„ივანიშვილი კალაძეზე იერიშს მიიტანს – ორმა ყაჩაღმა ფული ვერ გაინაწილა”

„ივანიშვილი კალაძეზე იერიშს მიიტანს - ორმა ყაჩაღმა ფული ვერ გაინაწილა”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, პარტიულ რეიტინგებში ისევ “ქართული ოცნებაა” პირველ ადგილზე, თუმცა მას მხოლოდ 20%-იანი რეიტინგი აქვს. მეორე ადგილზე მყოფ ნაციონალურ მოძრაობას 13% აქვს, ხოლო “ევროპული საქართველოსა” და თავისუფალი დემოკრატების ბლოკს 8%. არცერთ პარტიას უჭერს მხარს 14%, კითხვაზე პასუხზე უარი თქვა ასევე 14%-მა, ხოლო 12%-მა არ იცის.

რაც შეეხება მოწონებად ფიგურებს, დავით ბაქრაძე და კახა კალაძე ლიდერობენ, ხოლო ის ფიგურები, რომლებიც ყველაზე მეტად არ მოსწონთ, ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი არიან.

როგორ აფასებს კვლევის შედეგებს, რით აიხსნება კალაძის მაღალი რეიტინგი და ამით უნდა აიხსნას თუ არა მერიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს.

_ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს ცუდი შედეგი, არც ოპოზიცია ხართ კარგ მდგომარეობაში. რა პერსპექტივას ხედავთ ამ თვალსაზრისით?

_ ძალიან მარტივი შესაფასებელია. რანაირად შეიძლება ოპოზიცია არ იყოს კარგ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მხოლოდ ორი პარტიის ერთიანი რეიტინგი სჯობს ”ქართული ოცნების” რეიტინგს. ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობისა და ”ევროპული საქართველოს” რეიტინგს. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ”ქართულ ოცნებას” თუნდაც პარტიულ რეიტინგში აჯობოს. თუმცა, აქ მხოლოდ პარტიულ რეიტინგებზე ხომ არ არის საუბარი?!

_ ამით კმაყოფილდებით?

_ ვკმაყოფილდებით რა შუაშია? ნახეთ, ჩვენ ვუყურებთ იმას, მოსახლეობის განწყობასთან რაც უფრო ახლოს არის პარტია, მათ შორის ოპოზიცია. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ ადამიანების განწყობასთან ვიყოთ ახლოს. მაშინ, როდესაც ადამიანების 70%-ზე მეტი ამბობს, რომ ქვეყანას ცუდი ხელისუფლება ჰყავს და არასწორად ვითარდება. ეს აჩვენებს, რომ ოპოზიცია უფრო ახლოს არის ხალხთან, ვიდრე ხელისუფლება. ეს არის რეალობა.

მით უმეტეს ნაჩვენებია ინსტიტუციების მუშაობა. პარლამენტის მუშაობა კატასტროფულად არის შეფასებული. სასამართლოს საქმიანობა კატასტროფულად არის შეფასებული. შესაბამისად, ეს კვლევები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ”ქართული ოცნება” არის დასრულებული, დანარჩენი კი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და ქართველ ხალხზე.

_ არ ვკამათობთ იმაზე, რომ ხელისუფლება საშინელ მდგომარეობაშია და მოსახლეობაში ნდობა სრულად დაკარგული აქვს, მაგრამ შევაჯამოთ ის მონაცემები, სადაც ამომრჩევლები ამბობენ, რომ ან არ მიდიან არჩევნებზე, ან არ აქვთ გადაწყვეტილი ან არცერთ პარტიას არ აძლევენ ხმას. 35-40%-მდე ადის ეს მაჩვენებელი.

_ ჩვენნაირ ქვეყანაში ეს არის მარტივი, როდესაც დემოკრატიის ხარისხი არის დაბალი. კითხვა არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, 53% პასუხობს, რომ არა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ეშინიათ.

