“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღდგენაში აქტიური ნაბიჯებისთვის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებითა და ელჩების გაცვლით“, – ასე ეხმაურება რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც თბილისში, ევროსაბჭოს ასამბლეაზე, რუსი დეპუტატების დაშვებას ეხებოდა. გავრილოვის განცხადებას რუსეთის სახელმწიფო დუმის ოფიციალური გამოცემა ავრცელებს.
გავრილოვის თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში ჩავიდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება. “როგორც ჩანს, საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღდგენაში აქტიური ნაბიჯებისთვის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის 9 მაისის იუბილეს მოახლოებასთან ერთად. ჩვენ მზად ვართ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დაღუპულებს. საქართველო მრავალეთნიკური იყო — რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. ჩვენ ისევ ველით, რომ საქართველო მრავალეთნიკური კეთილგანწყობილი რესპუბლიკა გახდება”, — განაცხადა გავრილოვმა.
ცნობისთვის, საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში, შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა, იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რუსეთის დელეგაცას უმასპინძლოს. როგორც რუსული მედია იუწყება მსგავს დელეგაციებს სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის განცხადებას სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაში პროტესტი მოყვა.

