მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილმა გახარიას გაწირვის სცენის გათამაშება დაიწყო”

მირიან მირიანაშვილი - "ივანიშვილმა გახარიას გაწირვის სცენის გათამაშება დაიწყო"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რა ხდება რეალურად ოპოზიციის მიერ აღებული ტაიმ-აუტისას? რას ემსახურება მითქმა-მოთქმა გახარიას გადაყენების შესახებ? როგორ აფასებს საქართველოში შექმნილ ვითარებას აშშ? რატომ უდგებიან კრიტიკულად ამერიკაში როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძეს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– ოპოზიცია, ტაიმ-აუტის გამოცხადების მიუხედავად, არც ისე პასიურია. თქვენ გვითხარით, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ შემუშავებული ახალი სცენარების ამუშავებამდე, ანუ თებერვალ-მარტამდე წვრილ-წვრილი საკითხებით დაკავდებოდა. ასე ვითარდება მოვლენები?
– საქართველოში პოლიტიკური ინტერმეცოა. ის გამოწვეულია რუსეთის გეგმების ჩავარდნით და მასთან დაკავშირებული ხარვეზებით. პოლიტტექნოლოგიაში წარმატებად ითვლება, როცა ერთ დაგეგმილ სქემას მოსდევს მეორე. ამ სქემების დროს ხდება საზოგადოების ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება ამა თუ იმ საკითხზე.
ინტერმეცოს დროს ხალხის ყურადღების არასათანადო მიპყრობა ორი-სამი დღით ხერხდება. ასე მოხდა, მაგალითად, ცე ჰეპატიტ-სკანდალზე. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ასრულებს მოსკოვიდან მიღებულ დავალებას და 14 დეკემბრიდან აღებულ პაუზას აგრძელებს. მანამდე რუსეთის დირიჟირებით ხდებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროვოცირება. ვაშინგტონმა მოსკოვის ეს გეგმები ჩაშალა.
– ამბობდით, რომ ნოემბერ-დეკემბერში ლობისტებმა რუსები დაარწმუნეს, რომ აშშ და მისი საელჩო საქართველოს მოვლენებისგან განზე გადგებოდნენ, რაც არ მოხდა. ახლა რა ხდება? აშშ ამჟღავნებს ინტერესს საქართველოს მიმართ, რუსეთი კი თავის სცენარებს არ ეშვება?
– რუსეთი იყენებს ნებისმიერ შანსს. ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციიდან ერთი-ორი დღის შემდეგ ივანიშვილმა, ბოკერიამ და ხაზარაძემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
– აშშ-ირანის კონფლიქტის გაღრმავებამ შთააგონათ, კიდევ ერთხელ მიბრუნებოდნენ რიგგარეშე არჩევნების საკითხს?
– ასე გამოდის. ამ სამეულმა არჩევნების შესათანხმებლად მოსკოვშიც დარეკა. იმედი ჰქონდათ, რომ აშშ სრულად გადაერთვებოდა ირანზე, ვერ მოიცლიდა საქართველოსთვის და რუსეთი თავის ნებაზე მოაკვარახჭინებდა არჩევნებს საქართველოში.
– იმაზე არ იფიქრეს, რომ საქართველო ირანის მეზობელია და აშშ-ს საქართველო უფრო მეტად დააინტერესებდა?
– ეს სწორედ ასეა. საქართველო და ირანი ერთ რეგიონს წარმოადგენენ. გაუგებარია, რატომ უნდა გაუქრეს ვაშინგტონს ინტერესი ამ ცხელი რეგიონის სახელმწიფოს მიმართ! საბოლოოდ, ირანი კონფლიქტის უფრო მეტ ესკალაციას მოერიდა და საქართველოში რიგგარეშე არჩევნების მოსურნეებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
– ამ ტაიმ-აუტის თუ ოპერატიული პაუზის დროს, ინტენსიურად ვრცელდება ხმები პრემიერ გახარიას გადაყენების შესახებ. ესეც არ უნდა იყოს შემთხვევითი?
– რასაკვირველია. ეს არის თემა პოლიტიკური ანალიზისათვის. ივანიშვილს მისი მოსინჯვა უნდა.
– იქნებ, დააზუსტოთ?
– ეს თემა შემოაგდო ბიძინა ივანიშვილმა. მან დაიწყო გახარიას გაწირვის სცენის გათამაშება. საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ელოდება ამერიკელების რეაქციას. საკითხი შეფუთულია ისე, რომ ხელისუფლებიდან უშვებენ პრორუსულ კადრს.
ივანიშვილს სურვილია, ამერიკელებმა ეს ნაბიჯი მოიწონონ, პირადად ის კი გახდეს მიმზიდველი ვაშინგტონისთვის. პრემიერებს ივანიშვილი ასე ხსნიდა – ჯერ შემოაგდებდა ინფორმაციას, მოსინჯავდა ნიადაგს და შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ერთი პრემიერი იცვლებოდა უფრო პროამერიკულით ან უფრო უნარიანით. ინერგებოდა აზრი, რომ ეს ამერიკელების მოთხოვნები იყო.
– ახლა რა ხდება?
