აშშ-მ ბაღდადში ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლა

აშშ-მ ბაღდადში ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლაბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.

3 რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.

შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა.

სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სოლეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, – ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.

„აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სოლეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.

აშშ-მ ირანელი გენერალ-მაიორის, „ქუდსის ძალების“ მეთაურის ესკორტზე ბაღდადის აეროპორტში საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია ქასემ სოლეიმანი, – ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა.

„დარტმის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმის გეგმების ჩაშლა იყო ,“- ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

62 წლის სოლეიმანი „ქუდსის ძალების“ მეთაური 1998 წელს გახდა. მას ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობისა და ერაყში შიიტური დაჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.