“მტრები აქ არიან და არა ამერიკაში” – თეირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ გაზით და ხელკეტებით დაშალა

"მტრები აქ არიან და არა ამერიკაში" - თეირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ გაზით და ხელკეტებით დაშალათეირანში, გვიან ღამით აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არიან დაშავებულები.

“მტრები აქ არიან და არა ამერიკაში”- სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილი ირანელები.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომელზეც ძირითადად სტუდენტები შეიკრიბნენ, მოკლული ირანელი გენერლის პოსტერები ჩამოხსნეს და დაწვეს. ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანისა და სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამანეის გადადგომას ითხოვდა.

“არ დახოცოთ აქციის მონაწილეები,” – ამ სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის რეჟიმს როგორც სპარსულ, ისე ინგლისურ ენებზე მიმართავს. დონალდ ტრამპი განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. თეთრი სახლის ლიდერი, ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ირანში გამართული აქცია მსოფლიოს სხვა ლიდერების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე ბრიტანეთის ელჩი დააკავეს. დიპლომატიური სკანდალი გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერებმა ტელეფონის საშუალებით განიხილეს. ბორის ჯონსონმა და ანგელა მერკელმა ინციდენტი დაგმეს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასეს. თავის მხრივ, ბრიტანელი დიპლომატი ირწმუნება, რომ ის ირანში ანტისამთავრობო აქციაში არ მონაწილეობდა.

საპროტესტო აქცია ირანში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გაირკვა, რომ უკრაინული სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” აიღო, თეირანმა კი ავიაკატასტროფა, რომელსაც ბორტზე მყოფი 176 პირი ემსხვერპლა, მხოლოდ ადამიანური ფაქტორით ახსნა.

რუსთავი 2