პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს წერილით მიმართავს.
ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოუწოდა, კომპანია „ფრონტერას” საქმიანობა ყურადღებით შეისწავლონ და მოუწოდონ მას, რომ პატივი სცეს საქართველოში მშრომელთა უფლებებს.
კომპანია „ფრონტერას” თანამშრომლების ინფორმაციით, 2019 წლის 17 დეკემბერს აღნიშნული კომპანიიდან 84 ადამიანი ისე გაათავისუფლეს, რომ მათ 11 თვის ანაზღაურება ამ დრომდე არ აუღიათ.
„ყურადღებით ვაკვირდები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასევე კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს. დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით მათ პათოსს ვიზიარებ, სადაც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დანაპირები არ შეასრულა. ვიზიარებ იმასაც, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა გარანტირებული არ არის, თუმცა ეს ყველაფერი ამერიკული კომპანიების საქმიანობისგან გამოწვეული პრობლემებისგან უნდა გავმიჯნოთ. კონკრეტულად, წერილების ნაწილი ისეთ ხასიათს ატარებდა, თითქოს, ისინი მიმართული იყო ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად იმის მიუხედავად, ისინი საქართველოში რა საქმიანობას ეწეოდნენ. ჩემს წერილში, რომელსაც დღეს გავგზავნი, მინდა, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოვუწოდო, ყურადღებით დააკვირდნენ აქ მიმდინარე პროცესებს. მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება თუ სხვა, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველ მშრომელებს, რადგან როცა კომპანია “ფრონტერას” მხარდაჭერაზეა საუბარი, მათ კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა. ასეთი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა ჩრდილს აყენებს იმ პათოსს, რომელსაც მათ მიერ გამოგზავნილი წერილები ატარებდა.
კონგრესმენებს ვთხოვ, რომ როცა დემოკრატიის სახელით ასეთ განცხადებას გააკეთებენ, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს მოუწოდონ, პატივი სცენ საქართველოში ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ ვართ ამაყი ხალხი, ჩვენ არ ვართ კოლონია, სადაც შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული აკეთონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
2020ნიუსი

