გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ კი, მისივე შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა და ტანსაცმლის სახელო სისხლიანი ჰქონდა.

თოდუას თქმითვე, აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით მოწმეს გამოძიების ეტაპზე არ უსაუბრია.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ჯანაშიამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა და იგივე გარემოებებზე ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც მას საკუთარ ჩვენებებში აქამდეც უსაუბრია.

იპნ