ხატია დეკანოიძე – ლავროვს საქართველოში არ შემოვუშვებთ!

ხატია დეკანოიძე - ლავროვს საქართველოში არ შემოვუშვებთ!შემიძლია გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, მოეგონ გონს. ნუ დაუშვებენ „მეორე გავრილოვს”, იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს. ეს არის ღირსების საკითხი და ჩვენი ზომებიც გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზღვარზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.

დეკანოიძე პრეზიდენტის ამ განცხადებას ამაზრზენს უწოდებს.

„ეს ამაზრზენი განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ცხადია, პირდაპირ აკანონებს ოკუპაციას. ეს არის ნიშნული, რომელიც გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამის” შემდეგ. მაშინ, როცა „გავრილოვის ღამეს” მოჰყვა ძალიან სერიოზული აღშფოთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოკუპანტის წინააღმდეგ, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბედავს და გვიანონსებს, რომ საქართველოში ოკუპაციის კანონი, თურმე არაფერი არ არის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის უმასპინძლოს რუსეთის ხელისუფლებას. ის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, თითქოს საერთაშორისო სამართლის რაიმე ნორმას ეწინააღმდეგება, ეს არის აბსურდი, დიპლომატიური უმეცრება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას პირდაპირ ცნობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.