ლევან სამუშია – “თადუმაძე უზენაესი მოსამართლე რომაა, უკვე ესაა პრობლემა”

ლევან სამუშია - “თადუმაძე უზენაესი მოსამართლე რომაა, უკვე ესაა პრობლემა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გენერალური პროკურორობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კადრის შერჩევის პროცესი. ოპოზიცია მორიგ ფარსზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე კი მიუკერძოებელი პროკურორის შერჩევის პირობას დებს. რამდენად შეძლებს “ქართული ოცნება” ამ პირობის შესრულებას?
– კობახიძისა და ივანიშვილის ბევრი პირობა გვახსოვს ჩვენ დადებული, მაგრამ მერე ისიც გვახსოვს, როგორ გადააგდეს ამ პირობიდან ქართველი ხალხი. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გენერალური პროკურორი ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ გამორიცხული და შეუძლებელია.
– რატომ არის გამორიცხული?
– ეს რომ გააკეთოს, ივანიშვილმა მთლიანად პოლიტიკა უნდა შეცვალოს. უარი უნდა თქვას პოლიტიკურ სასამართლო პროცესებზე, პოლიტიკურ პროკურატურაზე და ა.შ. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია და შეუძლებელი. ეს ძალიანაც რომ უნდოდეს, უკვე ვეღარ იზამს. ამიტომ, ახლა მათი ყველა დაპირება, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ნეიტრალურ და პოლიტიკისგან დაცლილ გენერალურ პროკურორს დავნიშნავთ, არის ყალბი სიტყვები და მეტი არაფერი.
არ მგონია, ვინმემ დაიჯეროს ამ სიყალბის. ეს კარგად იციან თავადაც, მაგრამ მაინც ამბობენ.
– თუ იციან, რატომ ამბობენ?
– სხვა გზა არ აქვთ.
– საერთაშორისო საზოგადოებაც ხომ აკვირდება მთელ პროცესს?
– საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც იყო პირობა მიცემული, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაც გადააგდო. თანაც ძალიან მარტივად. ისე, რომ მეტი დამაჯერებლობისთვისაც კი არ უზრუნია. გუნდი შემეწინააღმდეგაო. არადა ხომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ.
სწორედ ამ გზით – გადაგდებით, ტერორით, პოლიტიკური პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი აპირებენ ხელისუფლების შენარჩუნებას. ახლა “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი იქითკენ არის მიმართული, რომ როგორმე ძალაუფლება შენარჩუნოს. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. მაგრამ არ გამოუვათ.
– თუ მოინდომეს, რატომ არ გამოუვათ?
– ამ შესაძლებლობას მათ ხალხი არ მისცემს. შეუძლებელია, ხალხის ნების წინააღმდეგ ვინმე წავიდეს. არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ წასულა, გამარჯვება არ მოუპოვებია. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.
– უკვე სახელდება რამდენიმე კანდიდატი. ვისზე შეჩერდება არჩევანი?
– მითხარით, პიროვნებებს რა მნიშვნელობა აქვს?! ახლა მთავარია, მათთვის შეარჩიონ პოლიტიკურად მორჩილი და სრულიად სანდო ადამიანი და ასეც იქნება.
– უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ შემდეგ 6-კაციან კანდიდატთა სიის განხილვაზე პარლამენტმა უარი თქვა, შემდეგმა პარლამენტმა განიხილოსო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებენ?
– ბოლომდე არ მჯერა, იტყვიან კი უარს და დაუტოვებენ ახალი მოწვევის პარლამენტს ამ შესაძლებლობას?! მე მაინცდამაინც ამაში დარწმუნებული არ ვარ. თუ უარს იტყვიან, ეს იქნება სახის შენარჩუნების მცდელობა იმ ფონზე, როდესაც ეუთო-ოდირის დასკვნები სწორედ ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკულია.
უზენაეს სასამართლოში უკვე გამწესებული ხალხი ისედაც საკმარისია საიმისოდ, რომ ამ ხელისუფლების ნება-სურვილი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებულ-შესრულებული.
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიც ვაკანტურია, რომელიც შეიძლება შალვა თადუმაძემ დაიკავოს. მას ამის სურვილი არ დაუმალავს პარლამენტში გასაუბრებისას.
– ვერ გეტყვით, გახდება თუ არა, მაგრამ შალვა თადუმაძე თავისი დიპლომიდან გამომდინარე, ჯერ გენერალური პროკურორი რომ იყო და ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე რომ არის, ეს არის პრობლემა.
ამის მერე რომელ თანამდებობაზე დანიშნავენ, რა მნიშვნელობა აქვს?! არავითარი!