პაატა დავითაია – “აფხაზებს აღარ უნდათ რუსეთი”

პაატა დავითაია - “აფხაზებს აღარ უნდათ რუსეთი”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
სოხუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს პაატა დავითაია პასუხობს.
– ბატონო პაატა, როგორია თქვენი შეფასებები აფხაზეთში განვითარებულ პროცებთან დაკავშირებით? ჩვენ ექსპერტულ წრეებში კეთდება შეფასებები, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია, სწორედ ის მართავს პროცესებს. თქვენ რას იტყვით?
– ვინც ამას ლაპარაკობს, ახლოსაც არ არის იმ პრობლემებთან, რომლებიც არის აფხაზეთში. სამწუხაროდ, მთელი ეს პერიოდი ჩვენ ისე დავშორდით აფხაზეთს, იქაურ მოსახლეობას, რომ არ ვიცით, იქ რა პროცესები მიმდინარეობს.
– რაშია პრობლემა?
– რაც ხდება დღეს აფხაზეთში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სცენარია, მაგრამ ეს სცენარი სულაც არ არის საქართველოს სასიკეთოდ.
– ეგ რას ნიშნავს?
– ცოტა უკან დავუბრუნდეთ ამ მოვლენების ისტორიას. პრეზიდენტობის კანდიდატი იყო რაულ ხაჯიმბა და მას დაუპირისპირეს კანდიდატად ასლან ბჟანია, რომელიც იყო მთელი ოპოზიციის კანდიდატი.
პოლიტიკური პროცესები აფხაზეთში არ იმართება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გააჩნიათ, აფხაზეთში პროცესები იმართება გვარების მხრიდან. გვაროვნული მმართველობაა აფხაზეთში, მოდით, ასე ვთქვათ. უხუცესთა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გვარების მიხედვით.
როდესაც ხაჯიმბამ გადაწყვიტა, მეორედ ეყარა კენჭი, უხუცესთა საბჭო წავიდა ამის წინააღმდეგი და თქვა, რომ ეს ადამიანი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. მთელი ოპოზიციის მეომრები, ვინც კი გაერთიანებულები არიან, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, არის მეომართა კავშირის წევრი, რომლის უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი.
– ჩვენთან მუსირებს აზრი, რომ ბჟანიას კრემლმა აგრძნობინა მხარდაჭერა. თქვენ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– ეს არის აბსურდი! ამ პროცესების უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი. გახსოვთ, რომ ის ხაჯიმბას მიერ იქნა გადაყენებული და ზუსტად ანქვაბი რომ გადააყენეს, სწორედ ამ პროცესების უკან იდგა რუსეთი, ხაჯიმბას მეთაურობით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ანქვაბი იყო პროაფხაზური პოლიტიკოსი და არა – პრორუსული პოლიტიკოსი. მან არ მისცა საშუალება აფხაზეთში მიწების გასხვისების. მან შეუქმნა კარგი პირობები ქართულ მოსახლეობას, რომელიც იქ ცხოვრობდა. მან გააკეთა ყველაფერი ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სამხედრო ბაზები თავს თავისუფლად არ გრძნობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. სულ პრობლემებს უქმნიდა მათ. ამას მოჰყვა ანქვაბის ჩამოშორება სპეცსამსახურების ჩართვით და ამას ხელმძღვანელობდა ხაჯიმბა.
მთელი ლეიტმოტივი ანქვაბის წინააღმდეგ სარჩევნო კამპანიისა იყო ის, რომ ის ფარულად გარიგებულია საქართველოსთან.
– იყო ამაში სიმართლის მარცვალი?
– არა, ეს დიდი სისულელეა. ჩამოიშორეს ანქვაბი და როდესაც მოვიდა ხაჯიმბა, რუსულ ბაზებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომ არანაირი პასუხისმგებლობა დანაშაულთან დაკავშირებით რუსი ჯარისკაცების არ დგება. რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო მაღლა დგას, ვიდრე აფხაზეთის.