გგონიათ, რომ ის ხალხი მართლა გადაუწყვეტელია და მათ დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, რას და როგორ გააკეთებს?! ასეთ ვითარებაში ნორმალურია, როცა ოპოზიციური ხმები იმალება გადაუწყვეტელ ამომრჩეველში. ამ ქვეყანაში ადამიანებს ეშინიათ თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვის. მათ რომ ღიად თქვან, რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს, მათ ოჯახის წევრებს ექმნებათ პრობლემა. ეს ახალი რამეა, პოლიტიკური დევნა არ არის ქვეყანაში თუ იცით რომელიმე პარტია ოპოზიციაში, რომელზეც საქმე არ არის აღძრული, გარდა ირმა ინაშვილის პარტიისა?! იქით ხაზარაძეა, აქეთ ირაკლი ოქრუაშვილი. მითხარით პარტია, რომლის ლიდერებზეც სს საქმე არ არის აღძრული. ვთქვათ, თუ ბერძენიშვილების დაჭერას ერიდებიან უფროსების, შვილი დაუჭირეს ადმინისტრაციული წესით. ქვეყანაში სრული პოლიტიკური დევნაა.

ამას მხოლოდ ოპოზიცია კი არ ვსაუბრობთ, ეს ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომ სასამართლო და პროკურატურა ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური კომპონენტებისგან. ქვეყანაში არის დიქტატურა, არის ოლიგარქი, რომელიც ამყარებს დიქტატურას.

ვნახეთ, რაც გააკეთა დასავლეთმა მოლდოვის ოლიგარქი მმართველის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილსაც არ ელოდება კარგი დღეები. ის, რომ აი ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და ა. შ. არის ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ოპოზიცია კი არა, ქვეყანაა მძიმე მდგომარეობაში.

_ ივანიშვილის რიტორიკით ნამდვილად არ ვსაუბრობ და ამაში ვერ დამდებთ ბრალს.

_ არა, თქვენ რა შუაში ხართ. ამაზე ზოგადად ვსაუბრობ. ბიძინა ივანიშვილის რიტორიკაა ეს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ნიჰილიზმი და უიმედობა. თურმე თალაკვაძის, მდინარაძის და ვოლსკის ალტერნატივა არ არსებობს ქვეყანაში. თქვენ რა შუაში ხართ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, რომლის მიზანიც არის, ადამიანებში დათესოს ნიჰილიზმი და უიმედობა. მე ეს თქვენზე კი არ მითქვამს, ზოგადად ვთქვი. მე არ უნდა გავიმეორო ეს, თორემ თქვენი საქმეა, რას მკითხავთ და როგორ. ბიძინას პროპაგანდაა, რომ მიშა არის ბუა.

_ მუდმივად აკრიტიკებთ თქვენც და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც კალაძეს, მაგრამ დავით ბაქრაძესთან ერთად ის საკმაოდ რეიტინგული ფიგურაა. რა ახსნა აქვს ამას პირადად თქვენთვის?

_ ხმის მიცემა ერთია და მოწონება-არმოწონება მეორე. გაგახსენებთ თქვენ, რომ მოწონების რეიტინგში ლიდერებს შორის იყო დავით უსუფაშვილი, როდესაც ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მას ჰქონდა 60%-იანი მოწონება, ხოლო როცა პარტია გააკეთა, არჩევნებზე გავიდა და ხმის მიცემაზე მიდგა საქმე, მხოლოდ 1% აიღო.

იგივე დავით ბაქრაძეს, რომელსაც პირადად არაფერს ვერჩი, მოწონების რეიტინგში მუდმივად აქვს 45-50-60%, მაშინ როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე მან მიიღო 9%.

ის, რომ კალაძეს მოწონების რეიტინგში აქვს 34%, ნიშნავს იმას, რომ ის არის მაღალი კლასის პოლიტიკოსი?! მის პიარში მილიონობით ლარი იხარჯება დედაქალაქის ბიუჯეტიდან. ის არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი ან პრემიერი. ის არის დედაქალაქის მერი და ბევრად მეტი რეიტინგი უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ თუ ვინმეს რამის კეთება შეუძლია ქალაქში, ეს არის კალაძე. მაგრამ მე გეტყვით იმასაც, რომ 34% დედაქალაქის მერისთვის კატასტროფულად ცუდია. გადახედეთ ყოფილი მერების რეიტინგებს. გაიხსენეთ წინა ხელისუფლების დროს უგულავას მოწონების კი არა, მართლა რეიტინგი რამხელა ჰქონდა.

