“ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერად ამზადებენ”

“ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერად ამზადებენ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, წერილი წერილზე მოდის ამერიკელი სენატორებისგან. ამ ყველაფერს გაზვიადებულს უწოდებენ ხელისუფლებაში. თქვენ რას იტყვით, გაზვიადებულია ეს საკითხი?
– სენატორების წერილები რა თქმა უნდა მძიმე საკითხია. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სენატორების უმრავლესობა იქაური ოპოზიციაა. საუბარი იმაზე, რომ ამ სენატორებმა წერილები მოიწერეს და სასწრაფოდ რადიკალურად უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ მიდგომები, ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება.
ჩვენ ვისმენთ ერთ მკაფიო გზავნილს იქიდან და ამაზე ჩვენც და მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ვგულისხმობ პროპორციული არჩევნების არმიღებას. მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” მმართველ ელიტას სურდა პროპორციული არჩევნები და იქ ვიღაცა დეპუტატებმა, რომელთა ხმა არ გაგონილა წლების განმავლობაში, უეცრად ხმა აიმაღლეს და მათ გადაწყვიტეს “ქართული ოცნების” ბედი. ეს უბრალოდ ფანტასტიკის სფეროა.
– ამ თემამ გააღიზიანა ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც?
– რასაკვირველია. სრულიად გასაგებია მათი გაღიზიანების მიზეზი. როდესაც ორი წლის განმავლობაში მათ ეუბნები, მე კაი ტიპი ვარ, იმიტომ, რომ მე ამას ვაკეთებ და ეს არის დემოკრატიის პიკი და მართლაც, მათ რომ მიეღოთ პროპორციული სისტემა, ეს იქნებოდა დემოკრატიის პიკი.
– იყო დაპირება და ყველა გადააგდეს.
– დიახ, პრობლემა ეს არის, იყო დაპირება და გადააგდეს. არადა ამერიკიდან ნდობის ფაქტორი ნამდვილად დიდი იყო. ელჩიც კი არ გამოუგზავნიათ მთელი წელიწადნახევარი. როდესაც ელჩის დანიშვნა იგვიანებს, ან ფეხებზე კიდიხარ ამერიკას, ან მაღალი ნდობით სარგებლობ. ფეხებზე ნამდვილად არ ვკიდივართ. ასე რომ, გვენდობოდნენ და ამათ რა გააკეთეს.
ამერიკა რომ დარწმუნდა, ესენი არ აპირებენ პროპორციული არჩევნების ჩატარებას, ამის მერე გამოაგზავნეს ელჩი, სწორედ ამის მერე წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან შეტევები. ეს შეტევები ლეგიტიმურია.
თავად ამერიკას რომ შევხედოთ, სენატი მთლიანად მაჟორიტარული სისტემით არის არჩეული და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ პროპორციულით უნდა აირჩიოთ პარლამენტიო. რა, ეს დემოკრატიული მიდგომაა?! ეს ჩვენი ხელისუფლების არჩევანი იყო თავის დროზე, ეგონათ თავის თავი უძლეველი ტიპები და ფიქრობდნენ, რომ ასეთ პირობებშიც კი შესაძლებელია, რომ დამარცხდეს ოპოზიცია მათთან.
მე მაქვს ბოლო ინფორმაციები, რომ “ქართული ოცნება” ცვლილებებს გეგმავს.
– ცვლილებებს რასთან დაკავშირებით?
– “ქართული ოცნება” მთლიანად პროპორციულზე არ გადავა, მაგრამ ნაწილობრივ შეამცირებს მაჟორიტარების კვოტას და 5%-დან დაწევს 3%-მდე საპარლამენტო ბარიერს.
– ანუ დათმობა იქნება?
– დიახ, რაღაცა შუას აიღებენ, არც იქით რომაა და არც აქეთ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩუგოშვილის უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ, “ოცნებამ” საერთოდ გაწყვიტა ამერიკასთან ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც ჩუგოშვილმა დატოვა მმართველი ძალა, როგორც ჩანს, ისეთი დონის კომუნიკაცია აღარ აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ამ მოცემულობაში, რომ ხელისუფლების მხარდასაჭერი განცხადება არ გაკეთებულა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან დარღვეულია სერიოზულ დონეზე.
– ლადო, რა ხდება შიგნით “ოცნებაში”? სერიოზული ქაოსია, ამას ლევან იზორიას სკანდალიც დაერთო.
– იზორიას წასვლა ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ იყო. პირადად მე, 2019 წლის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უნდა წასულიყო. არ ვიცი, რატომ დატოვეს ეს ადამიანი ამ დრომდე. მისი ჩამოქვეითებაც და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად გადაყვანა კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ წავიდნენ.
