“კალაძე ოპოზიციაში ისე წავა, როგორც სააკაშვილი წავიდა შევარდნაძის ოპოზიციაში”

“კალაძე ოპოზიციაში ისე წავა, როგორც სააკაშვილი წავიდა შევარდნაძის ოპოზიციაში”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, გიორგი გახარიას წასვლა რას შეიძლება უკავშირდებოდეს, არჩევნებს?
– ძალიან მძიმე წელი ელოდება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ყველა გამოსავალს ეძებს. როგორი იქნება საარჩევნო კანონი, როგორი იქნება პოლიტიკური პროცესი, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
“ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად ეცემა, მაგრამ ეს არ ემატება ოპოზიციას. ყველა მოლოდინის რეჟიმშია, რაღაც უნდა მოიმოქმედოს “ქართულმა ოცნებამ”.
ამ ფონზე ჩნდება ვერსიები, რომ გახარია წავა, ივანიშვილი დაბრუნდება. არჩევნებამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ ხელისუფლება ხელშესახებ შედეგებს ვერ დადებს. ამდენად, “ქართული ოცნებას” ერთადერთი გზა რჩება მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებზე წასვლა. უკვე იმასაც აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თავად ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერად, თუ არა. “ქართულ ოცნებას” სიახლის შეთავაზება საზოგადოებისთვის არ შეუძლია.
20 ივნისის შემდეგ გახარია მუდმივი ცეცხლის ქვეშაა. წარმატებული ნაბიჯები არ ჩანს. გახარია უფრო მეტ ნეგატივს ატარებს დღეს, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ, ახლის მოსვლით რაღაც ილუზიის შექმნის მცდელობა იქნება.
– სამთავრობო ცვლილებების ფონზე საუბარია დაჭერებზე გუნდის შიგნით. აქცენტი კალაძის მიმართულებით კეთდება. რამდენად რეალურია, რომ ამ მიმართულებით წავიდეს ივანიშვილი?
– ანტიკორუფციული კუთხით დაჭერები ძალიან პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამეს ყველგან, მით უფრო, ჩვენი ტიპის ქვეყნებში. მოყოლებული შევარდნაძიდან, 1972 წელს ვგულისხმობ, ეს ნაბიჯი დღემდე პოპულარულია.
გაიხსენეთ სააკაშვილი და მისი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ტელედაჭერებიც კი იყო. ეს კარგად აპრობირებული მეთოდია, მით უფრო, თუ წინ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია.
განა სხვა რა გზა რჩება?! სისტემურ ცვლილებებს რომ ვერ მოასწრებს, ეს ცხადზე ცხადია. სოცილაურ პროექტის განხორციელებასაც ვერ მოასწრებენ, მაგალითად, ისეთს, როგორიც ჯანდაცვის პროგრამა იყო. ასეთი პროექტები შეიძლებოდა განხორციელებულიყო, როდესაც ივანიშვილმა რეალური ცვლილებების პირობები დადო, მაშინ თავად უნდა დაბრუნებულიყო პრემიერის პოსტზე და რეალური ცვლილებები დაეწყო.
ახლა უკვე ყველაფერი გვიანაა.
– კალაძეს რამდენად შეეხება ეს ყველაფერი?
– არა მგონია, კალაძეს შეეხოს. მართალია, კალაძე გარკვეულწილად ავტონომიას ინარჩუნებს, მაგრამ მე მაინც გამოვრიცხავ. თუმცა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების მხრივ წელში არ ვართ გამართული და თუ დავალება იქნება, ცხადია, შესრულებულიც იქნება.
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მეეჭვება, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული კალაძის წინააღმდეგ.
– თუნდაც ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაშიც?
– კალაძე ოპოზიციაში არ წავა ისე, თუ ივანიშვილის წინასწარი პოზიცია და განწყობა არ ეცოდინება. თუ კალაძე ოპოზიციაში წავა, მაშინ ეს იქნება დაახლოებით ისეთივე წასვლა, როგორიც იყო სააკაშვილის წასვლა მოქალაქეთა კავშირიდან ოპოზიციაში.
თავის დროზე მოქალაქეთა კავშირმა შვა ნაციონალური მოძრაობა, არ არის გამორიცხული, “ქართულმა ოცნებამ” ასეთივე პოლიტიკური ძალა შვას კალაძის მეთაურობით. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, როგორც თავის დროზე შევარდნაძემ მიიღო გარანტიები იმ ახალი გუნდისგან, ივანიშვილიც ისევე მიიღებს გარანტიებს კახა კალაძისგან. თუ ეს აუცილებლობა დადგება, მაშინ შეიძლება ამგვარი სცენარი ამოქმედდეს.
– შეიძლება ეს უფრო შეთანხმებული იყოს?
– შეიძლება შეთანხმებული არც კი იყოს, მაგრამ სიტუაციამ მოიტანოს. პოლიტიკაში სიტუაციას მოაქვს ხოლმე ასეთი რეალობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა ასეთ მიმართულებას ხელი შეუწყოს, რადგან შეიძლება ეს მისთვის ბევრად უფრო სასურველი მიმართულება იყოს.
– უფრო კონკრეტულად?
– თუ ივანიშვილმა ძალაუფლება უნდა დაკარგოს, მაშინ, რა თქმა უნდა, მისთვის სასურველია, ეს ძალაუფლება იმ გუნდმა აიღოს, რომელიც მისდამი ოდესღაც მაინც კეთილად იყო განწყობილი.