_ ამის მიუხედავად, როგორ შეხვდება ბიძინა ივანიშვილი ამას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიდის საუბარი კალაძის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლაზე?

_ კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, გახსოვთ ხომ გახარიას რეიტინგი?! დღეს არის თუ არა გახარია პოლიტიკური ბანკროტი?! კვლევებით ასე იყო, რომ გახარია იყო ყველაზე მაგარი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა სრულ პოლიტიკურ ბანკროტად აქცია. თავის ხელის ბიჭად აქცია და გააკეთებინა ყველაფერი, რაც მის მონურ მორჩილებაში იყო და ყველაფერი შეასრულა.

_ კალაძესაც იგივეს გააკეთებინებს?

_ რა თქმა უნდა. თუნდაც სერგეენკო გაიხსენეთ, რომელსაც ასევე მაღალი რეიტინგი ჰქონდა მოწონების მაჩვენებელში. დღეს კი ის პოლიტიკურ მოუსავლეთშია. ასე დაამთავრებს კალაძეც. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ავადმყოფურად ეჭვიანია.

ვიმეორებ, არ მგონია, რომ კალაძის „მოწონება“ რამეს ნიშნავდეს, ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ კალაძე დაამთავრებს ცუდად. ივანიშვილი ამასაც ვერ აიტანს. მით უმეტეს, რომ ”ქართულ ოცნებაში” ის არის ყველაზე მოწონებადი ფიგურა, ასევე, ყველაზე მეტი ფული აქვს ივანიშვილის შემდეგ.

კალაძეს ”ქართულ ოცნებაში” გავლენებიც ყველაზე მეტი აქვს. მათ შორის თუ ვინმე რამეს იპარავს ამ ქვეყანაში, კალაძე ნამდვილად მეორეა მომპარავებში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.

_ საუბარია, რომ მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა დაიწყეს. ესეც ამით არის განპირობებული და ელოდებით, რომ ამ მიმართულებით შორს წავა ივანიშვილი კალაძის წინააღმდეგ?

_ შიდა დაპირისპირება რომ არის, ფაქტია. კალაძეს და მის მოადგილე წულაიას 16 მილიონი აქვთ მითვისებული. ეს დოკუმენტებზე წერია და საქმეც არის აღძრული.

ეს ივანიშვილი სამართლიანობისთვის კი არ კეთდება, ეს რომ ასე იყოს, დიდი ხნის წინ აღძრავდნენ მის წინააღმდეგ საქმეს და დაიჭერდნენ. გინდა ამ საქმეზე, გინდა ოდიშარიას რომ 200.000 ლარიან ქონებაში 5 მილიონი მისცა, გინდა ნაძვის ხე რომ მილიონად შემოგვატენა და კიდევ უამრავი საქმეა. მათ შორის მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, რომ 12 მილიონი გაიფლანგა ენერგოსისტემებზე.

მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ ორი ყაჩაღი დაეტაკა ერთმანეთს და ჩემი, თქვენი და მოსახლეობის დოვლათი ვერ გაიყვეს. ამაზეა საუბარი, რომ ვერ გაიყვეს ჩვენი ქონება. ყაჩაღებმა ვერ გაინაწილეს ქონება.

ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილი ამ მიმართულებითაც მიიტანს მასზე იერიშს. ”ქართულ ოცნებაში” ჩამოშლა რომ დაწყებულია, ეს ხომ ფაქტია?! ძიძიგური რომ პარტიას დატოვებს, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა.

მის გარდა, კიდევ უამრავმა ადამიანმა დატოვა პარტია, მოგწონს თუ არა, მეორე საკითხია, მაგრამ გონიერებასთან რომ ახლოს იყვნენ, ისეთმა ხალხმა დატოვა პარტია, რომლებმაც მართლა რომ კომპიუტერი და ინგლისური იცოდნენ.

”ქართულ ოცნებაში” კოლექტიური კალაძეები, ოდიშარიები და წულაიები დარჩნენ. ორმა ყაჩაღმა ფული ვერ გაინაწილა და ეჭვი მაქვს, რომ კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილი კალაძეზე მიიტანს იერიშს.