გია ხუხაშვილი – “პრემიერი წულუკიანი იქნება თუ გახარია, ამით არაფერი შეიცვლება”

გია ხუხაშვილი - “პრემიერი წულუკიანი იქნება თუ გახარია, ამით არაფერი შეიცვლება”ნათია ხურცილავა, ახალი თობა 
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატი ხაბეიშვილი დეპუტატმა კოლეგებმა სცემეს. შეიძლება ძალადობა ასეთი ღია და აშკარა გახდეს?
– სამწუხაროდ, ტენდენცია შემაშფოთებელია. ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს. შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ძალაუფლების დაკარგვის შიშით. შესაბამისად, ეს აგონიაც ამის შედეგია.
სამწუხაროდ, ამ ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ნაციონალური მოძარობა არ არის, მთლიანად საზოგადოებაა. ხელისუფლება უკვე ყველას ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივეს. ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით მათ ოპონენტებს, საზოგადოებას, არამედ ყველას, ვინც მასთან არ არის, ამერიკელ კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს. უკვე მთელი სამყარო მათთვის ნაციონალურ მოძრაობად იქცა. მთელი სამყარო, მათი აღქმით, მათთან დაპირისპირებაშია. ამიტომ, ისინი მზად არიან აგრესიისთვის ნებისმიერი მიმართულებით.
აფექტის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ხელისუფლებაა, სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს აღარაფერზე ფიქრობენ გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა. აქტიური თავდაცვა აქტიურ თავდასხმას ნიშნავს მათთვის.
წულუკიანის შეტევა სახალხო დამცველზე, აბსოლუტურად არაადეკვატური, ამის ნათელი მაგალითია. იგივე დასავლეთის კრიტიკისადმი რეაგირება, ამერიკის ყველაზე სოლიდური ინსტიტუტების ნაცმოძრაობად შერაცხვა – ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია.
– ეს რიტორიკა ცუდ სამსახურს უწევს “ქართულ ოცნებას” თუ პირიქით, მთელი სამყაროს ნაციონალურ მოძრაობასთან გაიგივება მუშაობს და მომგებიან პოზიციაში აყენებს?
– ეს პოლიტტექნოლოგია არახალია, ეს დიდი ხანია, უკვე გამოყენებულია. ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, რასაც კარგად ებმის სისხლიანი 9 წელი, 2 ბოროტებას ისევ მე ვჯობივარ.
ამ ნარატივმა აქამდე იმუშავა, მაგრამ იმუშავებს კი მომავალში?!
– რატომ არ იმუშავებს?
– უკვე ძალიან მასშტაბური გახდა. ეს უკვე პოლიტტექნოლოგია კი არ არის, უკვე “ოცნების” ცხოვრების სტილი გახდა. დღეს “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ ამერიკელი კონგრესმენებიც ნაციონალური მოძრაობაა.
ეს უკვე ძალიან კომიკური გახდა. ამაში ისიც არის დამნაშავე, რომ ხელისუფლებაში ინტელექტუალური დონე ძალიან დაეცა. სტერილურები გახდნენ. პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდნენ და იმ ბუნკერიდან ცდილობენ, ზარბაზნები დაგვიშინონ.
– ამ ფონზე გამოდის, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ ფასადია?
– იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების პოლიტიკის დღის წესრიგში დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და სხვა არაფერი, მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს.
ეს აშკარად ჩანს. სახელმწიფოებრივი ამოცანები, პოზიტიური დღის წესრიგი ხელისუფლებისთვის დღეს არ არსებობს. ის გადარჩენას მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებში ხედავს, შესაბამისად, არაფრის შეცვლას არ აპირებს.
“ოცნებისთვის” ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა. ამიტომაც წავიდნენ ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ძალიან უხარისხოდ ცდილობენ, მოლაპარაკებების იმიტაცია შექმნან, ამას უფრო დასავლეთის დასანახად აკეთებენ. შიგნით არავინ და არაფერი არ აინტერესებთ.
თუმცა, ესეც მათი მხრიდან წყლის ნაყვაა, რადგან იმდენად ადვილად დასანახი თამაშია, რომ ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა. დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოში პროვინციული დიქტატურაა. ინსტიტუციური წესრიგი აბსოლუტურად მორღვეულია.
– რამდენად რეალური შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი პრემიერი გახდება?
– ამაზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი?! ნეგატივებს, რეიტინგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ყველას კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნება” და ხელისუფლება არის ერთი ადამიანი. ყველაფერი შეცვლადია, ყველაფრის გადაგდება და უკან დაბრუნება შეიძლება, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ “ქართული ოცნება” მხოლოდ ერთ ადამიანს უდრის! გარდა იმ ერთი ადამიანისა, ყველა შეცვლადია.
ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად და როგორ იქნება?! ეს მმართველობითი სისტემა ინსტიტუციურ წესრიგს გამორიცხავს. წულუკიანი იქნება თუ გახარია პრემიერის კაბინეტში, ხომ ამით არაფერი შეიცვლება?!
ამიტომ, არათუ უკან დახევაზე არ ფიქრობენ, საერთოდ გათიშულები არიან და ისე მოქმედებენ.
ეს კიდევ უფრო თვალნათელი გახდება.