დავით დარჩიაშვილი – “დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს”

დავით დარჩიაშვილი - “დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ამერიკელი კონგრესმენების წერილების, ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკის მიმართ რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს ხელისუფლებას?
– როდესაც საერთაშორისო საზოგადოების იგნორირება ხდება ამ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არაადეკვატურია, სადღაც არის გასული. ერთი მხრივ სიბრყვეა, მეორე მხრივ, რა უთხრან თავის ამომრჩეველს და ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენების შედეგია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. ხომ ვერ ეტყვიან, უვიცები ვართ, ბრიყვები ვართ, იდიოტები ვართ და ხელისუფლება უნდა დავთმოთ?! იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ განცხადებებით წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის დიპლომატებს შეურაცხყოფას აყენებნ.
– სწორი ინფორმაცია არ გაქვთო, რომ ეუბნებიან?
– ეს არის შეურაცხყოფა! ეუბნებიან, რომ იდიოტები სხედხართ და ინფორმაციას ვერ ამოწმებთო. რა, მართლა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს უსმენენ?! ვინმე დაიჯერებს ამას?! საუბარია დიპლომატიური ურთიერთობების უდიდეს გამოცდილებაზე და იმაში ვერ გარკვნენ თურმე, რეალურად რა ხდება საქართველოში.
– რა გზავნილია დასავლეთის მხრიდან ასეთი მკაცრი ტონით საუბარი, შეიძლება ითქვას, დიპლომატიის მიღმაც კი?
– ჯერ კიდევ 2011 წელს ვიყავი დარწმუნებული, საით წავიდოდა ეს პროცესი. მაშინ ცოტას სჯეროდა, რომ ფინალი შეიძლება სწორედ ასეთი ყოფილიყო.
ყველაფერს დრო სჭირდება.
დასავლეთმა უკვე ღიად დაინახა, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და სადღაც მიექანება. ისინი ამ განცხადებებით გვაფხიზლებენ, გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსთვის იკარგება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში დემოკრატიული სახელმწიფო იყოს დასაყრდენი. ავტორიტარული სახელმწიფო არავის არაფერში სჭირდება. აგერ არის რუსეთი და ის არის ისეთი, როგორიც არის. არ იცვლება. ახლა ჩვენც დღითიდღე ვემსგავსებით მათ.
– “ქართული ოცნების” არგუმენტია, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ა.შ.
– 2008 წელს დაწყებული პროცესის შედეგი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც 2016 წელს განხორციელდა. საერთოდ, დასავლეთს ახასიათებს ხანგრძლივი პროცესი მსგავს საკითხებთან მიმართებით.
ივანიშვილს დემოკრატია შავი ჭირივით სძულს. დასავლეთი მაინც ცდილობდა, რომ რაღაც რეალური დაენახა და იქნებ წაეხალისებინა კიდეც, რომ მთლად სისულელეები არ ეკეთებინა. დღეს სისულელეების მასშტაბები მატულობს და მატულობს.
სათავე მაინც ღირებულებათა სისტემაშია. ჩემთვის ეს იმთავითვე ნათელი იყო, მაგრამ ნათელი არ იყო დათო ბერძენიშვილისთვის, რომელიც ნამდვილად დემოკრატიული ფასეულობების ადამიანია, სხვებისთვისაც. ბევრი აჰყვა ამ ყველაფერს. ესეც ახდენდა გავლენას დასავლეთზე. ფიქრობდნენ, საქართველოში მთლად ისე ცუდად არ არის საქმეო, მაგრამ ყველა ეს ადამიანი ამ კაცს ჩამოცილდა, ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვამპირს.
დღეს მეფე შიშველია და საქართველოც იზოლაციის გზას ადგას. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციასაც ისევე წაგვართმევენ, როგორც მოგვცეს.
– დასავლეთი ყველაზე მტკივნეულად მაინც პროპორციულის უკან წაღებას აღიქვამს?
– ბევრ რამეს. საერთოდ, პოლიტიკაში ასეთი ღია ტყუილები არ არის მიღებული. მერე რეაგირება ძალიან მკაცრია ხოლმე. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ დასავლური, დემოკრატიული სტანდარტებით, ეს მიუღებელია. დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. ამიტომ, ჩვენ ახლა განგაშის ზარებს ვისმენთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, დასავლეთმა აამოქმედოს სანქციები. ამას მოუტანია შედეგი და ამ შემთხვევაშიც მოიტანს.
– იქნება თუ არა პროპორციული არჩევნები, რაზეა დამოკიდებული? დასავლეთის ზეწოლაზე, ოპოზიციის ერთიანობაზე, რომელსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს? ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ ერთობაში არ მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება, რადგან მან თქვა, ნაციონალურმა მოძრაობამ დადო პროპორციული არჩევნებიო.
– მეც არ მომეწონა ეს სიტყვები, მაგრამ ამ ყველაფერში ეს არ არის მთავარი. საქართველოა, ემოციურია ყველა და ყველაფერი. რასაკვირველია, ეს პროცესს ართულებს. რა დროს ეგ იყო, გარჩევა დაგვეწყო, თუ ვისი დამსახურებაა ესა თუ ის ნაბიჯი! რას ემსახურებოდა?! არ იყო კარგი. არ იყო სწორი, მაგრამ არც ის შეიძლება, მას გადავაყოლოთ ყველაფერი.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მიხვდება რამეს ივანიშვილი თუ ვერ მიხვდება?! ოპოზიცია რამდენად იქნება კოორდინირებული. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა რამდენად დაფიქრდება, ღირს კი სამარეშე ჩაჰყვეს ამ კაცს?! ბოლოს და ბოლოს, იზოლირებული დარჩება რამდენიმე ასეული სპეცრაზმელის ამარა.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ როგორ, არ ვიცი. შეიძლება საარჩევნო ყუთებთან, შეიძლება მასობრივი საპროტესტო აქციებით. თუ არჩევნები საერთოდ არ ჩაითვალა არჩევნებად, მაშინ ახალი რეალობა დადგება, იზოლაცისა და სანქციების რეალობა, როდესაც ხალხი ბევრად უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე.