გია ხუხაშვილი – “ქართული ოცნება” ბუნკერში ჩავიდა”

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” ბუნკერში ჩავიდა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
განვლილ 2019 წელს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს
– ბატონო გია, 2019 წელი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და წარუმატებელ წლად დასახელდა. როგორია თქვენი შეფასებები და რა საკითხებს გამოყოფდით ყველაზე მეტად?
– სამწუხაროდ, ძალიან პრობლემური წელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. როგორც სოციალურ-ეკონომიკური, შიდა პოლიტიკური და ასევე საგარეო პოლიტიკური კუთხით.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურს, ეს წელი ყველაზე მაღალი ინფლაციის წელი იყო და ეს მიმდინარეობდა ლარის კურსის ვარდნის ფონზე. წლის ბოლოს თითქოს ეს ყველაფერი დასტაბილურდა, მაგრამ ეს წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი სუბიექტური სტაბილიზაციაა. სამომხმარებლო კალათა საგრძნობლად დამძიმდა, შემოსავლების ინდექსაცია არ მომხდარა, შემოსავლები არ გაზრდილა, შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ქართველი გაღარიბდა. პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანია.
– პოლიტიკურ პროცესებზე რას იტყვით?
– აქ საერთოდ კატასტროფულად განვითარდა მოვლენები, სამ ძირითად მოვლენას დავასახელებ: ერთი არის 20-21 ივნისის მოვლენები და მისი შედეგები, როდესაც კი ბატონო, შეიძლება ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდა ხელისუფლებას ძალის გამოყენების, მაგრამ ამის შემდეგ უკვე მოხდა ძალის გადამეტება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები და ამ ძალის გადამეტებისთვის, სამწუხაროდ დღემდე არავინ არ არის დასჯილი და როგორც ჩანს არც აპირებს ხელისუფლება ამის გაკეთებას.
მეორე საკითხი არის ის, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოაცხადა თავისი თავი იმ სისხლიანი 9 წლის, იმ რეჟიმის სამართალმემკვიდრედ, ფაქტობრივად ყველა სისტემური მანკიერება გადმოიბარა და ეს პროცესი დაასრულა მართლმსაჯულების სისტემის რეინტეგრაციით სახელმწიფო მმართველობაში. რეპუტაცია დაკარგული, დისკრედიტირებული, იგივე ადამიანების ბაზაზე ჩამოაყალიბა მართლმსაჯულების სისტემა და პოლიტიკურ ვერტიკალში განათავსა. ფაქტობრივად, დაასრულა სამართალმემკვიდრეობის აქტის გაფორმება. ყველა ატრიბუტი გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობის მანკიერი მმართველობის.
მესამე გახლავთ სრულიად წარმოუდგენელი აქტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მსოფლიო ისტორიაში არ მეგულება ასეთი პრეცედენტი, როდესაც მმართველ ძალას მიეცეს საჯარო პირობა მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე შემდგარიყო საერთო სახალხო კონსესუსი და მერე ძალიან უხეში, პროვინციული, ვირეშმაკული ფორმით გადაეგდოს საზოგადოება. მსგავსი არ მახსენდება.
– ბატონო გია, შეიძლება რომ ორ ეტაპად გაიყოს “ოცნების” მოღვაწეობა, 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდეგ?
– 20 ივნისს გარკვეულწილად უკავშირდება, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ამაზე უარესიც შესაძლებელია და ამაზე უარესიც ვიხილეთ შემდეგ.
წარმოუდგენელი რამ არის, რაც მათ ჩაიდინეს და აქედან გამომდინარე ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანა, მას აქვს ერთადერთი ამოცანა დღის წესრიგში – ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება და ეს არის ძალიან სამწუხარო.
ეს ყველაფერი კი გვაკეთებინებს არასახარბიელო პროგნოზს 2020 წლისთვის. ფაქტობრივად, 2019 წელს ხელისუფლებამ ჩადო ისეთი ნაღმები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე 2020 წლის წინა პირობა გახდება სამწუხაროდ.
