მიხეილ ცაგარელი – “იანვრიდან ხელისუფლება პოზიციების დაკარგვას დაიწყებს” – როგორი იქნება 2020 წელი

მიხეილ ცაგარელი - “იანვრიდან ხელისუფლება პოზიციების დაკარგვას დაიწყებს” - როგორი იქნება 2020 წელიეკა ირემაშვილი, ახალი თაობა
ახალი 2020 წელი, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, თეთრი (ვერცხლისფერი) ლითონის სტიქიის, ვირთხის წელია.
ამ წლის ძირითადი ფერებია: თეთრი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი. შემდგომ მოდის ლურჯი, ოქროსფერი და მცირე რაოდენობით მწვანე და წითელი.
სასურველია, სწორედ ამ ფერებში მოირთოს ნაძვის ხეც, ამ ფერის სამოსით შევეგებოთ ახალ წელს და ამ ფერის სუფრა გადავაფაროთ საახალწლოდ გაშლილ მაგიდას. რადგანაც ვირთხა ტრადიციების მოყვარულია, სუფრაზე უნდა იყოს ტრადიციული საკვები და დიდი რაოდენობით ტკბილეული.
მიხეილ ცაგარელი:
– 2020 წლის 25 იანვარს ანუ პირველ ახალმთვარეზე ყვითელი ფერის მიწის სტიქიის ტახი (ღორი) დაგვიქნევს ხელს და დაგვემშვიდობება, ხოლო წლის ძალაუფლებას გადასცემს თეთრი (ვერცხლისფერი) ლითონის სტიქიის ვირთხას, რომელიც ამით გახსნის კაცობრიობის ისტორიაში ახალ 12-წლიან განვითარების ეტაპს. ანუ ის მოვლენები, რომლებიც წელს განვითარდებიან, ის გადაწყვეტილებები, რომელთაც წელს მივიღებთ, დიდ ზეგავლენას მოახდენენ უახლოეს 12 წელიწადზე ჩვენი ცხოვრებისა.
– რით არის გამორჩეული თეთრი ვირთხა?
– თეთრი ვირთხა წელიწადს წარმოადგენს ორი ორიანით და ორი ნულით ნუმეროლოგიური პრინციპიდან გამომდინარე. ასეთი შეხამება ითვლება მისტიკურად და ეპოქალურად. წარმატების ფორმულა ვირთხის წელიწადში ასეთია: ინტელექტი+სიფრთხილე (ინტუიცია)+პრაგმატიზმი=წარმატებას.
ვირთხა ყველასგან მოითხოვს სამართლიანობის გამოვლენას. ხასიათით იგი უკომპრომისოა, ზოგჯერ მოიმატებს ავტორიტარიზმი, რომელსაც აკლია დიპლომატიურობა. ვირთხა არ ელოდება იღბლის საჩუქრებს, იგი ყველაფერს აღწევს შრომისუნარიარობით, მიზანსწრაფვით, ინტუიციით, ნებისყოფით.
ვერ იტანს ზარმაცებს, პატივს სცემს ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, ოჯახის ინსტიტუტს, ცდილობს, რომ ყველაფერი, რასაც იშოვის, წაიღოს თავის სახლში (ბუნაგში), ამიტომაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც მას შემონახული აქვს სურსათ-სანოვაგე. იგი პირველი გრძნობს ინტუიციით ხიფათს და პირველი გარბის გემიდან, რომელიც უნდა ჩაიძიროს.
– რა მნიშვნელოვანი მოვლენები გველოდება 2020 წელს?
– 2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები უკვე იანვრიდან გახდება თვალშისაცემი. ხელისუფლება უკვე ამ პერიოდში დაიწყებს პოზიციების დაკარგვას, ხოლო ახალი ორიენტირების ძიება საკმაოდ რთული იქნება.
თებერვლიდან შავი მთვარე (მაცდუნებელი ძალა) 9 თვით გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, რის გამოც ქვეყნის გარეთ და შიგნით მოიმატებს საბრძოლო განწყობა და აგრესიულობა, საერთო დაძაბულობა კი განსაკუთრებით გამახვილდება წლის მეორე ნახევარში, როდესაც შავ მთვარეს ვერძის ზოდიაქოში შეუერთდება ომის მმართველი პლანეტა მარსი.
