ირანმა აშშ-ს ბაზებს ერაყში რაკეტები დაუშინა

ირანმა აშშ-ს ბაზებს ერაყში რაკეტები დაუშინაირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ქასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ზარალის შეფასების მიზნით შესაბამისი მუშაობა ხორციელდება. ყველა საჭირო ზომას მივმართავთ რეგიონში აშშ-ის პერსონალის, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად,“- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

მისივე თქმით, შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა – ალ-ასადი და ირბილი იყო.

ირანის მიერ ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა პირველი ნაბიჯი იყო, თეირანი ამერიკულ ჯარს არ დაინდობს, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა.

„დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. დონალდ ტრამპმა რეგიონიდან საკუთარი ჯარის გაყვანაზე უნდა იფიქროს,“- განაცხადა მეთაურმა.

ირანს არ სურს ესკალაცია და ომი, მაგრამ თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანმა ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებისას გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად იმოქმედა.

„ირანმა თავდაცვის ფარგლებში პროპორციული ზომები გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად გაატარა. მისი სამიზნე იყო ბაზა, საიდანაც ჩვენი მოქალაქეების და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხდალი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას ან ომს, მაგრამ დავიცავთ თავს აგრესიისგან, ”- წერს მუჰამედ ჯავად ზარიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

ტრამპი მომხდარზე მოკლე კომენტარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აკეთებს.

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – წერს ტრამპი.

ირანის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა და დაჭრილთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გამოცემის ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა არც ერაყის უსაფრთხოების ძალებს შორის.

წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, – ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.

იპნ