გიგლა ბარამიძე – “სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე პოლიტიკური ბომბია”

გიგლა ბარამიძე - “სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე პოლიტიკური ბომბია”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს.
– ბაკურიანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, შეურაცხყოფა მიაყენეს. ხალხი მის მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავს. ეს რისი მანიშნებელია?
– პირველ რიგში, ჩემი მოძრაობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ვგმობთ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, შეურაცხყოფით დაწყებული, ფიზიკური ანგარიშსწორებით დამთავრებული. განსაკუთრებით, ოჯახის თვალწინ. მეორე მხრივ, ეს არის ხალხის დამოკიდებულება.
– ხელისუფლების მიმართ?
– რასაკვირველია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, განსაკუთრებით კი – აქტივისტებისა და ლიდერების მიმართ. რობაქიძე, რომელიც ბაკურიანში თავს დაესხა ოხანაშვილს, იყო „ქართული ოცნების“ წევრი 2012-დან 2017 წლამდე და პარტიის სახელით კენჭსაც იყრიდა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მმართველი პარტიის მიმართ აგრესიულად განწყობილი მარტო ოპოზიცია არ არის. ოხანაშვილზე უფრო მეტად საზოგადოებას სხვა ქოცები უშლიან ნერვებს. თუმცა, ოხანაშვილიც იმათთაგანია, რომელიც ყოველდღე ამართლებს და ალამაზებს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ნაბიჯს და შავს თეთრად გვაჩვენებს.
დღევანდელი ხელისუფლება დაემსგავსა ნაცმოძრაობის რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები ხალხს აღიზიანებდნენ და აღიზიანებენ. პირადად მე მერვე წელია, ვამბობ, რომ ეს ორი პარტია ფაქტობრივად ერთ ძალას წარმოადგენს. ეს ბევრჯერ დადასტურდა. მათ შორის, ახლახანს, როცა მმართველმა პარტიამ სააკაშვილის დანაშაულებრივი სასამართლო სისტემა ოფიციალურად გადმოიფორმა.
„ოცნებამ“ თავისი აქტივი არსაიდან ან ნაციონალებიდან მოიყვანა, ახლა სხვებს ეძახიან ნაცებს. ზოგი ნაცია იმის გამო, რომ იმას აპროტესტებს, რასაც სხვები.
– რას ნიშნავს აქტივის არსაიდან მოყვანა?
– „ოცნების“ სახეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც წინათ ბუჩქებში იმალებოდნენ. როცა სხვები სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, ამ რეჟიმისგან ვიდევნებოდით, ესენი ივანიშვილის კომპანიებში თბილად იყვნენ მოკალათებულები, შემდეგ კი პოლიტიკაში ჩვენს სისხლზე მოვიდნენ.
ივანიშვილმა თავიდანვე ჩაიდინა დიდი დანაშაული იმითაც, რომ პოლიტიკაში შუა გაკრიფა, დატოვა მარტო „ოცნება“ და ნაცმოძრაობა თავისი შტოებით, სხვებს კი კარი დაუხშო. შუას გაკრეფის პრინციპს ივანიშვილი ოსტატურად იყენებს. რეგიონებშიც დავდივარ და ვიცი საზოგადოების განწყობა. კეთილი სიტყვა ხელისუფლებაზე ვერ მოვისმინე და ვერ ვნახე. გამონაკლისია ადგილობრივი ჩინოსნობა. მარტო საკენკზე მყოფი პირები, მათი შვილები, ცოლები და საყვარლები არ აგინებენ „ქართულ ოცნებას“.
– ამ დღეებში ხალხმა აგრესია სხვაგანაც გამოხატა – პროტესტი გამოთქვა კალანდობაზე გურიაში სტუმრებთან ერთად ჩასული პრეზიდენტის მიმართ და აღნიშნა, რომ ხალხს შია.
– სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე პოლიტიკური ბომბია. ის გვაოცებს თავისი უვიცობით და უგუნურებით. ჯერ იყო და გამოგვიცხადა, ჯარი არ გვყავს, იარაღი არ გვაქვს, არც გვეყოლება და არც გვექნებაო. ახლა, ეროვნული დროშის დღეს, დროშის ფონზე გვამცნო, დღეს არ გვაქვს ბერკეტები, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებიო. ამ ქალს ჰგონია, რომ თუ ქვეყანას ატომური ბომბი არ აქვს, საკუთარ მოქალაქეებს ვერ დაიცავს.
– იქნებ, მას ისევ ჯარი ჰქონდა მხედველობაში?
– პრეზიდენტმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ ადამიანებს იცავენ მთელი რიგი ინსტიტუტებით – პრეზიდენტის ინსტიტუტით, პარლამენტით, დიპლომატიით და ა. შ. იტყვის სისულელეს, ანტისახელმწიფოებრივ აზრს, მერე კი სწყინთ, როცა პრეზიდენტს მოღალატეს ეძახიან.
ანტიკურ ქალაქ დელფოსში, აპოლონის ტაძარში, იყო ორაკული, იგივე მისანი. მის ნათქვამს იოლად ვერ იგებდნენ. ეტყობა, სალომე ზურაბიშვილს დელფოსის აპოლონის ტაძრის მისანი ჰგონია. მისი გარემოცვა საზოგადოებას აბრალებს, რომ მის განცხადებებს ვერ იგებს.
– გახარიასთან დაკავშირებულ ამბებზე რას იტყვით? რისთვის სჭირდებათ ახლად დამტკიცებული პრემიერის გათავისუფლება?
– ჩემი მონაცემებით, გახარიას შიგნით გუნდში აქვს პრობლემები. მას პრემიერ-მინისტრი ჰქვია, სინამდვილეში კი პრემიერობის ნიშანწყალიც არ ეტყობა. მას 20-21 ივნისის მოვლენების სისხლიც ამძიმებს. ამას დაემატა სხვა საკითხები. ამაზე მეტს ვერ დავაკონკრეტებ.
– თუ პრემიერად ღარიბაშვილი დანიშნეს, ეს რისი მომასწავებელი იქნება?
– არაფრის. ღარიბაშვილი იქნება, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ბუღალტერი ან მოლარე, ან განათლების მინისტრი, რომელიც დიდი გაუგებრობაა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. სისტემა და მიდგომებია შესაცვლელი.
ოდირმა გამოგზავნა კრიტიკული დასკვნა. იქ ეჭვქვეშაა დაყენებული ხელისუფლების მიუკერძოებლობა მოსამართლეების დამტკიცების საკითხში. ამ დროს გამოდის კომოს ტბაზე ნამყოფი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და აცხადებს, რომ ეს არის დადებითი დასკვნა. ეს უკვე საზოგადოების დაცინვა აღარ არის. ესაა სახეში შეფურთხება. ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რასაც მინდა, იმას გიშვრებიო.
– პოლიტიკური ველის გაკრეფვაზე ისაუბრეთ. ბოლო დღეებში სააკაშვილი ისევ გააქტიურდა. შუას გაკრეფვის ახალი ეტაპი ხომ არ იწყება?
– ჩემი პროგნოზები ხდება. მათ შორის, თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული აზრებიც ამხდარა. ყოველთვის ვამბობდი – რთულ სიტუციაში „ქართულ ოცნებას“ მხსნელად ევლინება სააკაშვილი. ის ამ დროს აკეთებს გაუგებარ განცხადებებს, ზაფრავს საზოგადოებას და ზიანს აყენებს საკუთარ ნაცმოძრაობას.
მის პარტიაში ნატრობენ, ნეტა ხმა არ ამოიღოსო. მისი გამოსვლები ყოველთვის ადგება „ქართულ ოცნებას“. თვითონ სააკაშვილი, სხვას რომ თავი დავანებოთ, უქნარაა. რას უნდა მოელოდე ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა სხვა სახელმწიფოს ჩინოსნობაზე გაცვალა! თუ საზოგადოება „ოცნებისა“ და სააკაშვილის თამაშებს ვერ მიმხვდარა, მაშინ მოემზადოს, რომ მომავალი 4 წელიწადი ისევ ამ 2 ძალის ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და პოლიტიკურ თამაშებს უნდა უყუროს.
– არაფერი შეიცვლება?
– ასე უიმედოდაც არ უნდა განვეწყოთ. სიტუაცია შეიცვლება, თუ საზოგადოება გამოერკვევა, გამოფხიზლდება და წელს არჩევნებზე სხვა, სწორ არჩევანს გააკეთებს.