ალეკო ელისაშვილი – “თეა წულუკიანი მავნებელ ორღობის დედაკაცად ჩამოყალიბდა”

ალეკო ელისაშვილი - “თეა წულუკიანი მავნებელ ორღობის დედაკაცად ჩამოყალიბდა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს.
– ალეკო, ყოველდღე კრიტიკული წერილი წერილზე მოდის ამერიკელი კონგრესმენებისგან. რატომღაც “ოცნება” ამ ყველაფერს არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ძალიან აგდებული პასუხებია მისი მხრიდან. რამდენად მწვავედ დგას დღეს ეს საკითხი და რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხელისუფლება?
– კონგრესმენების შენიშვნებს, მითითებებს აბუჩად იგდებ, დასცინი კიდეც, მე მგონი, შეცდომაში არიან შესულები და ვერ ხვდებიან, რა ხდება. ასეთი რაღაცეები ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე ყველასთვის.
პირდაპირი პარალელი არ არის, მაგრამ ორი კვირის წინ ვუყურებდი, ირანელი გენერალი რომ იყო, ქასემ სოლეიმანი, რომ აზანზარებდა მთელ აღმოსავლეთს. აი იმ კაცის ჩანაწერი მომასმენინეს, როგორ გამოდის სიკვდილამდე ორი დღით ადრე და ყომარბაზს ეძახის ტრამპს. შულერიაო. რანაირი შულერია ტრამპი და როგორ დაამთავრა სოლეიმანმა, ყველამ ვნახეთ.
– ამ პარალელს რატომ ავლებთ?
– არ შეიძლება ასე აგდებულად ლაპარაკი. ჯერ ერთი, საკუთარ ხალხს არ უნდა ელაპარაკებოდე აგდებულად, იმას არ უნდა სჩადიოდე, რასაც სჩადიხარ. მითუმეტეს, კონგრესმენებს არ უნდა ელაპარაკო ასე და არ უნდა იძახო, ეს ერთი კონგრესმენის აზრია და მეორეს აზრი არაა. წერილები დაახვავეს, დღეში რამდენიმე კონგრესმენი წერს ასე.
სოლეიმანს კეფაში დაუმიზნეს რაკეტა და ბიძინა ივანიშვილს იმ რაკეტას დაუმიზნებენ, რისიც ყველაზე მეტად ეშინია.
– ანუ?
– გაუყინავენ ანგარიშებს და იყოს მერე ისე. საშუალო სტატისტიკურ ქართველზე უფრო ღარიბი იქნება, წავიდეს და სესხები აიღოს ბანკში და ნახოს მერე, ნორმალური ქართველები როგორ ცხოვრობენ.
– სანქციებს დაუწესებენ?
– პირდაპირ თქვეს. რამდენჯერ გაიჟღერა უკვე, რომ ჩვენ უკვე ვფიქრობთ და სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ სანქციების დაწესებაზე.
სანქციების დაწესებას ცოტა აგდებულად შეიძლება რუსეთი შეხვდეს, ამხელა ქვეყანაა. ჩვენ ერთი დაცემინება საქართველო ვართ და ერთადერთი მდიდარი ტიპია ივანიშვილი. გადაუკეტავენ თავის ფინანსურ ანგარიშებს და უყაროს მერე კაკალი ყველას.
თან რას გვეუბნებიან, რამე სისულელეს ხომ არ მოითხოვენ ჩვენგან?! ეუბნებიან ბიძინას, რომ შენს ხალხს პირობა რომ მიეცი პროპორციულ არჩევნებზე, ის პირობა შეასრულეო. თავს ნუ იგდებ ამ მოლაპარაკებებზეო.
აქ იგულისხმება, წულუკიანი და სხვებიც როგორც გველაპარაკებიან, რომ თუ არ დათანხმდებით, რაც გითხარით, გამოიგლოვეთ თქვენი პროპორციული და ასე შემდეგ. ასე აგდებულად ლაპარაკი არ შეიძლება.
– პირდაპირ თქვა ერთმა სენატორმა, საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჰყავს და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებსო.
