ბიძინა ჩაჩხიანმა “ბასიანთან” 2 კაცი და 1 ქალი დაჭრა – მან 18-ჯერ გაისროლა – ვიდეო

ბიძინა ჩაჩხიანმა "ბასიანთან" 2 კაცი და 1 ქალი დაჭრა - მან 18-ჯერ გაისროლა - ვიდეოდღეს 12 იანვარს დილით თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანი დაჭრეს.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო, დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის “ბასიანში” დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაჭრილთაგან 2 კლუბის თანამშრომელი, ერთი კი კლუბის სტუმარია. ისინი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ბრალდებულმა ადგილზე 18-ჯერ გაისროლა.

შემთხვევის გამო დაგეგმილი ივენთი ჩაიშალა და დაახლოებით ღამის 3:00 საათზე კლუბი დაიკეტა. დღეს ამ დრომდე კლუბის ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა. “კურიერი”  ბასიანის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, ერთ-ერთი მათგანი დილით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

“შემოიყვანეს 3 პაციენტი. 2 ახალგაზრდა მამაკაცი და 1 ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 2 პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ. მათ დასჭირდათ ოპერაცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მან სტაციონარი უკვე დატოვა,” – აღნიშნა ექიმმა სულხან სამხარაძემ.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გააკეთა:

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.