პლანეტა ურანის გავლენა ვერძის ზოდიაქოში იანვრის დასაწყისში და აგვისტოს შუა რიცხვებში ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს არამარტო ჩვენს, არამედ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე. ოქტომბრის ბოლოს კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს შავი მთვარე (ღალატი). დეკემბერში იგი შეუერთდება ურანის პლანეტას, რამაც შესაძლებელია სერიოზული ფინანსური კატაკლიზმები გამოიწვიოს, თუმცა მთლიანობაში 2020 წლის მეორე ნახევარში პლანეტების სატურნის, იუპიტერის და პლუტონის შეერთება თხის რქის ზოდიაქოში მეტად დაასტაბილურებს საერთო სიტუაციას, განსაკუთრებით წლის ბოლოს, ხოლო წელიწადს დაასრულებს თითქმის ერთდროული შესვლა იუპიტერისა და სატურნისა მერწყულის ზოდიაქოში, დეკემბრის შუა რიცხვებში, რაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას როგორც ქვეყნისთვის, ასევე სოციუმისთვის და განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.
ეს მოვლენა 20 წელიწადში ერთხელ ხდება.
– რას იტყვით კარმულ კვანძებზე?
– 6 მაისამდე კარმული კვანძები იმყოფებიან თხის რქა-კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე; დაღმავალი კვანძი თხის რქაში გვამცნობს ძალთა გადანაცვლებაზე, რომელიც არ იქნება სასარგებლო ფორმალური ძალაუფლებისთვის. იანვარში დაღმავალ კვანძს შეუერთდება პლანეტა იუპიტერი, რაც მეტად გააღვივებს საღ ლოგიკურ აზროვნებას და კაცთმოყვარეობის პრინციპების წინა პლანზე წამოწევას, ისტორიული გამოცდილების გადაფასებას, სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობას.
6 მაისიდან კარმული კვანძები იცვლიან პოზიციას და უახლოესი 1.5 წლის განმავლობაში მიექცევიან მშვილდოსნის-ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე, ანუ ამით კონსერვატიული ფასეულობები გადაინაცვლებენ მეორე პლანზე, რადგან ისინი აღარ უწყობენ ხელს განვითარებას, ანუ გამახვილდება თანასწორუფლებიანობის, წინა პლანზე ცოდნის წამოწევის და არა – ავტორიტეტის ტენდენცია.
თითქმის მთელი წელიწადი დიდი კოსმოსური მაწავლებელი, მუხრუჭი პლანეტა სატურნი იმყოფება თხის რქას ზოდიაქოში. 23 მარტს იგი მცირე ხნით გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში 2 ივლისამდე და ამით მეტად დააყენებს საკითხს პიროვნული და კოლექტიური პასუხისმგებლობის, მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარებისა. 2 ივლისს იგი დაბრუნდება თხის რქაში, ხოლო 1 ოქტომბრიდან გახდება დირექტული (სწორმავალი), ყველაფერს დაალაგებს და მოაწესრიგებს პოლიტიკური ძალების განლაგების მხრივ. 17 დეკემბერს იგი საბოლოოდ გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში 2,5 წლით. ამით მეტად გაამახვილებს ისეთ ფასეულობებს, როგორებიც არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კაცთმოყვარეობა.
– როგორია 2020 წელი პოლიტიკურ სარბიელზე?
– წლის ბოლომდე გამარჯვების პლანეტა იუპიტერი იმოძრავებს თხის რქის ზოდიაქოში და ამით ხელს შეუწყობს ახალი, საინტერესო ლიდერების გამოვლენას, რომლებიც მეტ პატივისცემას გამოავლენენ საკუთარი ქვეშევრდომების მიმართ, იანვარში კი იგი აიძულებს, ზოგიერთ გავლენიან ფიგურას, დატოვოს თანამდებობა.
ამასთანავე, იგი ხელს შეუწყობს 19 დეკემბრიდან ახალი დამოუკიდებელი ლიდერების გამოჩენას, რომლებიც შემდგომ შეცვლიან დრომოჭმულ სისტემას მართვის ახალი განვითარებისთვის აუცილებელი მმართველობის სისტემით.
– განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი რომელია?
– შავი მთვარე (მაცდუნებელი ძალა – ღალატი) 28 იანვრამდე იმყოფება თევზების ზოდიაქოში, რაც ხელს შეუწყობს რელიგიური ფანატიზმის, რელიგიურ კონფესიებში შიდა აღრევის ტენდენციების გაღვივებას, მეგობრულ ღალატს, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი მიდრეკილების გაღვივებას. 28 იანვრიდან კი იგი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, სადაც გასტანს 21 ოქტომბრამდე და შეუერთდება რა ქირონის ასტეროიდს მაისამდე, მეტად გააღვივებს სოციუმში ინტრიგებს, მოლაპარაკებებისას მოტყუებას, აგრესიულ გამოვლინებებს.
აგვისტოში შავი მთვარე შეუერთდება მარსის აგრესიულ ენერგიებს. ასეთმა კავშირმა შესაძლებელია, გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის, სამხედრო გადატრიალებები, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება. 10 სექტემბრის შემდგომ რეტროგრადული (უკან მოძრავი) მარსი კვლავ შეხვდება შავ მთვარეს, რამაც შეიძლება კვლავ ახალი ძალით გაამახვილოს აგრესია და კონფლიქტი. შავი მთვარე 21 ოქტომბერს გადაინაცვლებს 9 თვით კუროს ზოდიაქოში, სადაც დიდ დისონანსს და სირთულეებს შეუქმნის საბანკო-ეკონომიკურ-საფინანსო სექტორებს. დეკემბერში მისი შეერთება ურანის პლანეტასთან კი გამოიწვევს საბანკო-საფინანსო სისტემის სერიოზულ კრიზისს.
– დადებითი პერიოდი როდის იქნება 2020 წელს?
– თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი – სელენა) 16 მაისამდე იმოძრავებს სასწორის ზოდიაქოში, რითაც სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს სასამართლო ორგანოებში, გააღვივებს დიპლომატიას, ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაციას.
წლის ძირითადი ნაწილი შავი მთვარე (ვერძში) და თეთრი მთვარე (სასწორში) ურთიერთსაწინააღმდეგო საბრძოლო პოზიციებში არიან, თუმცა ძალთა ბალანსი ცოტა მეტად შავი მთვარისკენ არის გადახრილი. 16 მაისს თეთრი მთვარე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, სადაც გასტანს 15 დეკემბრამდე და ამით მკაცრად გაილაშქრებს ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ, დაჭერილი იქნებიან კრიმინალური ელემენტები და მათი ხელმძღვანელები. გამახვილდება ინტერესი ეზოთერული და არატრადიციული მიმართულებების, მათ შორის მკურნალობის პრინციპების მიმართ.
სექტემბერში თეთრი მთვარის შეერთება პროზერპინასთან ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. 15 დეკემბერს თეთრი მთვარე გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში და ხელს შეუწყობს ამით სულიერების აღორძინებას, მოგზაურობის, ტურიზმის და სპორტის განვითარებას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს.
– რა მდგომარეობა მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით მომავალ წელს?
– ურანი, მოულოდნელობებისა და თავისუფლების პლანეტა, აგრძელებს მოგზაურობას კუროს ზოდიაქოში, რითაც მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ულმობლად ანგრევს. იგი ითხოვს კარდინალურ ცვლილებებს და რეფორმებს ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო სისტემებში, სოფლის მეურნეობაში და მათი ახალი გზების განვითარების ჩამოყალიბებას.
– განსაკუთრებულად საფრთხილო პერიოდები რომელია?
– განსაკუთრებული სიფრთხილე ყველას ესაჭიროება დაბნელებებზე. ამ პერიოდებში მოერიდეთ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, მაღალია კონფლიქტების, აგრესიის, დეპრესიის, ტრავმების, ავარიულობის ალბათობა, ცდუნებების, შეცდომების ტენდენციაა.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას: 10 იანვარს მთვარის დაბნელებაა; 5 ივნისს მთვარის დაბნელებაა; 21 ივნისს მზის დაბნელებაა; 5 ივლისს მზის დაბნელებაა; 30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა და 14 დეკემბერს მზის დაბნელებაა.