ნიკოლოზ მჟავანაძე – “ამდენი ტელევიზია აქვს “ოცნებას” და მაინც აგებს საინფორმაციო ომს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - “ამდენი ტელევიზია აქვს "ოცნებას" და მაინც აგებს საინფორმაციო ომს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს.
– ბატონო ნიკოლოზ, 2019 წელი ერთ-ერთ რთულ წლად დასახელდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით. თქვენ რა საკითხებს გამოყოფდით ყველაზე მეტად, დადებითს და უარყოფითს?
– დადებითს ნამდვილად ვერაფერს გავიხსენებ. ასეთი არაფერი მომხდარა. ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ხალხს შვება ეგრძნო. ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპაცია გრძელდება. თუკი აქამდე მარტო რუსეთის ოკუპაცია იყო, ახლა აზერბაიჯანის მხრიდანაც გრძელდება ოკუპაცია. ნელ-ნელა დავით გარეჯი მთლიანად აზერბაიჯანს მიაქვს, ჩვენი პრეზიდენტი კი მადლობას უხდის აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია, ხალხი საქართველოდან გარბის.
– ივანიშვილმა, მე გიშოვით სამუშაოს, თუ წახვალთო.
– დიახ, ამ პროცესს ხელისუფლებაც უწყობს ხელს და ხალხს ეუბნება, წადით და ვიზას და ბილეთებს ჩვენ მოგცემთო. მერე გვიკვირს, რატომ იკლავს ხალხი თავს. მთელი საქართველო სტრესშია, ხალხი სამსახურს ვერ შოულობს.
– 2019 წლის მიწურულს ერთ-ერთ სერიოზულ სანქციად “ოცნების” ფეისბუქგვერდების დახურვა დასახელდა.
– ამ ტროლებთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გავიხსენო. უმადურობა არის ყველაზე დიდი ცოდვა ამ ქვეყნად. ამ “ქართული ოცნებისთვის” ხალხი ტყვიაზე მიდიოდა. ინფო 9-ს ჟურნალისტები ცემა-ტყეპაში იყვნენ, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, რომ ესენი ხელისუფლებაში მოეყვანათ.
როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეგრევე სახლში გაუშვეს ეს ხალხი და დაუხურეს ინფო 9. დახურეს მე-9 არხიც და დატოვეს უმუშევრები.
– ტროლებთან ეს რა შუაშია?
– შე დალოცვილო, თუ მაინცდამაინც პროპაგანდისტული მანქანა გინდა ჩართო, იმ ხალხს მაინც დაუძახე, ვინც გვერდში გედგა ძნელბედობის ჟამს. ვიღაც ლაწირაკებს უხდი ამდენ ფულს, რომლებსაც არც არაფერი დაუწერიათ და არც არაფერი გაუკეთებიათ. ქრისტეს შეურაცხყოფით და უცენზურო სიტყვებით გამოიჩინეს თავი. აი, ასეთი ლაწირაკები და პროპაგანდისტები დაიყენეს გვერდში. მილიონი ლარი გადაიხადეს რეკლამებში და ერთი მილიონი ალბათ მათ ხელფასებში. რაში დაიხარჯა ორი მილიონი ლარი?!
ყველა სფეროში არაფრის მაქნისები არიან. ამდენი ტელევიზია აქვს “ოცნებას” და მაინც აგებს საინფორმაციო ომს, აბსოლუტურად ყველა სფეროში. ეს იმიტომ, რომ უტვინოები ჰყავთ გარშემო. სისხლის მწოველები ახვევია გარს ივანიშვილს და მაგასაც კი ვერ ხვდება. ყველა მარტო ფულის კეთებაზეა გადასული. გინდ ბოტები დაუძახეთ და გინდ ტროლები. ათას პარტია გადამხტარი ხალხი დაიყენეს გვერდით და მათ ჰგონიათ, რომ ამ ხალხისას დაიჯერებს მოსახლეობა?!
ხალხის გულის მოგება თუ უნდათ, მორალურად და ზნეობრივად სუფთა ადამიანებს მაინც დაუძახონ. შეიძლება ის ადამიანები ჰყავდეს “ოცნებას” პროპაგანდისტებად, ვინც დღე და ღამე მიშასთან იყვნენ?! დღეს მიშას აგინებენ. მანამდე შევარდნაძესთან იყვნენ და მიშასთან რომ წავიდნენ, შევარდნაძეს აგინებდნენ. არ გაგიკვირდეთ, რომ ამ ბოტების და ტროლების შემქმნელები მალე “ოცნების” და ივანიშვილის მაგინებლად მოგვევლინონ.
– იმატა პოლიტიკური ნიშნით დევნამ, შევიწროვებამ. ძალიან გახშირდა თვითმკვლელობები.
– ღმერთს დაუწყეს ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში. რაც უნდა თავი მოვიტყუოთ, ფაქტია, რომ ეკლესიები დაცარიელდა. წადით შაბათ-კვირას სამებაში და ნახავთ, რომ 20 კაცი თუ ესწრება პატრიარქის ქადაგებას. ამ პროპაგანდამ თავისი შედეგი გამოიღო. პლიუს ამას სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ დაამძიმა ხალხის ყოფა, ადამიანები სტრესში არიან.
ადრეც ხშირად ვყოფილვართ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, მაგრამ ადამიანი რომ ღმერთს შორდება, ის თავს იკლავს. ძალიან მძიმე ფონია, ეკლესიასაც როგორ ებრძვიან. ხალხი უმძიმეს ვითარებაშია, ნაგვის ბუნკერებში იქექებიან, ელემენტარული პურის ფული არ აქვთ და ამ ფონზე მილიონს ვიხდით ნაძვის ხეში. კარგით რა, სირცხვილია!
