ლევან ჩაჩუა – “წულუკიანი, ჩუგოშვილთან ერთად, ლომჯარიას ლობირებდა”

ლევან ჩაჩუა - "წულუკიანი, ჩუგოშვილთან ერთად, ლომჯარიას ლობირებდა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– 4 თებერვლიდან ოპოზიციური ერთობა პარლამენტთან აქციების განახლებას გეგმავს. იმავდროულად, იქ თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოიწყო და ამ ტერიტორიაზე ღობე აღმართა. პროტესტანტებს სხვაგან გადასვლა არ უნდათ. რას უნდა ველოდოთ?
– ეს იქნება მორიგი უგვანი მოქმედებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით. როგორც ჩანს, ორივე მხარეს აწყობს მუდმივი პოლიტიკური დუღილი ქვეყანაში. აქციების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ ოპოზიციური ერთობის უაზრო პერფორმანსები ზღვარს გადავიდა. ამ ხალხმა თვითონაც იცის, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერს.
– საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პარტნიორები სხვადასხვა მხრიდან მძაფრად აკრიტიკებენ. რა გამოხმაურება ექნებათ ამ მოწოდებებზე?
– ეს კრიტიკა ემთხვევა ტექტონიკურ ძვრებს მსოფლიოში. მათ შორის, საქართველოში. ჩვენი პოლიტელიტა დამოუკიდებელი არ არის. ის ლიბერალური ინტერნაციონალის შემადგენელი ნაწილია. ეს პოლიტიკოსები, ქოცებიც და ოპოზიციის უმრავლესობაც, მარიონეტები არიან.
– კრიტიკას რატომ იმსახურებენ?
– იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” შიგნითაც განსხვავებული ჯგუფებია, გადაჯგუფებები მიდის. კონსერვატიულად განწყობილმა ბევრმა ადამიანმა “ოცნების” უმრავლესობა დატოვა.
– უმრავლესობიდან ლიბერალურად განწყობილებიც გამოვიდნენ.
– უმეტესობას ვგულისხმობ. დავით ჭიჭინაძე კონსერვატორია. ის კარგა ხანია გაემიჯნა პარტიას. ბოლო დროს უმრავლესობა დატოვეს კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმაც. “ოცნებაში” ბირთვის სახით დარჩა ლიბერტარიანულ-კომკავშირული აქტივი კობახიძეებისა და თალაკვაძეების შემადგენლობით. მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია გადათამაშებებთან საქართველოს პოლიტელიტაში. უდიდესი ძვრები მიდის რუსეთში.
– იქ ძალაუფლების გადანაწილება და მმართველობითი სისტემის შეცვლა მიმდინარეობს.
– რუსეთს ორი საკვანძო ამოცანა უდგას – საკუთარი ეროვნული ბანკისა და საკანონმდებლო ბაზის გათავისუფლება სხვების გავლენისგან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაც დაექვემდებარა გარეშე გავლენას და თავისი ფინანსური ინსტიტუტები, ასევე კანონმდებლობა მოარგო ევროპულს. ეს იცვლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი გარდატეხა ხდება. ყველა გააქტიურდა.
– “ოცნებაში” აცხადებენ, რომ ევროპარლამენტიდან წამოსული კრიტიკა ნაცმოძრაობის დამსახურებაა.
– “ოცნება” მშვენივრად თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან და “ევროპულ საქართველოსთან”. ბოკერიას პარტია არის სომხური ლობის დასაყრდენი საქართველოში. სააკაშვილს ჰყავდა ლობისტები საზღვარგარეთ. მისი დაფინანსებით იბეჭდებოდა მაქებარი სტატიები სააკაშვილზე და მის ხელისუფლებაზე. ამერიკელი მეთიუ ბრაიზა, რომელიც თანამდებობაზე აღარ არის, ასევე ევროპის სახალხო პარტია და სხვები ახლაც მხარში უდგებიან გაყოფილ ნაციონალებს, როცა სჭირდებათ.
– “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ “ოცნებამ” პოლიტიკა არ შეცვალა და გამოთქმული შენიშვნები არ გაითვალისწინა, საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება.
– საქართველო არანაირ იზოლაციაში არ აღმოჩნდება. ხაზარაძემ, ჯობია, საკუთარი საქმეები გაიხსენოს, რისთვისაც მას ერთმა მისი ბანკისგან ბინაწართმეულმა მოქალაქემ ოპოზიციური ერთობის მიტინგზე სილა გააწნა. ამ ბანკების გამო ქვეყანაში უამრავი უსახლკარო ოჯახი გაჩნდა.
