ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

კლუბ “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, მე-5 ნაწილის “გ”, მე-7 ნაწილის “ა” და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.