– ვაშინგტონს აქვს სერიოზული პრეტენზიები საქართველოს მთელი ხელისუფლების, პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პრემიერი, რომელიც არაფერს წყვეტს, ვერ ცვლის კადრებს, მათი ყურადღების ობიექტი არ არის. ყალბი მოცემულობა ვაშინგტონს არ აინტერესებს.
ბიძინა ივანიშვილი ტყუილად ელოდება დადებით რეაქციას ვაშინგტონიდან. გახარიას საკითხი გამოსადეგია რუსეთის პოლიტტექნოლოგებისათვის. ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური ტრანსფორმაციის საფუძველი. რუსებს ეშინიათ, რომ წელს შემოდგომაზე საქართველოში პოლიტიკურ ტრანსფორმაციას მოახდენს აშშ. მათ შიშიც ამოძრავებთ და ერთი სულიც აქვთ, გაიგონ, რას აპირებს აშშ საქართველოში.
– ოპოზიცია იმაზე აპელირებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან ერთად ებრძვიან.
– ეს არის პოლიტიკური სპექტაკლის ერთი სცენა. რეალობა ასეთია – დასავლეთი უკმაყოფილოა როგორც ბიძინა ივანიშვილით, ისე ე. წ. პროდასავლური ოპოზიციით. აშშ არც ერთს არ ენდობა. საქართველოს ხელისუფლებასა და ფსევდოდასავლურ ოპოზიციას შორის დაპირისპირებას აშშ-ში უწოდებენ ფსევდოკონფლიქტს ივანიშვილსა და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის.
– ბოკერიას დაჯგუფებებში ვინ მოიაზრება?
– “ევროპული საქართველო” და “ლელო”. ამ ორი ორგანიზაციის შეკრულობა კარგად ჩანს “ტვ პირველზე”. აშშ-ში ინფორმირებული არიან იმაზე, რომ ივანიშვილი, ბოკერია და ხაზარაძე ერთ მიზანს ემსახურებიან. ამჟამად ეს ასეა. აქედან ერთს მაინც რომ ჰქონდეს სერიოზული კავშირი აშშ-სთან და ამერიკელების ნდობა, სხვასთან ერთ ნავში არ იჯდებოდა და კოლექტიურად არ იმუშავებდა.
მაგალითად, ბოკერიას რომ ჰქონდეს ამერიკელების მხარდაჭერა, “ტვ პირველი” არ გააპიარებდა ხაზარაძეს, მის “ლელოს” და ბოკერია არც ივანიშვილთან ერთად დააწყობდა საერთო გეგმებს.
წეღან გახარიაზე ვისაუბრე. ივანიშვილი სხვა პრორუსულად აღიარებულ ფიგურებსაც გაწირავს.
– კერძოდ?
– დაახლოებით ორი კვირის წინ ივანიშვილმა შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონს შეუთვალა, რომ არ განიხილავს საპარლამენტო ძალებად ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსს” და ბურჯანაძის “ერთიან საქართველოს”.
– ეს რას ნიშნავს? მათ გაწირავს?
– ეს არის გზავნილი. ივანიშვილი მიანიშნებს, რომ საქმე გახარიათი არ დამთავრდება. ეს იქნება ტენდენცია. იმათ, ვისაც პრორუსული სახელი აქვს, მოიცილებენ.
– ამ ორი ძალის, ასევე “ბოკერიას დაჯგუფების” გარდა, არიან სხვა პოლიტიკური პარტიები. ცოტა ხნის წინ გარეთ 30-ზე მეტი პარტია იდგა.
– იმ დანარჩენებს ამერიკის საექსპერტო საზოგადოება არ იცნობს. იქ ჩვეულებრივ პარტიად არც “ქართულ ოცნებას” აღიარებენ. ამერიკაში მიჩნეულია, რომ არსებობს ივანიშვილის ჰიბრიდული კონსტრუქცია, რომელშიც შედის ხელისუფლება, პარტია, ასევე მაჟორიტართა კორპუსი.
ამ ქვეყანაში იცნობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე “ბოკერიას დაჯგუფებას”. აქედან მხარს არავის უჭერენ. ოდიოზური რუსული ძალის სახელით იცნობენ ინაშვილის “ალიანსს”, პრორუსულ ორგანიზაციად თვლიან ასევე ბურჯანაძის პარტიას.
– დანარჩენი პარტიებიდან უმრავლესობა პროდასავლურობაზე დებს თავს.
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აშშ-ში მათი დასახელებებიც არ იციან. ეს პარტიებიც მონაწილეობდნენ რუსულ სცენარებში.
საქართველოს ხელისუფლებისა და ე.წ. ოპოზიციის, ასევე ვითომ ექსპერტების რუსული პოლიტიკური თამაშები გაშიფრულია. ვინც ამ თამაშებში ჩართული არ არის, იმ ადამიანებს მოვუწოდებ, გაერკვნენ, რა ხდება.
ეს პარტიები კი, რომლებიც პროამერიკელობას იბრალებენ, ილუზიებში ნუ ჩაცვივდებიან. ისინი დაცარიელებულ ნიშებს ვერ შეავსებენ.