– კი ბატონო, მეტი რა გვითხრან, მაინცდამაინც რაკეტა უნდა მოხვდეს რომელიმეს კეფაში?! ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არც გვინდა არავის. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ნუ გაიჩალიჩებენ სანქციებს, რადგან ეს სანქციები მათთვის იქნება ძალიან მტკივნეული.
– ალეკო, აცნობიერებს ივანიშვილი, რეალურად რა საფრთხეებზეა საუბარი. იქნებ არ ეუბნება გარემოცვა სიმართლეს?
– 21-ე საუკუნეა, ჭურში ხომ არ ცხოვრობს?! ინტერნეტია, ტელეფონი და ყველაფერზე ხელი მიგიწვდება, რა იყო, გამოკეტილი ხომ არ ჰყავს ლაშა ნაცვლიშვილს და გოგა ხაინდრავას სადმე სარდაფში?!
– ჩვენთან ხომ ასე მონათლეს ეს კრიტიკა, რომ ეს არის ფეისნიუკებზე აგებული წერილები, იქნებ ივანიშვილსაც ეს დააჯერეს?
– სხვათა შორის, იმ ფეიკნიუსებზეც მაგრად მოხვდათ ცხვირში. კონგრესმენებიც ამბობენ, რა უბედურებაა, რომ პრორუსულ და ანტიდასავლურ გვერდებს მართავდა “ქართული ოცნებაო”. ამით საერთოდ მოიჭრეს იმათ თვალში თავი. იმიტომ, რომ ასეთი რამ მათთვის გამაოგნებელი და წარმოუდგენელია.
აზრზე უნდა მოვიდნენ. ეს არის გაფრთხილება. ხომ ვხედავთ, რომ უკვე დიპლომატიური ენით აღარ ელაპარაკებიან. ძალიან პირდაპირ ელაპარაკებიან. ასეთი ლაპარაკის შემდეგ არის ხოლმე სანქციები.
– ტონი საკმაოდ მკაცრია, რაც უჩვეულოა ნამდვილად, რადგან მათი ტონი ყოველთვის დიპლომატიურ ჩარჩოებში ჯდებოდა.
– დიახ, ასეა. არანაირი ფრთხილი მინიშნებები აღარ არის, პირდაპირ ეუბნებიან, სანქციებს დაგიწესებთ, კორუმპირებული მთავრობა ხართ და ქართველი ხალხი სხვას იმსახურებსო. ეს უკვე ბოლო ეტაპია.
– რა იქნება ამის შემდეგ?
– ამის შემდეგ იწყება სანქციები! განა რას ითხოვენ, ითხოვენ იმას, ნორმალურად დაელაპარაკეთ საკუთარ მოსახლეობას და ხელი შეუწყვეთ დემოკრატიასო. რას ვუყურებთ ამის მაგივრად?! იზორია გატრუნულია თავის გარეწარი ძმის გამო და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ფსიქიურად დაავადებულიაო და ვითომც არაფერი, პასუხს არავის არ აგებინებენ.
– სკანდალებით დატვირთული იყო გასული კვირა. იქით იზორია, აქეთ წულუკიანი…
– ასეა. თეა წულუკიანი პირდაპირ სისხლის დანაშაულის ჩადენაზე მიდის. ასაჯაროებს სახალხო დამცველის ვიზიტს. აგერ ხაბეიშვილი ათმა კაცმა გაიგდო წიხლქვეშ, გატყეპა და კაციშვილს პასუხი არ მოსთხოვეს, მაშინ როდესაც სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ოხანაშვილს რომ მიაყენა, ციხეში ჩასვეს ლელოს წარმომადგენელი. ამ ნაძირლებმა კი, ამდენმა კაცმა, გაიფინეს, წიხლით სცემეს ხაბეიშვილს და ვითომც არაფერი, პასუხსაც კი არ თხოვენ.
ასე თუ გააგრძელებენ, მიიღებენ ისეთ სანქციებს, რომ ძალიან მალე დამთავრდება მაგათი ამბავი!
– წულუკიანი-ლომჯარიას სკანდალზე რას იტყვით, რა ხდება? რატომ გაუსაჯაროეს ეს კონფიდენციალური ინფორმაცია?