დაიწყო მიწების გასხვისება, დაიწყო კრიმინალური მმართველობა. ანქვაბის მმართველობის პერიოდში კანონიერი ქურდები არ იმყოფებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა კი ისევ დაბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, რუსეთმა დაიწყო სერიოზული პარპაში აფხაზეთში და დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა ძალიან დიდი. აფხაზეთის ტერიტორიასზე შემოვიდა რუსული ბიზნესი, თანაც ძალიან დიდი დოზით. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, აფხაზებს ფული არა აქვთ. ამან ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა პროაფხაზური ძალების დაბრუნება.
– ანუ ეს სრულიად ოპოზიციური პროცესია?
– რა თქმა უნდა! ცხადია, ანქვაბი ვეღარ იქნებოდა პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე, მან შეარჩია ბჟანია, რომელიც მისი კანდიდატურაა. ეს ბჟანია კი აიღეს და მოწამლეს!
ამან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამდენი ხნის განმავლობაში ეს კაცი მკურნალობდა და იმ ოპოზიციურმა კანდიდატმა, კვიცინიამ, რომელმაც ბჟანია ჩაანაცვლა, მან არჩევნები მოიგო, მაგრამ აფხაზეთის სპეცსამსახურების სერიოზული ჩარევა მოხდა, პუტინის პირადი ჩარევა მოხდა, უკვე მეორეჯერ ხაჯიმბასთან დაკავშირებით. გაამარჯვებინეს ხაჯიმბას და ამან გამოიწვია დიდი გაღიზიანება აფხაზი მოსახლეობის.
როდესაც ბჟანია დაბრუნდა, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, სასამართლოში ხდებოდა ამ საკითხის განხილვა, მაგრამ სასამართლომ საკითხის დაუშველობა ცნო და ამის უკან ისევ რუსეთი იდგა და, აი, ეს იყო ბოლო წვეთი და ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში.
– დათვლილია ხაჯიმბას დღეები თუ ისევ გაუმყარებს რუსეთი ზურგს?
– ხაჯიმბას დღეები არის დათვლილი! ამას პირდაპირ გეუბნებით. ყველა განუდგა, პარლამენტიც და ხალხიც, ხაჯიმბა იარაღს ვერ გამოიყენებს ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, რომ მთელი ამ პროცესის უკან დგანან ე.წ. ომის გმირები აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ამიტომ მათ წინააღმდეგ იარაღს ვერავინ აიღებს.
თუ რუსებმა აიღეს იარაღი, ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია, ძალიან მკვეთრი! აქ მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სად ვართ, ჩვენ?!
– ჩვენ მართლა სადა ვართ, ბატონო პაატა და თუ გვაქვს მცირედი შანსი, ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს პროცესები?
– რა თქმა უნდა, გვაქვს! თანაც სერიოზული, მაგრამ ეს ჩვენთან არ უნდათ, არ აინტერესებთ. დღეს ჩვენი შეხების საერთო წერტილი იცით, რა არის?!
– რა?
– აფხაზებს აღარ უნდათ რუსეთი, არც ჩვენ გვინდა რუსეთი და სწორედ ეს არის ჩვენი შეხების წერტილები. აწი რა იქნება, ეგ სხვა თემაა, ეგ სახელმწიფოს სამუშაო თემაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ მიმართულებით არ მუშაობს და არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ეს ერთდღიანი სამუშაო ხომ არაა, ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. დღეს რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, დაიცვას ხაჯინბა, მაგრამ ეს არ გამოუვა, ამის შანსი არაა.
უახლოეს პერიოდში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები და არ ვიცი, როგორ ჩამოყალიბდებიან, ბჟანია იქნება კანდიდატი თუ კვიცინია. ჩემი აზრით, ორივე იქნება, ერთი პრეზიდენტობის და მეორე – ვიცე პრეზიდენტობის. აქედან გამომდინარე, ესენი მოიგებენ ამ არჩევნებს.
ეს კანდიდატები პრორუსულები არ არიან, პროაფხაზები არიან და, სამწუხაროდ, მათ მართლა სჯერათ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი.
მათი გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს გაურთულდება მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისეთი თავისუფლება აღარ ექნება, როგორც ეს ხაჯიმბას პერიოდში ჰქონდა.
მერე დანარჩენი ჩვენს და მათ მარიფათზეა დამოკიდებული. რაღაცა მარცვლის ჩაგდების შანსი ჩნდება ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, თუ სწორად ვიმოქმედებთ, რაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ ეტყობა.