ლია მუხაშავრია – „შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი ჯებირების გამაგრებას იწყებს“

ლია მუხაშავრია - „შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი ჯებირების გამაგრებას იწყებს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ირაკლი შოთაძე, რომელმაც გენერალური პროკურორის თანამდებობა გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობისა თუ ამ საქმეების ფალსიფიკაციის გამო დატოვა, ისევ ამ პოსტზე ბრუნდება. ყოველ შემთხვევაში გენერალური პროკურორობის მთავარი კანდიდატია და ხელისუფლებაც არ მალავს, რომ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება.

როგორ უნდა გავიგოთ შოთაძის მეორედ მოსვლა გენერალურ პროკურორად? _ ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლია მუხაშავრია საუბრობს.

_ მორიგი დაკავებები ვიხილეთ შაბათს. მათ შორის დააკავეს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე კუპრავა და ცუცქირიძე, რომლებიც შოთაძის სავარაუდო უკან დაბრუნებას აპროტესტებდნენ. მძიმე კადრები ვნახეთ ამ დაკავებებისას. ხელისუფლება აგრძელებს ასეთ მძიმე ფორმებს?

_ უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ ხელისუფლება მეორე ვადის დასასრულს უკვე გადადის მმართველობის სრულიად არადემოკრატიულ მეთოდებზე. იწყებს სრულიად დაუშვებელ დაკავებებს, იწყებს მოსახლეობის დაშინებას.

ეს არის ამის გამოვლენა. ნებისმიერი პროტესტი მისთვის სრულიად მიუღებელი ხდება. ანუ, მეორე ვადის ბოლოს პოლიტიკოსებს ავიწყდებათ ის დანაპირები, რომელიც თავის დროზე მოგვცეს წინასაარჩევნო დაპირებების დროს.

_ თქვენთვის პირადად რას ნიშნავს ირაკლი შოთაძის უკან მობრუნება?

_ შოთაძის უკან დაბრუნება, ისევე როგორც სხვათა დაბრუნება, ნიშნავს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია არჩევნების.

ის ჩვენზე უკეთ არის ინფორმირებული მისი რეიტინგის დაქვეითების თაობაზე და ახლა უნდა გაამაგროს ჯებირები, რათა არჩევნების წინ დარწმუნებული იყოს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან იქნება რაიმე პროტესტი ან პრეტენზია არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, დარწმუნებული იყოს, რომ ძალოვან და სამართალდამცავ უწყებებში ჰყავს თავისი ერთგული პროკურორები, მოსამართლეები თუ პოლიციის უფროსები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ასეთი პროტესტების ჩასახშობად და ასეთი გამოხატვის წინააღმდეგ და გამოიყენებენ ყველა ზომას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის. სხვანაირად შეუძლებელია, რომ მან შეინარჩუნონ ხელისუფლება.

_ ეს იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ გაააქტიურებენ ოპონენტების წინააღმდეგ საქმეებს? მაგალითად, უკვე გაგვახსენეს 6 წლის წინანდელ საქმეზე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმის დაწყება. მათ წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ ხომ არ „ამოქოქავენ“ ამ საქმეებს?

_ უნდათ, რომ ამ ადამიანების რეპუტაცია შელახონ წინასაარჩევნოდ, თუმცა არა მგონია, რომ ეს მოახერხონ, რადგან როგორ შეიძლება იმაზე მეტად შელახონ, ვიდრე რეალურად არის შელახული?! მაგრამ ეს არის ის, რომ ოპონენტები „გააშავონ“ და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ ნებისმიერ გარიგებაზე და შეთავაზებაზე წამოვიდნენ.

მათი აზრით, ეს არის ის პოლიტიკა, რაც მათ ხელს აძლევთ, მაგრამ რეალურად, იმის გამო, რომ დაშორდნენ რეალობას და დაშორდნენ საზოგადოებას და ყველაფერს, პირველ რიგში კი დემოკრატიული მმართველობის ფორმებს, მათ აღარ აქვთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ისევ დემოკრატიულ არხებზე გადაიყვანს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. ამ ვითარებაში ხელისუფლებისთვის ყველა ხერხი მოსულა.

ჩვენ მივეჩვიეთ ოპონენტების წინააღმდეგ ახალ-ახალი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ ახლა ეს უკვე მოსაბეზრებელია. რაღა უნდა აღმოაჩინონ? ეს ყველაფერი გავიარეთ უკვე.

_ ამერიკის ახალმა ელჩმა თქვა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, სასამართლოს როლსაც გაუსვა ხაზი. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ვითარება? უკვე აღარავის აზრს არ აქცევენ ყურადღებას?

_ არა. განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორებისა და ევროპული თანამეგობრობის აზრის გათვალისწინება ძალიანაც მნიშვნელოვანია, მაგრამ გაჭირვებაში და უბედურების ჟამში მყოფ ხელისუფლებას ამის თავი აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ უარყოფენ, მაგრამ თან თავისას „მიერეკებიან“, რადგან ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან.

_ შოთაძე გახმაურებული საქმეების ფალსიფიკაციის გამო გადადგა, მათ შორის ბოლო წერტილი იყო ხორავას ქუჩის ტრაგედია, რომელზეც ბევრი ფაქტი გააშიშვლა საგამოძიებო კომისიამ. მისი დაბრუნება საზოგადოებისთვის რა გზავნილია, ჩაიარა პროტესტის მუხტმა და ახლა შეგვიძლია დავაბრუნოთო?

_ დიახ, როგორც ჩანს, ახლა საზოგადოებრივ აზრზე აღარავინ ფიქრობს და მთავარია ჯებირების გამაგრება და გალავნის ამოშენება. შოთაძემ პირნათლად შეასრულა ივანიშვილის დავალება და მიიღო თანამდებობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ ხელისუფლების პირობებში. მაგალითად, ასეთი ფიგურაა გახარია, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების გამო თავის თავზე აიღო დარტყმა და ის დააწინაურეს.

ახლა შოთაძე რატომ არ მიჰყვება ამ სცენარს, თუკი ხედავს, რომ ეს მას წარმატებასა და ხეირს მოუტანს?! თუ ეს მეთოდი ამართლებს, ყველა ცდილობს, რომ იგივე გაიმეოროს, როცა ხედავენ, რომ მის თავდადებას და ერთგულებას ფასი აქვს ხელისუფლებაში.

_ იმის მოლოდინიც ხომ არ გაქვთ, რომ თადუმაძესაც აირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ?

_ რა თქმა უნდა. ამ ხელისუფლებას ხომ არც საზოგადოებრივი აზრი აინტერესებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები?! მათთვის მთავარია, რომ როგორმე ეს არჩევნები გადაიტანონ, როგორმე სკამები შეინარჩუნონ და როგორმე ხელისუფლებაში დარჩნენ.

ამას განსაკუთრებით ივანიშვილი ცდილობს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მისი ფიზიკური დარჩენის საკითხი კითხვის ქვეშ დგება, თუ ის არჩევნებს ვერ მოიგებს. ჩვენ ხომ ვხედავდით, რომ მის სახლთანაც კი აწყობდნენ აქციებს. ამ კაცს უნდა, ამ ქვეყანაში იცხოვროს, ოღონდ ისე, რომ მის მიმართ უკმაყოფილო არავინ არ იყოს და არავის არ ჰქონდეს მის მიმართ პრეტენზია. ვერ ხვდება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოიარა ძალიან დიდი გაჭირვება და ამის ხარჯზე მოიპოვა დემოკრატიული ფასეულობები, რომელზეც დღეს დგას  და არ არის თანახმა, რომ ეს მონაპოვარი ვინმეს დაუთმოს.

ივანიშვილს, რომელიც ძალიან მდიდარია, არ ესმის, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირება და რქებით რაიმეს გატანა არავის არ გამოსვლია, რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული.

ბოლო პერიოდში ინტერვიუებში რასაც ვამბობ, ეს პრაქტიკულად რჩევაა ივანიშვილისთვის, თუ შეისმენს, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.