ბაჩუკი ქარდავა – “გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” არჩევნებს ყველა სისტემით მოვუგებთ”

ბაჩუკი ქარდავა - "გაკოტრებულ "ქართულ ოცნებას" არჩევნებს ყველა სისტემით მოვუგებთ"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბაჩუკი, როგორც შეაფასებთ 2019 წელს, როგორი წელი იყო ერთი მხრივ ოპოზიციისთვის და მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის?
– გნებავთ, მწარე ხუმრობად ჩამითვალეთ, გნებავთ, ირონიად, ეს წელი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ტყუილების, გადაგდებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუარესების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების, ხალხის გაღარიბების წელი იყო.
წლის მეორე ნახევარი ხელისუფლებისთვის გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ხელისუფლებამ, რომელიც კორუფციისა და სხვა ტიპის დანაშაულებებში იყო ჩაფლული, უკვე 20 ივნისის დანაშაული ჩაიდინა. ასევე, აშკარად გამოიკვეთა პრორუსული ორიენტაცია, რომელიც აქამდე ასე თუ ისე ინიღბებოდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საკუთარი თავი გასცა, სწორედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ივანიშვილი მზად არის, ყველა გზით და ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს აშკარად გამოჩნდა სწორედ წლის მეორე ნახევარში.
დემოკრატიის, კანონის უზენაესობის სრული უგულვებელყოფა, კორუფციის მაღალი დონე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანების გაუსაძლისი ყოფა – აი, ეს ყველაფერი ქმნის იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მოხდეს რადიკალური ცვლილებები და შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა.
– ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება არსებული მოდელით შეეცდება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას თუ ამას ოპოზიცია არ დაუშვებს?
– ოპოზიცია ამას არ დაუშვებს! ამის პირობას ახლავე ვაძლევ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან დადებული პირობა უნდა შეასრულოს.
ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს ისეთ წინააღმდეგობრივ ფრონტს არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ ქართველი ხალხისგან, რომ მას გაუჭირდება, ხალხს წინააღმდეგობა გაუწიოს. ნამდვილად არ ეყოფა, ვერაფერს გახდება ბიძინა ივანიშვილი რობოკოპებითა და წყლის ჭავლით, ხალხის აღშფოთებას ამით ვერ ჩაახშობს. როდესაც ხალხს სხვა გზა აღარ ექნება, ივანიშვილი ამ ხალხს ქუჩაში მიიღებს. ამიტომ, საჭიროა, დროზე მოეგოს გონს.
– პროპორციულ არჩევნებზე საუბრობთ, როგორც დაპირება იყო?
– დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. უნდა მოხდეს საარჩევნოს სისტემის რეალური ცვლილება, როგორც ეს მან უთხრა ხალხს და ამით არსებული ფონი ცოტათი დამშვიდდება.
პროპორციული არჩევნები არ არის არავის ახირება. ეს არის ხალხის ნება, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება. დიახ, დღეს ხალხის ნებაა ხელისუფლების ცვლილება. თუმცა, აქვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი შერეული სისტემითაც გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” ჩვენ არჩევნებს მოვუგებთ. მაჟორიტარებითაც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ აქვს.
– მაინც რატომ წაიღო თავისი სიტყვები უკან? ფიქრობთ, შიდა კვლევებმა მას სხვა სურათი უჩვენა?
– რა თქმა უნდა! ბიძინა ივანიშვილი უჯინიანდება პროპორციულ სისტემას იმიტომ, რომ იცის, რომ ამ სისტემით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ, “გადააგდო” ხალხი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის მზად არის, ყველაფრის ფასად, საერთაშორისო რეპუტაციის ფასად, იმის ფასად, რომ გამოაშკარავდა მისი ჩანაფიქრი, ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს არ გაუვა. მას მოუწევს, შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და პროპორციულზე გადავიდეს. ამას ის აუცილებლად გააკეთებს.
– როგორ, რომ არ აპირებენ?
– არც მოლაპარაკების მაგიდასთან აპირებდნენ დასხდომას. ხომ გახსოვთ, როგორ გვითხრეს, თემა დახურულია, არჩევნებისთვის მოემზადეთო, მაგრამ დასხდნენ.
ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს. ყველა ტიპის კრიზისი სახეზეა, ხალხი ცვლილებებს ითხოვს. ამიტომ, მაინც მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ლეგიტიმაციისგან სრულად დაცლილ, ფაქტიურად გარდაცვლილ ხელისუფლებას. აზრს დაკარგავს ლეგიტიმაციის არ მქონე ხელისუფლება. ძალუფლების უზურპაცია კი არ მგონია, ივანიშვილისთვის გამოსავალი იყოს შექმნილი ვითარებიდან.
– ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავთ, თუ გაზაფხულზე პოლიტიკური ვითარება დაიძაბება?
– ძალიან გაჭირდება ვადამდელ არჩევნებზე საუბარი სამართლებრივად, კონსტიტუციურად, რადგან ოქტომბერში ისედაც გვიწევს არჩევნები. თუმცა, არც არაფერს გამოვრიცხავ ივანიშვილის მმართველობის პირობებში.
პოსტსაახალწლოდ არ მგონია, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გაბედოს. თუმცა, ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების თვალსაზრისით, ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.