ბექა ნაცვლიშვილი – “მიკვირს, ხალხი კომბლებით ხელში რომ არ მოადგა პარლამენტს”

ბექა ნაცვლიშვილი - “მიკვირს, ხალხი კომბლებით ხელში რომ არ მოადგა პარლამენტს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანი წელი იყო 2019 წელი, რას გამოყოფდით?
– არც არაფერს, რადგან არაფერი არ მომხდარა მნიშვნელოვანი პოლიტიკურიი თვალსაზრისით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში არიან. საზოგადოებას, ხალხს რაც რეალურად აწუხებს, იმაზე არავინ საუბრობს, ის არავის სტკივა.
ამ წელს პოლიტიკური კინკლაობა უფრო მაღალ რეგისტრში ავიდა, ვიდრე წინა წლებში და ეს სრულიად მოსალოდნელიც იყო, რადგან არჩევნებია კარს მომდგარი, ეს არის და ეს.
ეს გამოსვლებიც სიმულაციაა იმ პროტესტის, რომელიც რეალურად ადამიანებში არსებობს. პროპორციული არჩევნები კარგია, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ პოლიტიკოსები პოლიტიკურ აზროვნებას არ შეცვლიან და ეს პარტიები არ შეიცვლებიან.
ჩვენ, რეალურად ვიღებთ ოლიგარქების დაპირისპირებას და არა იდეების, შინაარსის დაპირისპირებას, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ქვეყანა ორი წლის შემდეგ, როგორი უნდა იყოს ადამიანები ხვალინდელი დღე ამ სახელმწიფოში და ა.შ.
დღეს პოლიტიკა ვიღაცეებისთვის პირადი ბრძოლაა, პირადი შურისძიებაა და არა იმაზე ფიქრი და ზრუნვა, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ამ თვალსაზრისით არაფერი არ მოხდა. ვართ იგივე რეალობაში, რაშიც აქამდე ვიყავით.
– საარჩევნო სისტემის ცვლილებას ელოდებით თუ ეს უკვე ჩავლილი ამბავია?
– რასაკვირველია, ველოდები და მინდა, რომ შეიცვალოს, მაგრამ საარჩევნო სისტემას აზრი რომ ჰქონდეს, პოლიტიკური პარტიებიც უნდა შეიცვალონ. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რატომ არიან პოლიტიკაში, რა მიზანი ამოძრავებთ მათ, ამის გაცნობიერება თუ არ მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება?!
ახლა ჩვენ ელიტებს შორის გაჩაღებულ ბრძოლას ვუყურებთ, ამ ბრძოლაში კი ადამიანების ადგილი არ არის. ადამიანების, რომლებსაც უჭირთ, სამუშაო ადგილი არ აქვთ, პურის ფული არ აქვთ. ადამიანები, რომელთა საკეთილდღეოდან უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებები, პოლიტიკური პროცესებიდან გათიშულები არიან.
ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცალკე არიან, პოლიტიკა – ცალკე, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. პოლიტიკოსები კი ძალაუფლების გადანაწილებისთვის კინკლაობენ. ელიტებს შორის არის დაპირიპირება. აბა, სხვა რა არის, რასაც ახლა ვუყურებთ მამუკა ხაზარაძეს და “ქართულ ოცნებას” შორის?! ფინანსური ჯგუფები ერთმანეთს ეცილებიან ძალაუფლებაში. არადა, ძალაუფლების წყარო ხომ ხალხია, ეს ხალხი კი ყველას დაავიწყდა.
ოლიგარქია იბრძვის ძალაუფლებისთვის. თუ ეს რეალობა არ დასრულდა, გნებავთ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, გნებავთ მაჟორიტარული და გნებავთ მოქმედი შერეული, აზრი არ ექნება.
– ახალი პოლიტიკა ახალი ადამიანებით – ეს არის თქვენი პოზიცია?
– ახლებიც იგივე გახდებიან, პრობლემა აზროვნებაშია. პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და პოლიტიკური აზროვნება უნდა შეიცვალოს. რა მნიშვნელობა აქვს, კოლიციური მთავრობა რომ მოვიდეს პროპორციული არჩევნებით.
– ერთმანეთს დავაბალანსებთო.
– როგორ?! ერთმანეთში შეთანხმდებიან გადანაწილებაზე?! რა დაბალანსებაზეა საუბარი?! საერთოდ, პოლიტიკური აზროვნება უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ 30 წელი ერთი და იგივე წრეზე რომ ვტრიალებთ, იგივე არ მოხდეს. 30 წელია, ერთმანეთს ცვლის იგივე ხალხი, გამაგებინეთ, რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი?!
არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხედვა, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. ადამიანები სხვა ქვეყანაში კი არ უნდა გავუშვათ, აქ უნდა დარჩნენ, აქ უნდა მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ ადამიანები ქვეყნიდან არ გარბოდნენ.
– დაახლოებით 60% ადამიანების სრულიად ინდიფერენტულად არის განწყობილი, ვერც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ვერ ახდენს თავის იდენტიფიცირებას, ეს სწორედ ამ პოლიტიკური მოცემულობის ბრალია?
– რა თქმა უნდა! პოლიტიკოსების ერთადერთი მიღწევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ეს არის მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ ადამიანები ინდიფერენტულად, ნიჰილისტურად არიან განწყობილნი. ყველაფერზე ხელი აქვთ ჩაქნეული და ქვეყნიდან გარბიან. სხვა ქვეყანაში ეძებენ საშველს, ეს არის ყველაზე ტრაგიკული, მათ საკუთრა ქვეყანაში არ ედგომებათ, რადგან მომავალს ვერ ხედავენ.
სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ხალხი კომბლებით ხელში რომ არ მოადგა პარლამენტს და არ გამოყარა პოლიტიკოსები იქიდან. იქნებიან უიმედოდ, აბა რა იქნება.
ამიტომ, გონს უნდა მოეგონ პოლიტიკოსები, ეს რეალობა სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ და მთავარი ამოსავალი უნდა გახდეს ადამიანი თავისი პრობლემებით.