მიონის შენობაში ხატების საამქრო დაიწვა – 1 ადამიანი დაიღუპა

მიონის შენობაში ხატების საამქრო დაიწვა - 1 ადამიანი დაიღუპათბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე “მიონის” შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე, ხატების საამქროში გავრცელდა.

მამაკაცი, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა, იდენტიფიცირებულია. 55 წლის მამაკაცი შენობაში ხატებისთვის ჩარჩოებს ამზადებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

“ჩვენი იქ შესვლა შეუძლებელი იყო ძლიერი დაკვამლიანებისა და ნგრევის გამო. 55 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც იყო გარდაცვლილი, სახეზე ეტყობოდა ესკორაციები, თმა ჰქონდა შეტრუსული, სხეულს ეტყობა დამწვრობის კვალი,”- აცხადებს სასწრაფო დახმარების ექიმი ნაირი ქარქაშაძე.

“ადგილზე ოპერატიულად იყო მობილიზებული 7 სახანძრო-სამშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ღია ცეცხლში შესვლა, სადაც აღმოჩენილი იყო ერთი გარდაცვლილი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია,”- განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

“როგორც მეუღლე ამბობს, გარდაცვლილი დიდი დიღმის მაცხოვრებელია, ნათესავები ადგილზე არიან და ველოდებით იდენტიფიცირებას. რამდენი შპს იყო შენობაში, ეს კრიმინალისტების მუშაობის შემდეგ გაირკვევა,”- უთხრა ჟურნალისტებს თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა.

ამ დროისთვის ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

რუსთავი 2