ბიძინა ჩაჩხიანი – “არ ვთვლი, რომ ქვეყანა დავანგრიე”

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის განცხადებით, ის არსად მიმალვას არ აპირებდა. ამის შესახებ ჩაჩხიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამასთან, ჩაჩხიანმა აღნიშნა, რომ ის სანადიროდ წასვლას აპირებდა.

„არსად მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს.

ყველაფრის რისკი არსებობს, რომ ადამიანმა რამე გააკეთოს. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს სახლშიც, რომ არსად მიმალვას არ ვაპირებ. ბავშვებს რომ ვნახავ, ბოდიშს მოვუხდი, იმათ საერთოდ არაფერს ვერჩოდი, საერთოდ არ დამინახავს”, – განაცხადა ჩაჩხიანმა, რასთან დაკავშირებითაც, საქმის პროკურორმა განმარტა, რომ „ღამის 3 საათზე აბაშიძის ქუჩაზე არ ნადირობენ”.

კლუბ „ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, მე-5 ნაწილის “გ”, მე-7 ნაწილის “ა” და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით,ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

იპნ