მურმან დუმბაძე – “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”

მურმან დუმბაძე - “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, შეიძლება გახარიამ პოსტი დატოვოს?
– ხელისუფლების შიდა კულუარები მოსახლეობისთვის ნაკლებად არის საინტერესო. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა.
– ოპოზიცია ხომ ითხოვდა გახარიას გადადგომას?
– გახარია თუ წავა, ეს არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხი. ჩვენ ვითხოვდით გახარიას მოხსნას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, მაგრამ საზოგადოებამ მისი დაწინაურება მიიღო. 2019 წელს ვითხოვდით გახარიას წასვლას, ახლა 2020 წელია. ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა გაერთიანებული ოპოზიციის.
– ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა პრემიერი გახარია. ამბობენ, რომ გარკვეული სიგნალები მიიღო. ამ დახურულ შეხვედრაზე რა შეიძლებოდა განხილვის საგანი ყოფილიყო?
– ასეთი საერთაშორისო ზეწოლა არ მახსენდება არც ერთ ხელისუფლებაზე. გახსოვთ, თბილისში შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბეიკერი რომ ჩამოვიდა?! ბეიკერი მართლა საარჩევნო ბარიერის განსასაზღვრად კი არ ჩამოვიდა, შევარდნაძეს დელიკატურად მიანიშნა, უთხრა კიდეც, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ორ ვადაზე მეტხანს მთავრობა არ მართავს ქვეყანას. რვა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ძალაუფლების ხიბლში არ ჩავარდეს.
ახლა დასავლეთი სწორედ ამას ეუბნება ბიძინა ივანიშვილს სხვას კი არაფერს! ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ მისი დრო ამოიწურა, რვაწლიანი ციკლი დასრულდა. ამას ეუბნებიან დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გასაგები ენით.
რატომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა, რა მიღწევები გვაქვს, რამე შთამბეჭდავი მოხდა და ჩვენ გამოგვეპარა?! ეკონომიკა დადგა ფეხზე, ლარის კურსი გამყარდა, სოციალური პრობლემები მოგვარდა თუ რა მოხდა?!
– თუ ივანიშვილმა თქვა, იმიტომაც ვცვლი მთავრობას, რომ მეც არ მომწონს მისი მუშაობაო?
– ახლა ამას ვერ გვეტყვის ივანიშვილი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც გვითხრას, როგორც, მაგალითად, კვირიკაშვილი ვითომ ბავშვთა შიმშილობის გამო რომ მოხსნა. ჩვენ, ოპოზიცია, 7-8 თვის წინ ვეუბნებოდით, რომ გახარია არ უნდა დაენიშნა, ახლა ივანიშვილს გახარიასთან და მთელ მთავრობასთან ერთად მოუწევს სახლში წასვლა.
– როგორ?
– გაერთიანებული ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, შერეული სისტემით, პროპორციული სისტემით, ვადამდელი თუ ვადიანი არჩევნებით გაისტუმრებს “ქართულ ოცნებას” სახლში. ოპოზიცია აუცილებლად მოიგებს არჩევნებს.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– ასეთი გაერთიანებული, კოორდინირებული და შეთანხმებული ოპოზიცია მე არ მახსენდება. ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ძალიან ბევრ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ერთმანეთისთვის მიუღებელი პოლიტიკოსები გვერდიგვერდ სხდებიან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებში დაამარცხონ ხელისუფლება.
ძალიან რთულად წარმომედგინა, რომ ნინი ბურჯანაძე და გიგა ბოკერია ოდესმე გვერდიგვერდ დასხდებოდნენ ერთ მაგიდასთან. ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, მე მჯერა იმის, რასაც ვამბობ – ოპოზიცია ყველანაირ პირობებში მოუგებს არჩევნებს “ქართულ ოცნებას”.