“გახარიას მოხსნა დიდი სისულელე იქნება”

“გახარიას მოხსნა დიდი სისულელე იქნება”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, ბოლო დღეებში ისევ გააქტიურდა საუბრები სამთავრობო ცვლილებებზე. ამბობენ, გიორგი გახარიას თალაკვაძე ან ჩხენკელი შეცვლისო. რას იტყვით თქვენ?
– ამის შესახებ მეც ახლა გავიგე. ძალიან მიჭირს რაიმეს თქმა. თუ ასეა, მაშინ არ არის მაინცდამაინც სწორი ნაბიჯი. გახარია ასე თუ ისე ძლიერი ფიგურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საარჩევნო წელია და არც ჩხენკელს და არც თალაკვაძეს გამოცდილება არ აქვთ, არ ჩანან ისეთი ფიგურები, რომ რამე შეცვალონ. საარჩევნო წელია და ჩვენ ვიცით როგორ რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთავრობა და რეჟიმი უნდა იყოს დაუნდობელი, რომ არჩევნები მოიგოს. არც თალაკვაძე და არც ჩხენკელი ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ.
– ანუ ეს ჭორია?
– მართალი გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ არანაირად, უბრალოდ ვცდილობ, ეს ლოგიკა ავხსნა. დღეს საჭიროა ძლიერი, მკაცრი ხელი. გახარია ასეთია, აი თალაკვაძის და ჩხენკელის რა მოგახსენოთ. ამიტომ მე ვერ ვხვდები ლოგიკას, ეს რატომ უნდა გააკეთონ, მითუმეტეს, რომ საარჩევნო წელია.
– ოპოზიციამ შავი სიის შედგენა დაიწყო, ბევრი ამ პროცესს არასერიოზულად უყურებს. აქვს ოპოზიციას რაიმე ბერკეტები ხელისუფლების ქმედებების გასანაღმად?
– ეს შავი სია ცოტა უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერს და ოპოზიციას არაფერს მატებს. ჩემი აზრით დღეს ოპოზიციის მთავარი კოვზირი არის თვითონ მთავრობა, რომელიც ბევრ სისულელეს ჩაიდენს. ასე რომ, დასხდნენ და დაელოდონ, მთავრობა როდის ჩაიდენს სისულელეს და იყვნენ ჩასაფრებულები.
– ნელ-ნელა სისხლიან რეჟიმად ინათლება “ოცნება”. რას იტყვით თქვენ?
– სამწუხაროდ, ასეა. მათი ეფექტიანობის იმედი თავიდანვე არავის ჰქონდა, მაგრამ იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ შედარებით რბილი ხელისუფლება იქნებოდა. აღმოჩნდა ისე, რომ ეფექტიანობაში ნამდვილად ჩამორჩებიან და ახლა უხეშობაშიც ემსგავსებიან. აი, ეს მივიღეთ საბოლოო ჯამში.
“ოცნება” გადასულია მთლიანად ფულის კეთებაზე, რომ სანამ ხელისუფლებაში არიან, მოასწრონ და ფული აკეთონ.
– ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე რას იტყვით?
– მე მგონი, ოპოზიცია ისევ ერთიანი იქნება, ლელოს თუ არა ჩავთვლით, რადგან ლელო მათ არ შეუერთდება. მას თავიანთი დღის წესრიგი აქვს, თუმცა ეს რამდენად გაამართლებს, არ ვიცი. რასაც მე ვუყურებ, ლელოს ცნობადობა საკმაოდ დაბალია მოსახლეობაში. ჯერჯერობით მათ არ დაუწყიათ საზოგადოებაზე მუშაობა. შესაბამისად, ლელო რას იზამს, ჩემთვის ბუნდოვანია. თეორიულად კი სწორია, რომ შუაშისტებზე იმუშაონ, მაგრამ მაინცდამაინც მუშაობას მე ვერ ვატყობ.
– ოპოზიციას დასავლეთის იმედი ჰქონდა, თუმცა საუბარია, რომ დღეს დასავლეთს საქართველოსთვის არ სცალია.
– მე არა მგონია, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე. ჯერ ძალიან შორს არის იქამდე.
– რამდენად მოიცლის ჩვენთვის ამერიკა?
– ახლა უფრო მოიცლის, ბოლოსდაბოლოს ელჩი დანიშნეს. ელჩი რაღაცას მაინც შეცვლის. შეიძლება პრიორიტეტი ქვეყანა არ ვიყოთ და არც პირველ ხუთეულში, მაგრამ ელჩი დანიშნეს და მათთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იგივე რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში.
– საარჩევნო სისტემის შეცვლას ელოდებით?
– “ოცნებას” ამის სურვილი არ აქვს და მაქსიმალურად ივაჭრებს, რომ მისთვის ხელსაყრელ ვარიანტზე დაითანხმოს ოპოზიცია. რაღაცა შეიძლება ხელისუფლებამაც დათმოს, მაგრამ პროპორციულზე არ წავა. არ გამოვრიცხავ, ისეთი კრიზისი შეიქმნას, რომ საერთოდ მარტივ მამრავლებად დაიშალოს “ოცნება”, რადგან მას კრიზისების გაჩალიჩების დიდი ნიჭი აქვს.
– ალბათ თქვენთვისაც ცნობილია გიგი უგულავას ინიციატივა ერთიანი სიის შექმნის შესახებ, რამდენად იმუშავებს ეს?
– სიტუცია როგორი შეიქმნება, იმაზეა დამოკიდებული. ცხადია, ამ ხელისუფლებას მიშას ძახილის მეტი არაფერი დარჩენია. მიშა მოვა, მიშა მოვა. ხედავენ, რომ ეს ვეღარ მუშაობს თუმცა ახალსაც ვერაფერს იგონებენ. ამხელა ფულს იხდიან პიარში და სულ ტყუილად, არაფერი აქედან არ გამოვა.
ეს ხმები რომ გამართლდეს და არჩევნების წინ შეცვალონ გახარია, ეს ხომ დიდი სისულელე იქნება? ასეა თუ ისე, გახარიამ იმუშავა საპრეზიდენტო არჩევნებზე და “ოცნებას” მოაგებინა. თუ მართლა გადაწყვიტეს, რომ უნდა შეცვალონ, არ ვიცი, რა გითხრათ.
ამის შეფასება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.