ლევან ბერძენიშვილი – „ივანიშვილი მშიშარა კაცია, პრემიერობისთვის საფრანგეთის მოქალაქეობას არ დათმობს“

ლევან ბერძენიშვილი - „ივანიშვილი მშიშარა კაცია, პრემიერობისთვის საფრანგეთის მოქალაქეობას არ დათმობს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ხელისუფლებაში „მეორედ მოსვლების სერია“ დაიწყო. ”ქართულ ოცნებაში” მეორედ მოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად დაიწყო, რომელიც სინამდვილეში არც არსად წასულა, თუმცა კულისებიდან პარტიულ სტრუქტურაში ხილულად გადაინაცვლა და პარტიის თავმჯდომარე გახდა. შემდეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის მინისტრადაც მოგვევლინა. 2020 წლიდან კი ეს „მეორედ მოსვლები“ „ოცნების“ მთავარი ხაზი გახდა.

ჯერ განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს, ახლა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძეს აბრუნებენ. პარლამენტში დაბრუნებას ზაქარია ქუცნაშვილიც არ გამორიცხავს, რომელსაც დეპუტატის მანდატის დატოვება გავრილოვის ჩამოყვანის გამო მოუხდა, რასაც შემდეგ რუსთაველზე აქციის დარბევა მოჰყვა. პოლიტიკურ კულისებში კი იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ივანიშვილი გახარიას პრემიერობიდან უშვებს და წინასაარჩევნოდ მთავრობას თავად უხელმძღვანელებს.

დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე? წავა თუ არა ის კალაძის დაჭერაზე და ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიცია კალაძესთან, თუ ის ოპოზიციაში გადავა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პასუხობს.

_ პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხს თქვენ როგორ უყურებთ? რატომ შეიძლება შეცვალოს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა ახლა, როდესაც მისი გადაყენების მოთხოვნა ისე აქტუალურად აღარ დგას საზოგადოებაში, როგორც ეს იყო რამდენიმე თვის წინ?

_ ”ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნა ვიღაცას უნდა დაბრალდეს. ყველაზე ადვილი და სამართლიანია, რომ ეს დაბრალდეს გიორგი გახარიას, რომელიც არის დამნაშავე ჯალათი და რომელიც იმის ნაცვლად, რომ მოეხსნათ და საბრალდებო სკამზე აღმოჩენილიყო, პრემიერ-მინისტრი გახდა.

რაც მართალია, მართალია _ ცუდი პრემიერ-მინისტრია და არც მაგ საქმეში არ ვარგა, ისე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრად არ ვარგოდა და არც ეკონომისტად არ ვარგოდა. გახარია საერთოდ უვარგისი კაცია და არავის არ გამოადგება, მოსკოვის გარდა. ეს გათავისუფლება ამასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ის არ დაკარგავს მას. ახლა ისეთი ვითარებაა, როდესაც შესაკრებთა ადგილების შეცვლას ჯამის შეცვლა არ შეუძლია.

ახლა რა გადაადგილებებიც არ უნდა მოხდეს ”ქართულ ოცნებაში” და ვინც არ უნდა შეიცვალოს, ის ვერ შეაჩერებს ”ქართული ოცნების” დაღმასვლას. 2020-ის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია.

_ ქუცნაშვილის მეორედ მოსვლაზეც ალაპარაკდნენ უკვე და თვითონაც არ გამორიცხავს. როგორ უყურებთ ამ საკითხს? ეს „მეორედ მოსვლები“ რა პოლიტიკაა?

_ ეს ნიშნავს, რომ მათ ხალხი არ ჰყავთ. მათ რომ ჰყავდეთ ახალგაზრდობა, მათ რომ ჰყავდეთ პერსპექტიული კადრები, რომ იყოს პარტია, რომელსაც აქვს აღმასვლის შანსი, მაშინ ამ ძველებს არ დააბრუნებდნენ. მაგალითად, ვინ დააბრუნებდა განათლების მინისტრს, რომელიც არც მაშინ არ ვარგოდა და არც ახლა ვარგა.

_ ივანიშვილის დაბრუნებასაც ხომ არ ელოდებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე?

_ სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა გამიკვირდება. იმიტომ, რომ მაშინ გამოდის, რომ ის უნდა შეელიოს საფრანგეთის მოქალაქეობას, ვინაიდან კონსტიტუციაში გვაქვს ასეთი ჩანაწერი. ბიძინა ივანიშვილი კი ისეთი მშიშარა კაცია, რომ არა მგონია, ასეთი სარისკო ნაბიჯი გადადგას.

მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვახსოვს, როგორ ჩაებღაუჭა თავის დროზე და სერიოზულად არ შეეშვა მას. კონსტიტუცია კი ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქე ვერ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამიტომ პრემიერად მისი დაბრუნება ცოტა გასაკვირი იქნება.

_ კალაძესთან მის დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ? გგონიათ, რომ შესაძლოა იქამდეც კი წავიდეს, რომ კალაძე დაიჭიროს?

_ ძალიან მეეჭვება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

_ რატომ, რა შეუშლის ხელს?

_ იმიტომ, რომ კახა კალაძე ”ქართული ოცნების” ყველაზე პოპულარული სახეა. სხვათა შორის, ეს თავისთავად ფენომენია და ქართველ ხალხს უნდა დავუსვათ კითხვა _ სად იყურება და როგორ იყურება, თუკი პარტია არ მოსწონს, მისი ლიდერი არ მოსწონს და ა. შ. მაგრამ ფაქტია, რომ კალაძე არის ნომერ პირველი ფიგურა პარტიის სხვა წევრებს შორის. ახლა კი ასეთი პოპულარული ფიგურების გადაგდების დრო არ არის. ივანიშვილს ეს ფუფუნება არ აქვს.

თუ გააკეთებს, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. იმიტომ, რომ ივანიშვილი ლოგიკით არ მოქმედებს და რომ ვთქვა, რომ ის ჭკვიანი კაცია, ამას მე ვერ გეტყვით, მე ეს ვერ ვნახე მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

_ თქვენ იცნობთ მას და მართლა ასე ეჭვიანია, რომ ვინც კი მასზე რეიტინგულია, მას ასე დაუპირისპირდეს?

_ საერთოდ ეჭვიანი არის. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე მგონი, რაღაცნაირად მოახერხებენ და გააგრძელებენ ერთად პოლიტიკურ თანაცხოვრებას არჩევნებამდე.

_ გამოვიდა ხმები, თითქოს კალაძემ შემოუთვალა ოპოზიციას, რომ მას მისცენ ხელშეუხებლობის გარანტია და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამაზე _ უნდა მისცეს თუ არა ოპოზიციამ მას შანსი თუ ივანიშვილის გაშვებაში დაეხმარება მათ?

_ მე არ ვიცი, ვის რა შეუთვალა. ჩვენ, მე ვისაც ვიცნობ ოპოზიციიდან, ჩვენ ასეთი შემოთვლა არ მიგვიღია არავისგან. ვის უნდა შეუთვალოს კალაძემ, არ ვიცი. რა იგულისხმება ამ შემოთვლაში, ჩემთვის უცნობია. თუ გულისხმობს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდება, იმას რამე რომ შეუთვალოს. იმიტომ, რომ ყოველდღე რაღაცა მწარეს ამბობს ხოლმე სააკაშვილზე.

_ ანუ კალაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

_ არა, გამორიცხვით როგორ შეიძლება პოლიტიკაში რამე გამორიცხო?! მაგრამ კალაძე ოპოზიციაში ამ ეტაპზე არადამაჯერებელი მგონია.