– საკმაოდ დიდია ზეწოლა მასმედიაზე, ტელევიზიებზე დადებული ინკასო რას უკავშირდება?
– ეს არის მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ასეთი კიდევ ბევრია, რადგან შენ თუ იბარებ რეჟიმის სისტემას, ბუნებრივია, შენ ყველა მიმართულებით ცდილობ, რომ მოახდინო მონოპოლიზაცია ყველა რესურსის. ყველა რესურსი შენი კონტროლის ქვეშ დააყენო. ეს იქნება მატერიალური რესურსი, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი თუ ეს იქნება მედია რესურსი.
– ასეთი შეფასებებიც გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს, სპეცრაზმით შევარდები თუ ეკონომიკურად მოგუდავო.
– ბუნებრივია, ეს არის ინსტრუმენტები. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინკასოს ვგულისხმობთ, მე შემიძლია განვმარტო, რომ ეს ინკასოს თემა ცალსახად პოლიტიკურია და ავხსნი, რატომ.
– რატომ არის პოლიტიკური? არსებობს მეორე მხარეც, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიას აქვს ბიუჯეტის დავალიანება და ის უნდა გადაიხადოს.
– პოლიტიკურია იმიტომ, რომ საგადასახადო კოდექსი მიმდინარე გადასახადს არ განასხვავებს სხვა გადასახადისგან. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლებოდა ამ ლოგიკით ევლო ხელისუფლებას, თუ ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით იქნებოდა უკვე გადახდის გრაფიკი დადგენილი და ეს კომპანიები, იმედიც და სხვებიც, დაიწყებდნენ უკვე გადახდას.
ამ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებაში შეიძლებოდა რაღაც ლოგიკა ყოფილიყო, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი კონტრაქტები არ არსებობს. არის ზეპირი დეკლარირებული საუბრები, რომ ვითომ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როდესაც შენ ამ ფონზე ინკასოს ადებ სხვა ტელევიზიებს, ისე რომ ამ დავალიანებების თემა არ გაქვს სამართლებრივად გარკვეული, ეს არის უკვე ცალსახად პოლიტიკური დევნა. ეს უკვე სამართლებრივი დავის საფუძველია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აშკარად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებ შენთან ასოცირებულ ტელევიზიებს სხვა ტელევიზიებთან და, შესაბამისად, ეს უკვე შეიძლება გახდეს სერიოზული სამართლებრივი დავის საფუძველი, უკანონო უპირატესობის მიცემაზე ხელისუფლების მხრიდან.
– საგარეო ფაქტორზე რას იტყვით? სერიოზული წნეხი წამოვიდა დასავლეთიდან.
– სერიოზული მინიშნებებია, ჯერჯერობით ეს არ არის კატასტროფული, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალებია, აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ არასწორი გზით მიდის.
ყველაზე მძიმეა ფეისბუქის ინციდენტი და ავხსნი, რატომ. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს შექმნილი სოციალურ ქსელში გარკვეული სისტემა, რომელიც ეწევა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, რომელიც საინფორმაციო შეტევებს ახორციელებს პოლიტიკურ ოპონენტებზე და ეს ყველაფერი მიმდინარეობს ანტიდასავლური ნარატივის ქვეშ. რას ნიშნავს ფეისბუქის ეს განცხადება?!
– რას ნიშნავს?
– ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ეს ყველაფერი წაშალეს ფეისბუქიდან და ამით მორჩა. მთელი მსოფლიო სარგებლობს ამ სოციალური ქსელით. მათ შორის დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებიც სარგებლობენ ამ სოციალური ქსელით და მას უჭირავს ძალიან სერიოზული ადგილი მსოფლიო პოლიტიკის განსაზღვრაში. ამ ინციდენტს ნახავს ყველა და აქედან ჩამოაყალიბებენ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში.
