კახეთში სიმამრის მკვლელობისთვის არჩილ ჯანგულაშვილი თვენახევრის შემდეგ დააკავეს

კახეთში სიმამრის მკვლელობისთვის არჩილ ჯანგულაშვილი თვენახევრის შემდეგ დააკავესკახეთის პოლიციამ, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სოფელ ნუკრიანში მოკლული ფირუზ გოგინაშვილის სიძე დააკავა.

არჩილ ჯანგულაშვილს გამოძიებამ ამ ეტაპზე  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით წაუყენა ბრალი, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ჯანგულაშვილის წინააღმდეგ, 2019 წლის 30 ნოემბერს გამოძიება 108 განძრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

პარალელურად სიღნაღის პოლიცია ჯანგულაშვილს 126-ე ძალადობის მუხლს ედავება, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯანგულაშვილი  მეუღლეზე ნატო გოგინაშვილზე მუდმივად ძალადობდა.

მათივე თქმით, სწორედ შვილზე ძალადობის გამო დაუპირისპირდა მოკლული ფირუზ გოგინაშვილი სიძეს, რის შემდეგაც 50 წლის კაცმა სიმამრი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით  მოკლა.

პოლიციამ მომხდარიდან მალევე, არჩილ ჯანგულაშვილის საგამოძიებო ორგანოში  გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ძებნა გამოაცხადა.

50 წლამდე მამაკაცი კახეთის პოლიციამ მომხდარიდან თვენახევარში, გუშინ დააკავა. ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რუსთავი 2