“მურად წურწუმიას საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება არ შეიძლება”

"მურად წურწუმიას საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება არ შეიძლება"მამუკა არეშიძე: “ეს ნაციონალების პიარტექნოლოგიაა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

მურად წურწუმიას მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გუშინ საღამოს დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც ვახტანგ ბურძენაძე, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუტორია. შსს და პროკურატურაც ადასტურებს, რომ ბურძენაძე სპეცრაზმელი არ არის.

საკითხის სიცხადისათვის “კვირის პალიტრას” ესაუბრა ფოფხაძის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა:

– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს. 2 იანვარს, ბედობა დღეს, ფოფხაძე თავის მეგობართან ერთად იყო დამპალოს სასაფლაოზე. რადგან მეგობარმა სთხოვა და მას თავისი ავტომანქანით გაყვა.

უკვე შებინდებული იყო, ორი პიროვნება, საკმაოდ მთვრალები, გარდაცვლილი და მისი ძმა მის მანქანაში ისხდნენ და ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. ბრალდებული ამბობს, თავიდან ვცდილობდით ყოველგვარი შეხლა-შემოხლის გარეშე გადმოგვეყვანა ისინი მანქანიდან, რადგან შს სამინისტროს თანამშრომელი ვარ და ვერიდებოდი ყველანაირ კონფლიქტს, მაგრამ ამ დროს დაქოქეს მანქანაო.

მანქანამ გაიარა სადღაც 15-20 მეტრი, მიაჯახეს ბოძს და იქ გაჩერდაო. ამ დროს მივიდა იმ ადგილას ზურა და გადმოათრია ისინი მანქანიდან და მაშინ ატყდა გინება და ჩხუბი. ეს ადამიანები ცდილობდნენ სხვისი ნივთის გატაცებას. მომხდარის მიზეზი ხომ უნდა ავხსნათ, რომ არ ჩამსხდარიყვნენ, ეს ხომ არ მოხდებოდა.

ზურა ამბობს, მინდოდა, მხოლოდ მანქანიდან გადმომეყვანაო. მანქანა გამტაცეს, თან დედა მაგინეს, რომელიც 2 თვის გარდაცვლილი მყავს და ვეღარ მოვითმინეო. ძალიან მწარედ განიცდის მომხდარს, ამბობს, თავიც დაიღუპა და მეც დამღუპაო. სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა. დიდი ხანია, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს.

– ასე სასტიკად რატომ გაუსწორდა?

– კონფლიქტში 4 პირი იყო, აქედან 1 გარდაცვლილია, საქმეში არის გარდაცვლილის ძმის ჩვენება, რომელიც ამბობს, 2 პირი გვცემდაო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, თავად ზურა ამბობს, რომ ჩხუბი იყო, ის მეორე პირი, მეგობარი, მოჩხუბრებს აშველებდა. თავად ის პირიც დაკითხულია და ისიც ამბობს, ვაშველებდიო, ზურასაც ურტყამდნენ და ამ ჩხუბში ზურაც კი წაიქცაო. როგორც ბრალდებული ამბობს, ვინც საჭესთან იჯდა, ის გაიქცა, ცემის შემდეგ ნახეს, მეორე პირი ცუდად რომ იყო და ზურამ თავის სახლში წაიყვანა.

– სასწრაფო რატომ არ გამოიძახა მაშინვე?

– წესით, სასწრაფოსთვის უნდა დაეძახათ, მაგრამ არ დაუძახეს, ამას განიცდის, უნდა გამომეძახაო. ღამით მიიყვანეს ზურას სახლში, სისხლი მოწმინდეს, ღია ჭრილობა არ ჰქონიაო, ტყუილია და სრული სისულელე, რომ თითქოს ქუჩაში მიაგდეს შიშველი და თვალებდათხრილი.

მეორე დღეს, 3 იანვარს დილის საათებში რომ დამძიმდა მდგომარეობა, ზურამ სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფომ წაიყვანა კლინიკაში და იქ გარდაიცვალა. მეორე პირი იმასაც ამბობს, პირიქით, გზაში ქურთუკიც კი მოვახურეთო. სასწრაფო რომ მან გამოიძახა, ესეც დადასტურდება. ექსპერტიზა დანიშნულია და დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

მწვავეა ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებები. ითხოვენ, რომ წურწუმიას მკვლელობას წამების კვალიფიკაცია მიენიჭოს.

ოპოზიციონერთა ნაწილი პარალელს ავლებს წურწუმიას მკვლელობასა და გირგვლიანის მკვლელობას შორის. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ პიარზე გათვლილი სვლაა. გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ დასკვნების გამოტანა დაუშვებელია. ექსპერტთა აზრით, გირგვლიანის მკვლელებს მთელი სისტემა იცავდა, წურწუმიას მკვლელობა კი ფაქტობრივად გახსნილია.

2 იანვარს დამპალოს სასაფლაოზე მურად წურწუმიას მკვლელობის პოლიტიკური შეფასებების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა არეშიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, სპეცრაზმელის მიერ მოკლული ახალგაზრდის საქმეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ამ მკვლელობას გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ადარებს ოპოზიცია და ხელისუფლებას სისხლიან რეჟიმად მოიხსენიებს. თქვენი შეფასებები როგორია ამ საქმეზე?

– მე მხოლოდ რაც ოფიციალურად ითქვა და დაიწერა, ის ინფორმაცია მაქვს, დამატებით ინფორმაციებს არ ვფლობ. ოპოზიციის მეთოდოლოგიაა ასეთი, ყველა მათ მიერ დაშვებულ შეცდომას ან დანაშაულს უნდა მიუსადაგონ ის, რაც დღეს ხდება. მათი პიარის მეთოდოლოგიაა ასეთი, რომ გაავლონ პარალელები და მათ დანაშაულებებს მიუსადაგონ ამ ხელისუფლების გადაცდომები.

მათი მიზანია, დაანახონ საზოგადოებას, რომ მათსა და ამ ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის.

– თვითონ ფაქტის შესახებ რას იტყვით?

– ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. გირგვლიანის მკვლელობა განსაკუთრებული ცინიზმით მოხდა და, ამ სიტუაციისგან განსხვავებით, წინა ხელისუფლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ არ შეემჩნია, ეს ფაქტი რომ მოხდა საერთოდ.

– საუბარია, რომ ამ შემთხვევაში თავად ჩაბარდა დამნაშავე სპეცრაზმელი.

– მე არ ვიცი, თავად ჩაბარდა თუ დააკავეს, თუმცა ფაქტია, რომ დამნაშავე დაკავებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

აქ მთავარია, რამდენად სამართლიანად იქნება ეს ყველაფერი გამოძიებული.. საზოგადოებას არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ ვიღაცა მალავს დანაშაულს.

გირგვლიანის შემთხვევაში სწორედ ამასთან გვქონდა საქმე. მაქსიმალურად მალავდნენ და ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, ხოლო როდესაც ისინი დააპატიმრეს, საკმაოდ სასათბურე პირობებში ჰყავდათ.

ამიტომ არანაირი პარალელის გავლება ამ ორ საქმეს შორის არ შეიძლება. ეს არის ნაციონალების პიარმეთოდოლოგია და საკმაოდ კარგად ცნობილი.

ის არაერთხელ გამოუყენებიათ.