– არ უნდა დაედგათ, არ უნდა გაენათებინათ ქუჩები?
– იმ მილიონის გადახდას, ბიძინას მოეტანა ერთი ნაძვი და დაედგა. ის მილიონი კი გაჭირვებულებისთვის დაერიგებინათ.
რუსთაველზე რომ გავივლი, ჰოლივუდში მგონია თავი. 500 ათასი დახარჯეს ილუმინაციებში და განათებებში. საახალწლო განწყობას ილუმინაციები კი არ ქმნის, საახალწლო განწყობას ქმნის ფინანსური მდგომარეობა! მაცივრი რომ ცარიელი გაქვს და შვილები რომ გეტყვიან, მამა, ახალ წელს საჩუქრები მიყიდეო და ფული არ მაქვს და ვერ ვყიდულობ, ილუმინაციები მიშველის?! ბრჭყვიალა ქუჩები შემიქმნის მე საახალწლო განწყობილებას?!
თუ რამის გადაფარვა უნდათ, ნაციონალებიო, გაჰყვირიან.
– ეს აღარ მუშაობს?
– აღარ მუშაობს. ჩოლოიანი მიშას პოლიციელი იყოო, ახლა გახდა მიშას პოლიციელი, დანაშაული რომ ჩაიდინა?! მანამდე არ იყო?! თავიდანვე მოიშორე. მიშაზე ლაპარაკი ამ ხელისუფლებისთვის, პირიქით, წამგებიანია და ამას ვერც ხვდებიან.
მიშა რომ ცუდი იყო, მიშას ხალხი რატომ გყავს ხელისუფლებაში?! შენ თუ ხარ კარგი, გააკეთე უკეთესი, აღარ შეგვიძლია ეს მიშა, მიშას ძახილი! მიშასაც ესენი აცოცხლებენ ამ თავისი გამოხდომებით.
ისეთი ხალხი ჰყავს “ოცნებას” გარშემო, რომ სწორედ ამათმა დაღუპეს. ჯერ წითელი ინტელიგენცია დაიყენეს გვერდით, მერე ნაცზონდერები და კიდევ უკვირთ, ხალხმა ზურგი რატომ აქცია. დიქტატურის დამყარება უნდა ივანიშვილს და დიქტატურა ისეთ ქვეყნებში მყარდება, სადაც ხალხი მაინც არ არის მშიერი. ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს, დიქტატურას ვერ დაამყარებთ, ბატონო ბიძინა!
– ეს არ გამოუვა?
– არა. მშიერი ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ ტყვია მოხვდება შუბლში! ნაცმოძრაობის გამო არ გამოდის ხალხი ქუჩაში, ეშინიათ, ისინი არ დაბრუნდნენო, მე მგონი, ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ ხალხი ამ შიშს დაივიწყებს და ქუჩაში მასობრივად გამოვა. გაბრაზებული და მოტყუებული ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი. ამდენ ტყუილს და ამდენ გადაგდებას არავინ აღარ მოითმენს.
– რას ველოდებით ამ ახალ 2020 წელში?
– მე არ ვუყურებ ძალიან ოპტიმისტურად მომავალს. გემი რომ იძირება, მას პირველი ვირთხები ტოვებენო და ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართული ოცნება” დატოვეს ვირთხებმა. იმ ხალხმა, რომლებიც ყველა მთავრობას ერგებიან. საქმე რომ კარგად იყოს, ზვიად ძიძიგური იქიდან გაიქცეოდა?!
როგორი იქნება მომავალი, ეს თავად ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. მე მინდა, რომ საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია არ მოხდეს. ჩვენ ვნახეთ, რაც მოიტანა ვარდების რევოლუციამ – ყოველი მესამე ციხეში იჯდა, დაიწყო რეპრესიები და ცუდი გზით წავიდა ქვეყანა. ნამდვილად არ მინდა, იგივე განმეორდეს.
– რაიმე რებრენდინგი, გუნდის გადახალისება, რაიმე სვლა დარჩა ივანიშვილს? ახალ კარუსელზეც მიდის საუბარი. ამაზე რას ფიქრობთ?
– ამოწურა ყველა რესურსი. ერთგული ხალხი, ვინც მართლა მხარს უჭერდა, არ დააფასა, ქუჩაში გაყარა და ამას ხომ ყველა ხედავს. რა დაპირებაც იყო, საერთოდ არაფერი შესრულდა და მეტი რაღა უნდა თქვას და მოიმოქმედოს ივანიშვილმა, რომ ეს ხალხი თავისკენ შემოაბრუნოს?! ეს გამორიცხულია.
ვერც ერთი ერი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენმა ერმა გაუძლო. 25 წელია, ვაებაში, გაჭირვებაში, შიმშილში და მუდმივ ოკუპაციაშია ხალხი. კიდევ ამბობენ, ცუდი ერი ხართო, ვერც ერი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენ გავუძელით. არც ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე.
– არ გაქვთ დადებითი პროგნოზი?
– არა, სამწუხაროდ, დადებითის მოლოდინი არ მაქვს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს პერიოდი მახსენებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს და მახსენებს 1991 წელს, როდესაც ზვიადმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
– მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე?
– სამწუხაროდ, მივდივართ. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებებს დასავლეთი ცვლის ან რუსეთი და თუ ეს გადაწყვეტილია, ამას ხალხიც ვერ აღუდგება წინ.