ლევან ხაბეიშვილი – “კალაძის დავალებით მცემეს”

ლევან ხაბეიშვილი - “კალაძის დავალებით მცემეს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა 24 იანვრის სხდომა თბილისის საკრებულოში. “ქართული ოცნების” დეპუტატები ნაცმოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, სასტიკად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს სახის არეში, მას დალურჯებული აქვს თვალი.
– ლევან, რა მოხდა, რას მოჰყვა ეს დაპირისპირება?
– როგორც ჩვევია “ქართულ ოცნებას”, ასე ქურდულად და მიპარვით, ერთ ადამიანს დამესია რამდენიმე დეპუტატი. ძალიან პრიმიტიულები არიან, ფიქრობენ, რომ ამ ფორმით შემაშინებენ. არ გამოუვათ. მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა. ერთ ადამიანს, ფაქტობრივად, რამდენიმე ქოცი სვავი დამესია.
ნუ გგონიათ, რომ ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა. მე გადავდე ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია, შეცდა. ერთი ერთზე რატომ ვერ მერევიან?! 10-15 კი, მარტო თუ ვარ, მერევიან.
– რატომ გაგისწორდნენ ასე სასტიკად?
– როგორ გავბედე და როგორ დავიცავი ის დამლაგებლები, რომლებსაც 8 ლარს უხდიან დღეში. ამის თაობაზე 2 დღის წინაც ხომ მოგეცით ინტერვიუ?! ზუსტად ამაზე არ ვსაუბრობდით?! დღეში რომ 3 დოლარი აქვთ ანაზღაურება ამ ადამიანებს და მონებად ამუშავებენ, ამის თქმა როგორ გავბედე, აი, რის გამო გამისწორდნენ. თვითონ რომ ათასებს იღებენ, ამ ხალხს მონებად ამუშავებენ. ახლა გამოვიდნენ მაგარი ბიჭები, ერთს რომ დამესივნენ. პირდაპირ ვეუბნები – ფარჩაკები ხართ!
– ლევან, ვინ დაგარტყათ კონკრეტულად?
– ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად. სვავებივით დამეხვივნენ ერთ კაცს. წიხლებით მოდიოდნენ ეს ლაჩრები, თანაც ერთი და ორი კი არა. ათი მაინც მირტყამდა ერთად.
– თვალში ვინ დაგარტყათ?
– ასე კონკრეტულად არ ვიცი, ვინ სად მირტყამდა. თვალი კი არა, ოჯახი მაქვს გადადებული. ბოლომდე ვიბრძოლებ ამათ წინააღმდეგ, ესენი ვერ შემაშინებენ. თვალი ჩამილურჯეს და ალბათ კალაძე ამით ბედნიერია. სულ კორუმპირებულს და ქურდს ვეძახი, მას ამაზე ტანში აჟრიალებდა და ახლა ალბათ ძალიან ბედნიერია, ხაბეიშვილს თვალი დავუზიანეო.
თუმცა მორალური უპირატესობა არის ჩვენს მხარეს. ახლა მარტო მე კი არ დამარტყეს, დაარტყეს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ეს მუჭი უკან მოგიტრიალდებათ, ოღონდ ხაბეიშვილი კი არა, ქართველი ხალხი მოგიტრიალებთ! მე თვალი დამილურჯეს? ესენი არჩევნებზე გალურჯდებიან, ქართველი ხალხი გაალურჯებს მათ.
– დაიწყება გამოძიება მომხდარზე?
– რა გამოძიება, ესენი რისი გამომძიებლები არიან. არც მე მაინტერესებს ეს ყველაფერი. თვალიც გაივლის, თავიც და ფეხიც. მე არაფერი არ მტკივა, ჩემი ქვეყანა მტკივა, რომ ასეთ კრიმინალებს აქვს ხელში ჩაგდებული.
ეს ხალხი ხელისუფლებაშია, ეს ხალხი პოლიტიკურ ოპონენტს, დეპუტატს, საკრებულოს შენობაში, ბიუროს სხდომაზე, ფიზიკურად უსწორდება. ბნელა ქვეყანაში ხალხო, “ბესპრედელია”!
ხალხო, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მათ რამის გამოსწორება შეუძლიათ. მათ მხოლოდ ფიზიკურად დაპირისპირება შეუძლიათ ერთთან ათს. გარდა იმისა, რომ ლაჩრები არიან, თან გონებაჩლუნგებიც არიან. მათი ქმედება არანაირ საქციელში არ ჯდება. ერთ კაცს, მე, ლევან ხაბეიშვილს, გამისწორდა სრულიად “ქართული ოცნება”! სვავებივით დამესივნენ, თანაც ჩუმად და მოგუდულად.
– ვინ დაიწყო კონკრეტულად ეს ყველაფერი, არ იტყვით იმ დეპუტატის გვარს?
– გვარები რა საჭიროა, ყველა მათგანს ერთი გვარი აქვს, ესენი არიან ივანიშვილ-კალაძეები. ესენი კოლექტიურ ივანიშვილ-კალაძეები არიან. ეს იყო კალაძის და ივანიშვილის მოქნეული ხელი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.
2012 წლიდან მოყოლებული მეც და ჩემი მეგობრებიც თავდაუზოგავად ვიბრძვით მათ წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი ფაქტებით ამხილა კალაძეც და ივანიშვილიც. აი, ამის გამო მომხვდა. ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო დამესივნენ. ვერ აიტანეს, სიმართლეს რომ ვამბობ. ამიტომ საკრებულოს დეპუტატს პირდაპირ საკრებულოს დარბაზში გამისწორდნენ.
– თქვენი შეშინება სცადეს?
– სასაცილოა. ნურავის ჰგონია, რომ ამით შემაშინებენ. კიდევ ბევრ განცხადებას გავაკეთებ მათი კორუმპირებულობის შესახებ. ეს იყო პირადად კალაძის დავალება.
– რა, რომ თქვენ ეცემეთ?
– დიახ, პირადად კალაძის დავალება იყო, რომ ხაბეიშვილი მაჩვენეთ ნაცემი და დაზარალებული. ამ ხნის განმავლობაში ვერ წამაქციეს და ვერც მომავალში წამაქცევენ. ხან ხელი მომიქნიეს, ხან შუბლი მომადეს, მე მაინც ვერ მომერევიან. ეს იყო კალაძის დავალება, რომ მაჩვენეთ ეგ ტიპი ნაცემი, დაალურჯეთო, ესენიც ლაჩრები არიან და შეასრულეს დავალება.
– რას აპირებთ, ლევან?
– ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას.
– დაინტერესდება გამოძიება ამ საქმით?
– რა გამოძიება, ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში. ვინმე ფიქრობს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ სამართალდამცავი ორგანოები და კალაძის ჩმორებს დასჯიან?! ვიბრძოლებ ბოლომდე.
დღევანდელი მუშტი, დღევანდელი წიხლი, რომელიც მე მომაყოლეს, ასმაგად მაძლიერებს. მე ვიბრძოლებ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბოლომდე. ეს მუშტი მოგვიქნიეს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი
აქვს. ეს იყო კალაძის პირადი ინიციატივა. მე ამ თვალს მალე მოვირჩენ, მაგრამ კახი კალაძე რამდენად მყარად იქნება, ვნახოთ. ამით მე უფრო გამაძლიერეს.