გედევან ფოფხაძე – “არც “ოცნება”, არც ნაციონალები! – უნდა გაკეთდეს დიდი გაერთიანება ამ 2 ძალის გარეშე”

გედევან ფოფხაძე - “არც “ოცნება”, არც ნაციონალები! - უნდა გაკეთდეს დიდი გაერთიანება ამ 2 ძალის გარეშე”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეც წარადგინეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ფარცხალაძის რეანიმირება ხდება. ნიშნავს თუ არა ეს წარდგენა იმას, რომ გენერალური პროკურორი კვლავ შოთაძე იქნება?
– ირაკლი შოთაძე სხვა მოცემულობაში და სხვა პირობებში შეიძლება კარგი პროკურორი ყოფილიყო, მაგრამ დღეს ცუდი მოცემულობაა შექმნილი. პოლიტიკური შეკვეთა პროკურორის, მოსამართლის, მინისტრის მიმართ არის არა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა, არამედ იმ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ბრძოლა, რაც დღეს დაამკვიდრეს.
დღეს მთავარი ამოცანა არის არა ქვეყნის განვითარება და ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ამ მოცემულობაში, ირაკლის მოუწევს, თუ გახდა მთავარი პროკურორი და ალბათ გახდება კიდეც, გაფართოებული თვალებით მიყუროს მე, რომ რაიმე დანაშაული დაინახოს, რათა დამიჭიროს, მაგრამ თვალები დახუჭოს ჩხარტიშვილზე, ფარცხალაძეზე, ამათ ნომეკლატურაზე.
პრინციპი ხომ არ შეცვლილა. სააკაშვილმა რა სივრცეც შექმნა, ის ამათ კარგად გადმოიტანეს. ამ მოცემულობაში ინსტიტუციები აღარ არის საჭირო და, შესაბამისად, არც მუშაობენ. ქვეყანაში არის უსამართლო გარემო, რომელიც ხალხმა უკვე გამოიარა და რომელზეც უარი თქვა, მაგრამ ეს გარემო კვლავ გრძელდება.
– რატომ კვლავ შოთაძე, მხოლოდ ამ მცირე ჯგუფს ენდობა ივანიშვილი? რატომ არა ახალი კადრი?
– რატომ მეორე წრეზე წასვლა? ეს ხალხი ამ ამოცანას უფრო კარგად ემსახურება. უკვე გამოცდილი ხალხია. ახალი ჯანდაცვის მინისტრი იმიტომ კი არ მოიყვანეს, რომ სისტემას სჭირდებოდა, მოიყვანეს იმიტომ, რომ ივანიშვილს სჭირდებოდა, მისი ოჯახის ახლობელია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, მთავრობა ჰყავს ივანიშვილს.
პარლამენტში თანამდებობები ივანიშვილისადმი ლოიალობით ნაწილდება. ინსტიტუციონალურად სახელმწიფო სისტემემის ატროფირება ხდება. პარლამენტიც, მოსამართლეც, პროკურორიც, მინისტრიც ძალაუფლების წყაროდ აღიქვამს არა ხალხს, როგორც ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამედ ბიძინა ივანიშვილს. ხალხს ეს უფლება წართმეული აქვს. ხელისუფლების წყარო ხალხი კი არ არის, ბიძინა ივანიშვილია.
ესეც, მეორე წრეზე წასვლა, არის ბოლო გზავნილი საზოგადოების მიმართ: არ დამტოვო ხელისუფლებაში! მანიაკებს, სერიულ მკვლელებს აქვთ თვისება, ბევრს რომ მოკლავენ, მერე იღლებიან ცხოვრებისგან და დაჭერა უნდათ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც უნდა გავუშვათ, არ შეიძლება მათი ხელისუფლებაში დატოვება.
– ენდიაის კვლევებს როგორ აფასებთ?
– საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ გამოკითხული რესპონდენტები ბოლომდე გულწრფელები იყვნენე. მიუხედავად ამისა, ენდიაიმ ძალიან ცუდი შედეგები დადო.
– ცუდი რა მხრივ?
– გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ეს კრიტიკული ზღვარია. ადამიანებს ინსტიტუციების იმედი არ აქვთ. ეს გამოკითხვები საზოგადოების დეპრესიულ დამოკიდებულებას გამოხატავს. ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბრობენ ადამიანები. ეს თავისთავად იმ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, ლეგიტიმაციას უკარგავს.
– გამოკითხულთა უმრავლესობა პირველ ადგილზე მმართველ პარტიას აყენებს, მეორე ადგილზე – ნაციონალური მოძრაობას. ამას რითი ხსნით?
– ეს არის არსებული პოლიტიკური მოცემულობა. ტენდენცია ამ პარტიებთან მიმართებით მზარდი კი არ არის, პირიქით, კლებადია. ორივე პარტიას აკლდება. უფრო მზარდია პუნქტი – არც ერთი პარტია.
აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ამომრჩევლის საერთო განწყობა უკვე ჩამოყალიბებულია. განწყობა ასეთია: ამომრჩევლის უმრავლესობას არსებული რეალობა არ მოსწონს. მას პოზიტიური, ჯანსაღი სიახლე უნდა. საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია. ეს მოლოდინი რაში გადაიზრდება, ეს უკვე პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული.
მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს დიდი პოლიტიკური გაერთიანება.
– “ოცნების” გარეშე?
– რა თქმა უნდა, “ოცნების” გარეშე! და ნაციონალების გარეშე. ამომრჩეველს არ მოსწონს არსებული რეალობა და არც წარსულის დაბრუნება უნდა.
– თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანა გაჩერებულია, დინებას მიჰყვება და სად გადაიჩეხება, ღმერთმა უწყის. ასე ნიჰილისტურად არის განწყობილი საზოგადოება?
– მეტიც, ენდიაის კვლევები ციფრებია, ჩვენ ხომ ყოველდღიურად ქუჩაში დავდივართ, ხომ ხედავთ, ადამიანები როგორ იქექებიან სანაგვე ურნებში ლუკმა-პურის საძებნელად.
არ მგონია, ეს ჯანმრთელი ვითარება იყოს ქვეყნისთვის. ამ სიცივეში მოხუცები ქუჩაში ხელგაწვდილები რომ სხედან, ეს არ არის ნორმალური. რა საჭიროა სოციოლოგიური კვლევები, როდესაც ლარი ასეა გაუფასურებული, როდესაც ადამიანებს სამუშაო ადგილები არ აქვთ, როდესაც მედიკამენტები ასე გაძვირებულია.
ადამიანები გაღარიბდნენ, ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს. სააკაშვილმა საშუალო ფენას ომი გამოუცხადა, ამ ხელისუფლებამ ეს მოცემულობა გააფორმა, რადგან ბევრად უფრო მარტივია გაჭირვებული და დამშეული ხალხის კონტროლი.