ბექა დავითულიანი _ ”ჩემს ძაღლს უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ლევან ხაბეიშვილს”

გთავაზობთ, ლევან ხაბეიშვილს სრული იგნორირება გავუკეთოთ, იაროს და იყეფოს, რამდენიც უნდა, – ასე მიმართა საკრებულოს დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილს მის კოლეგად არ მიიჩნევს და არც მის სიტყვებს აქვს ფასი.

„ნამდვილად არ არის საკრებულო მუშტი-კრივის და დედის გინების ადგილი. ის არსება, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელიც იყო ინციდენტის მონაწილე, ცოტა ხნის წინ დაჯდა ეთერში და მიმართა უმრავლესობის ყველა წევრს და უწოდა ფარჩაკი, იდიოტი და არაკაცი.

ფიზიკურ დაპირისპირებას და შეურაცხყოფას არავისას არ ვამართლებ და არც ის წარმომიდგენია, აქ რომ იყოს ლევანი და ვაგინო, ეს იყოს ნორმალური. მაგრამ ორი წელია ეს ადამიანი იწვევს, რომ ეს მოხდეს. მე გთავაზობთ, ერთ რამეს – საერთოდ არ მიმაჩნია ის არც ჩემს კოლეგად, არც მიმართვის ღირსად, გავუკეთოთ ინგნორირება, თავში ქვა უხლია, მის სიტყვას ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ მისი ყოველი სიტყვა არის ტყუილი. რაც უნდა ის ულაპარაკია. უნდა ძაღლს უყეფია, არა, ჩემს ძაღლს ბევრად მეტ პატივს ვცემ, გინდა მას ულაპარაკია”, – განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, დასუფთავების თანამშრომლების ხელფასებს განსაზღვრავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის პოლიტიკა და არა საკრებულო.

„იმ ქალბატონებს მივმართავ, რომლებიც ჩვენს ოფისს ასუფთავებენ. ისინი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები არიან და ამ კომპანიის პოლიტიკით განესაზღვრებათ ხელფასები. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვჩნია მათი ხელფასების გაზრდის. აქ არავინაა არაადამიანი, როგორადაც ლევანი წარმოგვაჩენს. ბოდიში, საზოგადოებას ამ ინციდენტის ნახვა რომ მოუწია“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

იპნ