– ჩემდა სამწუხაროდ, იყო დრო, როცა წულუკიანს ვაქებდი და ვადიდებდი. თავზეხელაღებული ვუჭერდი მხარს, მაშინ ნაძალადევში იყრიდა ის კენჭს, 2012 წლის ოქტომბერში. რაც ძალი და ღონე მქონდა, მისი მხარდამჭერი ვიყავი.
ასე ჩვენ თვალწინ, ეს ადამიანი ასე მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირდა აბსოლუტურად. რაღაც მავნებელ ორღობის დედაკაცად ჩამოყალიბდა ერთ დროს სახელიანი იურისტი.
თუ ასე გააგრძელებს, ციხით დაამთავრებს წულუკიანი! სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სახალხო დამცველის მიმართ აკეთებს, სისხლის სამართლის დანაშაული! აუცილებლად მოუწევს ამაზე პასუხისგება. რატომ ვერ ხვდებიან, რომ რასაც ისინი სჩადიან, დანაშაულია, რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველა კანონს იცავს, რა, ბევრს ვითხოვთ?!
– იზორიების სკანდალზე რას ფიქრობთ? მაქსიმალურად შეეცადნენ გადაეფარათ ეს თემა.
– ვერ მიჩქმალავენ და ვერ გადაფარავენ, ამ თემას გაგრძელება აუცილებლად ექნება, სანამ ყველა არ აგებს პასუხს, იზორიას თამადობით, იმ საზიზღრობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ.
ამ ადამიანმა პოლიციელს აგინა, აფურთხა, არაფხიზელ მდგომარეობაში, დიდი ალბათობით, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო, მანქანის საჭესთან იჯდა, ამის შემდეგ ბოდიშებით ათავისუფლებენ და იმ პოლიციელზეა ზეწოლა და მერე საერთოდ გააგდეს ის პოლიციელი სამსახურიდან.
ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი და იზორიამ უნდა აგოს პირველ რიგში! ამის შემდეგ რა გააკეთეს?! “ნარუშილოვკა” მისცეს.
– ანუ?
– ანუ ნებისმიერ დარღვევაზე ხელი აქვს ბიჭს გაშლილი. ეს ასე მარტივად არ დამთავრდება და ასე მარტივად არ ჩაივლის. ეს ნაძირლები! როგორ შეიძლება პოლიციის ოფიცერს ასე მოექცე, რომ თავზე დაასვა ვიღაცა ნაძირალა! თუ ფსიქიურად დაავადებული იყო, როგორც დღეს მისი ოჯახის წევრები ამბობენ და ეს უსინდისო სოფო კილაძე რომ ამბობს, მაშინ “ნარუშილოვკა” რატომ მისცეს?! ან მართვის უფლება რატომ ჰქონდა ამ წლების განმავლობაში, რატომ გადაადგილდებოდა? რომელი ოპერატიული მუშაკი ეგა მყავს. ნარკომანს, ნაძირალას, აძლევ ყველაფრის უფლებას!
ასე რომ, ყველას მოუწევს პასუხისგება, სოფო კილაძესაც მოუწევს ახსნა-განმარტებები და იმ დამალულ, ჩასუქებულ ბურვაკს რომ დაემსგავსა, იმ ლევან იზორიასაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება მაგაზე!
– ალეკო, გამოდის, რომ საკმაოდ მძიმე გაზაფხული ელის ხელისუფლებას.
– ძალიან სერიოზული გაზაფხული ელის! ახლა 4 თებერვლიდან აქციები განახლდება, პროტესტი განახლდება.
– შემოღობეს პარლამენტი, ფიქრობენ, რომ ამით შეაკავებენ ხალხის პროტესტს?
– ჰო, მაგრები არიან ძალიან. კალაძეს, ეტყობა, ყანაში მუშაობა მოენატრა, ცხენისწყლის პირას რომ დარბოდა თოხით ხელში და ყანის გაშენება მოინდომა პირდაპირ პარლამენტის წინ!
დათანხმდნენ პროპორციულს, თორემ გაცილებით უფრო დიდ მძვინვარებას მიიღებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან!