მალხაზ მაჩალიკაშვილი – “შვილი მომიკლეს და პროტესტის უფლებაც აღარ მაქვს?!”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - “შვილი მომიკლეს და პროტესტის უფლებაც აღარ მაქვს?!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალ თაობასთან” საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციები არ გაიმართოს, მაგრამ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება.
– ბატონო მალხაზ, პარლამენტის წინ შემოღობეს ტერიტორია, საუბარია, რომ სამუშაოებს იწყებენ. როგორია თქვენი პოზიცია?
– ჩვენ დავინახეთ, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. როგორც კი დამინახეს, რომ პარლამენტთან ვმოძრაობდი, მაშინვე აიღეს ატრაქციონები და მთელი ჯებირი, გეგონება, ჩინური კედელიაო, ისე შემოავლეს პარლამენტს, რომ მაჩალიკაშვილს მანდ ისევ კარავი არ გაეშალა. როდესაც კარავი დამირბიეს და შემდეგ ატრაქციონები გაშალეს, ყველაფერი ნათელი იყო ჩემთვის. ყოველ ჯერზე არის იმის მცდელობა, რომ ის სიმართლე, რომლისაც ამ ხელისუფლებს ასე ძალიან ეშინია, არ გაირკვეს.
– სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყებაო.
– არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ იწყებენ. ადრეც მოვიდა ასე უშიშროების სამსახური და განგვიცხადა, აიღეთ კარვები, მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებსო, დავუკავშირდით მერიას და ტყუილი აღმოჩნდა, მერიამ, არანაირ სამუშაოებს არ ვგეგმავთო.
ამ ეტაპზე აიყოლიეს მერია, აიყოლიეს კალაძე და ვითომ სამუშაოებს აწარმოებენ. რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ?!
– ანუ ცდილობენ, რომ იქ აქციები აღარ გაიმართოს?
– რა თქმა უნდა! ყველანაირი მცდელობაა, რომ კარვები არ დავდგათ და აქცია არ გავმართოთ. თუმცა მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ,ჩემი პროტესტი იქნება მანამ, სანამ ჩემს ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. მე ვრჩები აქ, მიმდებარე ტერიტორიაზე. პარლამენტის წინ.
– რა ადგილს შეარჩევთ?
– გამოვნახავ ადგილს აუცილებლად. იცით რამდენი სატკივარი და წუხილი მკლავს?! ეხლა ყველაფერზე ერთად ვერ გიპასუხებთ.
– ანუ კარავს დადგამთ ისევ?
– რა თქმა უნდა, კარავიც დაიდგმება და ბანერიც. თუ არ უნდათ, რომ ეს ასე მოხდეს, მაშინ გამცენ პასუხი და მე სახლში წავალ. რატომ მიზღუდავენ პროტესტის საშუალებას.
ეს ხელისუფლება ყველანაირად შეშინებულია. აღარ იციან, რა გზას დაადგნენ, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ისეა ამათი საქმე. იციან, რომ ამათი საქმე დამთავრებულია და ხან რას ეპოტინებიან და ხან რას. ჩემი სახელმწიფო მებრძვის მე, სხვა რა უნდა დავარქვა ამას?! დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას ძალიან მალე. თუმცა ეს ხელისუფლება ისედაც დასრულებულია.
2020 წლის ოქტომბერი არ არის საჭირო, უკვე დასრულებულია. სად გვყავს ჩვენ ხელისუფლება? ეს არის შიშებით შეპყრობილი რაღაც უბედურება, რაღაც უმსგავსობა და რაღაც ნაძირლობა. ხომ ვხედავთ, რა დღეშია ევროპა, ამერიკა, რა დღეში არიან სენატორები.
– სერიოზული კრიტიკაა დასავლეთიდან.
– იქიდანაც რომ არ ისმოდეს, ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ, რაც ხდება?! “ქართული ოცნება” ოფიციალურად დასრულდა, მორჩა, ამას ბოლო მოეღო.
– როდის აპირებთ კარვის დადგმას და პროტესტის გაგრძელებას?
– ჩემი პროტესტი არ შემწყდარა. ეს პროტესტი ყოველდღეა! კარავი არის თუ არ არის, მე აქ ვარ. კარავს რა მნიშვნელობა აქვს?! როცა მომეცემა შესაძლებლობა, კარავსაც დავდგამ და ბანერსაც, ავდგები და პირდაპირ გზაზე დავდგამ!
– დაგადგმევინებენ კარავს? რომ აგიკრძალონ?
– როდის ერთხელ არ აუკრძალიათ?! ყოველ ჯერზე დიდი წინააღმდეგობა იყო. რატომ მიკრძალავენ, რამე უკანონოს ვაკეთებ?! კანონსაწინააღმდეგოდ მივდივარ?! შვილი მომიკლეს და პროტესტის უფლებაც აღარ მაქვს?! რას ვაკეთებ ისეთს? სამართალს ვითხოვ!
უამრავი კითხვა მაქვს და მესამე წელია, პასუხს ველი. არავის ჩემს კითხვაზე პასუხი არა აქვს. თვალში ნაცარს რატომ გვაყრიან?! ხალხს ატყუებდნენ, ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს და ამას გავაჟღერებთო. არაფერი გაუჟღერებიათ, სანამ სტრასბურმა არ დაიწყო ეს საქმე და რა მტკიცებულებები აქვთ?!
აბსოლუტურად სასაცილოა ყველაფერი! ყველა კარგად ხედავს, რომ სახელმწიფო არ მიცავს, მებრძვის, ამიტომ ამის შემდეგ დამიცავს ევროპული სასამართლო.
– გაქვთ სტრასბურის სასამართლოს იმედი?
– იქ მიდის საქმის განხილვა და ველოდები სამართლიან გადაწტიყვეტილებას, რა თქმა უნდა, თუ ბიძინა ივანილშვილმა თავის შვიდივე მილიარდი იქ არ დახარჯა და არ იყო იმის მცდელობა, რომ რამენაირად გააყალბოს ეს საქმე.
31 მარტამდე აქვთ ვადა მიცემული, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება უნდა გადასცენ ევროპულ სასამართლოს. ვიმეორებ, არ დამიცვა ჩემმა სახელმწიფომ, წავიდა ჩემ წინააღმდეგ? ამის შემდეგ ჩემს უფლებებს ევროპული სასამართლო და ევროპა დაიცავს!