გურამ ჩალაგაშვილი – “ივანიშვილს გახარიას კონტროლი უჭირს და შეცვლას უპირებს”

გურამ ჩალაგაშვილი - “ივანიშვილს გახარიას კონტროლი უჭირს და შეცვლას უპირებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, როგორი იყო თქვენთვის გასული 2019 წელი?
– საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანიც. ამ წელს ჰქონდა ბევრი დადებითი მხარეც.
– რა თვალსაზრისით?
– დადებითი იმ კუთხით, რომ საკმაოდ გააქტიურდა და გამოცოცხლდა პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია. დღევანდელი ხელისუფლება არის პირდაპირ პრორუსული ორიენტაციის და არანაირი დასავლური კურსი მას არ აქვს, ოპოზიციის შრომის შედეგად ეს საბოლოოდ იქნა გამოაშკარავებული და ეს უკვე დაინახეს ხელისუფლების მხარდამჭერებმაც.
ეს პროცესი კი ხელს შეუწყობს იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე ქვეყანა დადგეს სწორ რელსებზე და საბოლოოდ ეშველოს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ეს ყველაფერი.
უარყოფითი მხარეები არის ის, რომ საკმაოდ იმატა რეპრესიებმა, პრაქტიკულად ყველა ზღვარს გადავიდა ხელისუფლება.
– პოლიტიკური ნიშნით დევნილები გვყავს ქვეყანაში. პოლიტპატიმრები.
– რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები გვყავს და არა ერთი და ორი. ათობით. პირველი გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში 12 წლის შემდეგ, რომელმაც შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და პარტიის შექმნიდან და საფრანგეთიდან დაბრუნებიდან ერთ კვირაში დააკავეს. ერთ კვირაზე მეტი ვერ გაუძლო ხელისუფლებამ მის აქტიურობას. დააკავეს და დღემდე პატიმრობაშია. ასევე პატიმრობაშია მისი დაცვის წევრი და ახლო მეგობარი.
– კეთდება შეფასებები, რომ 2020 წელს ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან საარჩევნო წელია. მალე ივანიშვილი სამთავრობო კარუსელს გეგმავს, გახარიას თალაკვაძით ჩაანაცვლებსო. ამაზე რას იტყვით?
– უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი გახარიას აუცილებლად შეცვლის. ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მათთვის, იმიტომ, რომ გახარიასნაირი წონიანი ფიგურა არ ჰყავს ივანიშვილს. თალაკვაძე გახარიას ნახევარი კი არა, მეოთხედიც არ არის და ვერ იქნება ვერასდროს.
– მის გუნდში გახარია ერთ-ერთ ძლიერ ფიგურად აღიქმება და ასე მარტივად მოიშორებს?
– მას ძალიან გაუჭირდება გახარიას მოშორება. გახარიას მოშორებით ივანიშვილი დასავლეთს დაანახვებს, რომ მან გადადგა ევროპისკენ ნაბიჯი, რადგან ყველამ ვიცით, რომ გახარია არის პირდაპირ რუსეთის მიერ დანიშნული კაცი, რომელმაც უნდა გაატაროს რუსული პოლიტიკა. გახარიას ასე მარტივად ვერ აკონტროლებს ივანიშვილი და ამიტომაც გახარია მისთვის არის დისკომფორტი.
– გახარია ივანიშვილს არ ემორჩილება, უჭირს მისი კონტროლი?
– ივანიშვილი საერთოდ ვერ აკონტროლებს გახარიას და ვერც გააკონტროლებს. თავისი გაუაზრებელი ნაბიჯებითაც კარგად გვაჩვენებს ამას ივანიშვილი. პატრიარქის აღსაყდრების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც გახარიაც იმყოფებოდა და ივანიშვილიც, ივანიშვილმა, რომელიც არის მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე და არანაირი თანამდებობის პირი, საქართველოს პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს, არ აცალა სიტყვით გამოსვლა, მიმართვა და გახარიასაც და დანარჩენებსაც უთხრა – აქ მე ვარ მთავარი და თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ.
ამის მერე კიდევ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი გახარიას შეცვლას აპირებს, რადგან უჭირს მისი კონტროლი და არც გახარია ემორჩილება დიდად.
– ანუ მათ შორის არის დაძაბულობა და დასავლეთიც სთხოვს ივანიშვილს, რომ მოიშოროს გახარია?
– გახარიას ძლიერი ზურგი აქვს და ეს არის რუსეთი. ივანიშვილი წლებია, ცდილობს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება, შეუძლებელია, რომ რუსეთისთვისაც მისაღები ფიგურა იყოს ადამიანი და დასავლეთისთვისაც, ეს გამორიცხულია. ან ერთს მოსწონხარ და გიმაგრებს ზურგს, ან მეორეს.
არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე თვე და ძალიან რთულია, როდესაც 7 წელიწადზე მეტია ატყუებ დასავლეთს და ეუბნები, რომ ხარ მისი მხარდამჭერი და ამ დროს მიდიხარ რუსეთისკენ, 8 თვეში ეს ყველაფერი დააჯეროს ივანიშვილმა დასავლეთს.
– შიგნით რა სიტუაცია აქვს “ოცნებას”, ვის ემორჩილებიან მინისტრები და ვის სიტყვას მეტი ფასი აქვს?
– ივანიშვილის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება ყველა მინისტრისთვის. შეიძლება ერთი-ორი მინისტრი იყოს ისეთი, რომელიც გახარიასაც ემორჩილება და ივანიშვილსაც, ერთსაც ასიამოვნებენ და მეორესაც. ფაქტია, რომ არც ერთი მინისტრი საქმეს არ აკეთებს, ქვეყანა მიდის უკან.
– ისიც ითქვა, რომ კახი კალაძეც ემზადება ოპოზიციაში გადასასვლელად. დაიშლება საბოლოოდ “ქართული ოცნება”? ან “ოცნების” წიაღში ხომ არ წარმოიქმნება მართული ოპოზიცია?
– ვერაფერს გეტყვით, შეთქმულების თეორიების არ მჯერა ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რომ როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლება.
ძალიან რთულია, დღეს ვინმემ დაიჯეროს, რომ ივანიშვილს აუჯანყდნენ თუნდაც მაჟორიტარები. შეუძლებელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ კახი კალაძე გახდება რეალური ოპოზიცია. შეუძლებელი და ფაქტიურად გამორიცხულია, რომ არჩილ თალაკვაძე, ან კობახიძე არ ემორჩილებოდნენ ივანიშვილს.
ივანიშვილს ემორჩილება ყველა, იმორჩილებს ყველას. ვინც საღად აზროვნებს, ის ცდილობს, ივანიშვილთან კავშირი არ ჰქონდეს. შეიძლება ცდილობდნენ კიდეც, რეალურად მოშორდნენ ივანიშვილს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება.
– რატომ იქნება რთული?
– ეს შეიძლება გააკეთო წლებით ადრე, ვიდრე არჩევნები მოვა, როდესაც არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე სადღაც გაიქცევი და აბუნტებულის როლის თამაშს დაიწყებ, ამით ბევრს ვერ დააჯერებ. კახი კალაძე შეიძლება ცალკე თამაშში იყოს იმ კუთხით, რომ მას ჰყავს თავისი მხარდამჭერები, მას აქვს თავისი რეიტინგი, მას ჰყავს თავისი მიმდევრები, მისი მხარდამჭერები და კალაძე შეეცდებიან, რომ ეს ხმები აიღონ და გაუყონ ისევ “ქართულ ოცნებას”.
– რას აპირებს ოპოზიცია 2020 წელს? კიდევ ერთი ინიციატივა მოვისმინეთ გიგი უგულავასგან, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთ სიაში ვიქნებით და ერთი სიით გავალთო. რა გეგმები გაქვთ, როგორ უნდა შეძლოთ ივანიშვილის დამარცხება?
– ივანიშვილს შევუტევთ ბოლომდე. მან უკვე საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო ოპოზიციისგან. მან მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა ლიდერმა საქართველოში – მთელი ოპოზიცია გაგვაერთიანა.
ჩვენ ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს, “ქართული ოცნება” და შესაბამისად, თუ ივანიშვილი არ დათმობს და არ წამოვა გერმანულ მოდელზე, მაშინ ოპოზიცია ვამბობთ, რომ ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით, რომ ჩავატაროთ არჩევნები თითო კანდიდატით, ყველა მაჟორიტარულ ოლქში, რაც დამანგრეველი იქნება “ოცნებისთვის”. მთელი ოპოზიციური სპექტრი იმუშავებს ერთიანად და მინიმუმ 90%-ს ივანიშვილი წააგებს მაჟორიტარული ოლქებისას.
ამის შედეგად უმრავლესობა იქნება ოპოზიციისა და ამის შემდეგ შევა ყველანაირი ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში და ამის შემდეგ 6-7 თვეში ჩატარდება არჩევნები პროპორციული სისტემით.
– ანუ ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავთ?
– რა თქმა უნდა! ეს ძალიან მარტივი ვარიანტია და ერთ-ერთი მარტივი გზა არის ამ ხელისუფლების დასამარცხებლად. უბრალოდ, ივანიშვილის მხრიდან გაჯიუტება და დათმობაზე არწამოსვლა კიდევ ერთი ღია განცხადებაა მისი მხრიდან, რომ მას ქვეყანა არ აინტერესებს.
მისი ერთადერთი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა და ის შეეცდება, ამის გამო ყველაფერზე წავიდეს. თუმცა, ვაფრთხილებთ მას, რომ ეს აღარ გამოუვა!
ივანიშვილო, შენ უკვე დამთავრდი!