კახა კოჟორიძე – “შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაიწყებს?”

კახა კოჟორიძე - “შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაიწყებს?”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კახა, ირაკლი შოთაძე მზაობას გამოთქვამს, გენერალური პროკურორის თანამდებობას დაუბრუნდეს. როგორ ფიქრობთ, რატომ შოთაძე?
– ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ უკვე გვყავს გენერალური პროკურორი და მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია. უკვე მერვე წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი ითავსებს ჯანდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებს ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა რაშიც საქართველო იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელისა და გვარის ადამიანი იქნება ამა თუ იმ სისტემაში. სისტემა ერთია და ამ სისტემას ერთი მმართველი ჰყავს.
რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე იდეალური პირი, იდეალური პროფესიონალი ინიშნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ის განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან სისტემა მას განძრევის უფლებას არ მისცემს. ეს მახინჯი სისტემა არავის მისცემს რეფორმის გატარების შესაძლებლობას, ან მკვეთრი გადაწყვეტილების მიღების შანსს.
მაგალითად, გამოიკვეთა გიორგი გახარიას შესაძლო დანაშაულის ნიშნები, როგორ წარმოგიდგენიათ, ირაკლი შოთაძემ გახარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს?!
ან კიდევ, არსებობს ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილთან ერთად პრემიერის კაბინეტში იმყოფებოდა მოსამართლე არევაძე, სადაც კონკრეტულ საქმეზე თვითაცილების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს ინფორმაცია უკვე გავიდა პრესაში, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორ ფიქრობთ, დაიწყებს შოთაძე ამ საკითხზე გამოძიებას?! ან ნებისმიერი სხვა გენერალური პროკურორი, ეს ხომ წარმოუდგენელია!
– თუ პოლიტიკურ დაკვეთაზეა საუბარი, მას ნებისმიერი შეასრულებს. რატომ ერთი და იგივე კადრები მეორე წრეზე?
– “ქართულ ოცნებაში” საკადრო დეფიციტია. ახალი სახეები არ მიდიან. შოთაძის დაბრუნება პირველი შემთხვევა ხომ არ არის – ჩხენკელი, ღარიბაშვილი გავიხსენოთ. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ უკვე კარგად გამოცდილ ხალხს ენდობა.
– გიორგი გახარიამ მისი წასვლა არც დაადასტურა და არც უარყო, ფინალურ სერიას დაველოდოთო. თუ მობრუნებაზეა საუბარი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი მობრუნდეს პრემიერის რანგში?
– მე ამას გამოვრიცხავ. გახარია, მაღალი ალბათობით, პრემიერის პოსტს დატოვებს, მაგრამ ივანიშვილი პრემიერად არ მობრუნდება. მისთვის ძალიან არაკომფორტულია მთავრობის სხდომების ჩატარება, პარლამენტში მისვლა, ანგარიშის ჩაბარება, ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა. ბოლო ინტერვიუში კატასტროფული შეცდომები დაუშვა.
ივანიშვილმა იცის, რომ მისი საქმე არ არის პრემიერმინისტრობა, საჯარო პოლიტიკა. პრემიერად თუ დაბრუნდა, ამით ის საკუთარ სიძლიერეს კი არ აჩვენებს, პირიქით, საკუთარ სისუსტეს.
მაღალი ალბათობით, ივანიშვილი შეიძლება საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდეს. თუმცა, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, ბიძინა ივანიშვილს სხვა ყველა ოპოზიციურ თუ სახელისუფლო ლიდერთან შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს. ეს არ არის მისთვის სახარბიელო მდგომარეობა. ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, რომ შეიძლება სიას თავად ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში.
– მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგება?
– პრემიერი თუ შეიცვლება, მთავრობა მთლიანად უნდა შეიცვალოს. სამართლებრივად ასეა. ახალმა პრემიერმა თავად უნდა დაასახელოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.
– შემადგენლობის ცვლილებას გამორიცხავთ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა შეიძლება ისევ იგივე პირები დაბრუნდნენ.
– ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნებაზე რას იტყვით? ის ამის შესახებ 20 იანვარს გააკეთებს განცხადებას.
– 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში ხელახლა მობრუნება მძიმე ამბავი იქნება, მაგრამ გაკვირვებით ნამდვილად არ გამიკვირდება, რადგან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი, გახარია, პრემიერად დააწინაურეს. ამიტომ, ზაქარია ქუცნაშვილის დაბრუნება ამ სისტემაში შეიძლება უფრო ლოგიკურიც კი იყოს, ვიდრე გასაკვირი.