– ოპოზიციურ ერთობაში დიდი აყალმაყალია ნაცმოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო. მან თქვა, რომ პროპორციული არჩევნები მისი პარტიის მოთხოვნა იყო. ამაზე სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ ვაშაძეს წინა თვეებში მიტინგებზე სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ უშვებდნენ. პროპორციული არჩევნების დაპირება ახალგაზრდობის პროტესტის შედეგი იყო.
– დიახ. სამწუხაროდ, მოგვიანებით აქციების სადავეები ოდიოზურმა პოლიტიკოსებმა ჩაიგდეს ხელში. რისი დამტკიცება უნდა გრიგოლ ვაშაძეს, გაუგებარია. 30-ზე მეტი პარტიის ბოლოდროინდელმა აქციებმა ხალხში ზიზღი გაზარდა. დაჭაობებულ ოპოზიციას ისედაც არ ჰქონდა ხალხის სიმპათია, ამ ქმედებებმა კი ეს პოლიტიკოსები მონსტრებად აქცია.
– მონსტრები რატომ არიან?
– მოუსმინეთ, რას ამბობს ხალხი და მიხვდებით. ადამიანები მეუბნებიან, მაგათი სახეების გამო ტელევიზორებს აღარ ვრთავთო. ეს ხალხი ინფორმაციას და ანალიზს სოციალური ქსელებისა და ბეჭდური გაზეთებიდან იღებს. მინდა ვისარგებლო მომენტით და თქვენი გაზეთის ტირაჟის გაზრდა ვითხოვო. ხანდახან დილის 11 საათზე “ახალი თაობა” უკვე გათავებულია. ადამიანები ტელევიზორზე უარს ამბობენ და გაზეთებს ანიჭებენ უპირატესობას.
აჯობებდა, შვილმოკლულ მამებსაც განცალკევებით მოეწყოთ აქციები. მათ ადრე ვურჩიე, დისკრედიტირებული პოლიტიკოსები გვერდით არ დაეყენებინათ. ვგულისხმობ ქოცებსაც და ნაცებსაც.
– შესაძლებელია, ამ ოპოზიციამ ერთად მიიღოს მონაწილეობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
– ამ ყავლგასულ ოპოზიციას ვერანაირი წინასაარჩევნო გაერთიანება ვერ უშველის. ამ პოლიტიკოსებმა ხალხს უფრო შეაჯავრეს თავი. ვადაგასული ნაწარმი უნდა გადაიყაროს.
– “ქართულ ოცნებასაც” არ უფენს ხალხი ია-ვარდს.
– 2012 წელთან შედარებით პირადად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგიც გაცამტვერდა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი საპირწონე არ ჩანს. თუ ეროვნულად და კონსერვატიულად განწყობილი პიროვნებები (არა მხოლოდ პოლიტიკოსები) და ძალები მოვახერხებთ გაერთიანებას, მაშინ სხვა ვითარება იქნება და ჩამოუყალიბებელი 60% ახალ გაუსვრელ ძალას მიემხრობა.
– ბევრს საუბრობენ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის წასვლაზე. დაახლოებით 7 წლის წინ, თქვენ, სააკაშვილის ყოფილი პოლიტპატიმრები, წულუკიანს აკრიტიკებდით იმის გამო, რომ მან შეუძლებლად მიიჩნია სამართლიანობის აღდგენა. რა მოხდა მას შემდეგ?
– წულუკიანმა რაც დათესა, ის მოიმკო. ის იყო კოაბიტაციის ერთ-ერთი შემოქმედი. ნაცებზე რომ გესლიანად რამეს ამბობს, ჯერ ეგ გაიხსენოს. თეა წულუკიანს პრობლემები შეექმნა არამარტო სხვებთან, არამედ, თავის ყოფილ დაქალებთან. მაგალითად, ჩერგოლეიშვილთან. ლომჯარია სახალხო დამცველად “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა. წულუკიანი, ჩუგოშვილთან ერთად, ლომჯარიას ლობირებდა. თან, ვის საპირწონედ აირჩიეს!
– დიმიტრი ლორთქიფანიძეს გულისხმობთ?
– რასაკვირველია. დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად უნდოდა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. რაც მთავარია, უნდოდათ პატიმრებს. დიმიტრი ლორთქიფანიძეს, როგორც უფლებათადამცველს, საქართველოს ყველა საპატიმრო ჰქონდა შემოვლილი. მას პატიმრები კარგად იცნობდნენ. მოგროვდა 200.000 ხელმოწერა მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად.
პარლამენტმა ამას ყურადღება არ მიაქცია და აირჩია ლომჯარია, რომელიც, როგორც გაირკვა, ციხეებში არ დადის და უმთავრესად ლგბტ-პირებზე ზრუნავს.