– რატომ წავიდნენ ამერიკის საწინააღმდეგოდ?
– იმიტომ, რომ იზორია გამოკვეთილად იყო პროამერიკული მინისტრი, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ეს ცვლილებებიც მიანიშნებს იმას, რომ ეს არის გზა ერდოღანიზაციისკენ! ეს არის გზა, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას ამერიკასთან, ევროპასთანაც გვაქვს დაძაბული ურთიერთობა და ვალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან. დაახლოებით ასეთ გზაზე დგას ეს ხელისუფლება. ის კადრები, რომლებიც იყვნენ პროდასავლურები და მათი რეკომენდაციით დანიშნულები, აღარ არიან ხელისუფლებაში.
– კერძოდ?
– იგივე ჩუგოშვილზე რომ ვსაუბრობდი, ჩუგოშვილი და მისი გუნდი იყვნენ ამერიკის რეკომენდაციით წარმოდგენილები. შესაბამისად, მათი წასვლა, იზორიას წასვლა, ისეთი ადამიანის პრემიერად დანიშვნა, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, ადანაშაულებენ ტერორისტულ ქმედებებში და ასე შემდეგ, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობა კი არა, რუსეთთან ურთიერთობა გვინდა.
შიდა არეულობას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ წულუკიანის განცხადება, რომ მინისტრობიდან გადადგომას და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. დასჯილი ბავშვის ტონი იგრძნობოდა ამ ქალბატონში. ის მუდმივად მმართველი მინისტრი იყო 8 წლის განმავლობაში ამ სამინისტროში. მან თავისი კლანი ჩამოაყალიბა და აღარავის მოსწონდა ეს ქალბატონი. პირდაპირ უთხრეს, წადი, თავი დაგვანებეო. ჩემი აზრით, მას პარლამენტში გაუშვებენ.
რაც შეეხება ციხელაშვილს, მასზედაც მკაფიო გზავნილებია ხელისუფლებიდან, რომ ეს ადამიანი მიდის. მართალია, ჯერ კულუარულია ეს ინფორმაცია, მაგრამ საკმაოდ მკაფიოა.
– მას სად უშვებენ?
– ალბათ მასაც რომელიმე მდაბიო ქვეყნის ელჩად გაუშვებენ.
ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცვლის თავის გუნდს რადიკალურად. ამხელა საკადრო ცვლილებები, თანაც ასეთი მძიმეწონიანი ადამიანების, ნიშნავს იმას, რომ რაღაც ძირეული იცვლება ამ პარტიაში. ძველად ჩაბუდებული ტიპები აღარ უნდა იყვნენ ამ პარტიაში და აღარ უნდა იყვნენ მმართველები!
– ეს რამდენად უშველის ივანიშვილს?
– პუტინმა რაც გააკეთა, მე მგონი, იგივეს გეგმავს ივანიშვილიც, პრესცენტრის ხელმძღვანელიდან დაწყებული ყველა რომ შეცვალა, მხოლოდ ლავროვი დატოვა თანამდებობაზე. ეს იმაზე მიუთითებს რომ იქაც პუტინი ცდილობს, თავის თავი დაიმკვიდროს და თუნდაც ჩრდილოვან მმართველად გადაიყვანოს თავის თავი და აქაც, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ამ ცვლილებებით გზა-კვალი აუბნიოს ქართველ ერს და თვითონ ისევ დარჩეს ერთპიროვნულ მმართველად. ეძებს ისეთ სახეებს, ვინც მის იმიჯს გამოასწორებს.
– როდიდან ელოდებით ძირეულ ცვლილებებს?
– ნახეთ, რა კარგად თქვა თავად ლევან იზორიამ, მე უკვე გადამდგარი ვარო, უბრალოდ, თებერვლის ბოლოს მივდივარ გერმანიაშიო. წულუკიანმაც იგივე თქვა, რამდენიმე თვეც ამიტანეთო. ანუ იქ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და რაღაცას ელოდებიან.
– მაინც რას?
– თუ ივანიშვილის გაპრემიერებაზეა საუბარი, ალბათ საბუთები უნდა მოაწესრიგოს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უნდა თქვას უარი.
გახარიას წასვლაზეც ამდენს საუბრობენ, მაგრამ მე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ ის გუნდში რჩება. თუ ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის პრემიერობაზე, მაშინ გახარიას შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება. ძალიან გააქტიურეს ბოლო პერიოდში ღარიბაშვილი. ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა ამერიკაში.
როგორც ჩანს, სწორედ მას ამზადებენ პრემიერ-მინისტრად.