიცი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეირყევა თვითონ ივანიშვილი და ივანიშვილი კარგად ირყევა უკვე. არ მინდა ზედმეტი ნაცარქექიობა, მე მინდა ვილაპარაკო ფაქტებით. რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ ამ მოცემულობით ვიცი, რომ კალაძის გარემოცვის წევრებს იჭერენ. ისიც ვიცი, რომ კალაძე ფიქრობს ოპოზიციაში გადასვლას, რომ ამით თავი დაიცვას. ხოლო რა და როგორ იქნება, დაველოდოთ.
– ივანიშვილის სავარძელი ირყევაო და რა პროცესებს ელოდებით?
– მე ვარ დარწმუნებული, რომ ოქტომბერში იქნება თუ ვადაზე ადრე იქნება, წელს დასრულდება ყველაფერი. “ქართული ოცნებისთვის” ეს არის ბოლო წელი! ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.
ჯანჯღარი გველის, რამდენად დიდი და რამდენად პატარა, ეს არის გასარკვევი, თორემ ეს ხელისუფლება რომ უნდა წავიდეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.