ასე რომ, ფეისბუქის ეს ქმედება არის დამანგრეველი უკვე არა ხელისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის.
– ქვეყნის იმიჯისთვის?
– რასაკვირველია. ევროპაში ან ამერიკაში წაიკითხავენ, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ამ ინსტრუმენტს თავისივე საზოგადოების წინააღმდეგ. კი ბატონო, ტროლების ფაბრიკები არსებობს, იგივე რუსეთშიც არსებობს ტროლების ფაბრიკა, მაგრამ რუსული ტროლების ფაბრიკას სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებენ. როდესაც ხელისუფლება ტროლების ფაბრიკას მიმართავს შიდა პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტაზე, ეს არის სრული ანაქრონიზმი, ეს უკვე მანიაკალურ მიდრეკილებებზე მეტყველებს და მეტზე არაფერზე.
აი, ასეთი მოცემულობაა, შესაბამისად, ამას ექნება უმძიმესი შედეგები სამომავლოდ და ჩვენ ამას კიდევ ვნახავთ.
– პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
– ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აპირებს უკანდახევას.
– შიდა კრიზისიც აქვს სერიოზული.
– რა თქმა უნდა, ასეა და ეს გასაგებია. თუ ვინმეს რაიმე პრობლემის შექმნა შეუძლია, ყველა წინა თუ უკანა კარიდან გასწრებას ლამობს. თუმცა ხელისუფლებამ დღეს განიცადა სრული სტერილიზაცია, ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში და გამოუცხადა ომი ყველას და ყველაფერს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ხელისუფლებას ხომ დღეს მოკავშირე აღარავინ დარჩა. არც პოლიტიკურ ელიტაში, არც სამოქალაქო საზოგადოებაში, არც დასავლეთში, არც აღმოსავლეთში, საერთოდ არსად! მან განიცადა სრული იზოლაცია და მთელ სამყაროსთან გამოაცხადა ომი.
ის არის სრულიად დარწმუნებული, რომ მასზე ჰკიდია სამყარო, რომ ის არის ერთადერთი კეთილი ძალა და ყველა დანარჩენი არის მტერი, ანუ ნაციონალური მოძრაობა და აი ასეთ მოცემულობაში ვართ.
ხელისუფალი დარწმუნებულია იმაში, რომ ის არის ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და მის გარეშე ქვეყანა დაინგრევა. თუმცა მე ვეტყვი, რომ თავს იტყუებენ. ის უკვე სტაბილურობის გარანტი კი არ არის, ის არის არასტაბილურობის და ძალიან მძიმე პროცესების განვითარების გარანტი.
– რა იქნება 2020 წელს?
– რადგან ასეთი შეუვალია ხელისუფლება და თან რესურსების სრული მობილიზაციით აპირებს ხმალამოღებულ ბრძოლას, ძალიან სახიფათო ფაზაში შევდივართ. ასეთი ხელისუფლება არის აბსოლუტურად აფექტის მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში მყოფი სუბიექტისგან ყველაფერს შეიძლება ველოდოთ.
მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი, რადგან აფექტური, შეშინებული ადამიანის პროგნოზირება უბრალოდ შეუძლებელია.
– თუ დასჭირდა, დასავლეთთანაც გააფუჭებს ურთიერთობას?
– თუ დასჭირდა, კი და ეს უკვე მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის პირიდან. რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?! დასავლეთს უთხრა, რომ თუ ძალიან მოგვაწვებით, ხალხმა შეიძლება ორიენტაციის და დასავლური კურსის შეცვლაზეც კი იფიქროსო. ხალხს გადააბრალა და ხალხის სახელით გააკეთა ეს მინიშნებები. პირდაპირ შანტაჟის ენით დაიწყო საუბარი და სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში ხელისუფალს ახმოვანებს.
რთული წელი გველოდება.