ფუხაევი – ”ქართველებმა ოსებს 1920 წელს გენოციდი მოგვიწყვეს”

ფუხაევი - ”ქართველებმა ოსებს 1920 წელს გენოციდი მოგვიწყვეს”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომელმაც წინა წლებში რამდენჯერმე წამოსწია რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი, ვლადიკავკაზთან ინტეგრაციას აანონსებს.
უახლოეს ხანში დაგეგმილია შეთანხმების ხელმოწერა ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ამ დოკუმენტზე მუშაობა ათი წელიწადია მიმდინარეობდა.
– შეთანხმების პუნქტები ხსნის სივრცეს ინტეგრაციისათვის, – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი.
მისი განმარტებით, ამ ფორმატით “სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი” მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ოპერატიულად ირეაგირებენ ყველა პრობლემაზე, რომელიც აფერხებს “ოსეთის ორი ნაწილის შემდგომ ინტეგრაციას”.
პარლამენტები გენოციდის საკითხზეც ერთობლივად იაქტიურებენ.
ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1920 წელს მოაწყო ოსების გენოციდი. წელს ცხინვალი გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავს.
არ არის გამორიცხული, რომ ოსების გენოციდში ქართველები რუსეთის სახელმწიფო დუმამაც დაადანაშაულოს. ამაზე დუმაში შექმნილი სპეციალური კომისია მუშაობს.
საგანგებო კომისია ცხინვალმაც შექმნა. კომისია შეიმუშავებს ღონისძიებებს გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფისა და მემორიალიზაციისათვის.
ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი, ისტორიკოსი კონსტანტინე ფუხაევი არ მალავს, რომ გენოციდის საკითხზე პუტინის სიტყვების შემდეგ გააქტიურდნენ.
2019 წლის ზაფხულში, “გავრილოვის ამბებისა” და რუსული სატრანსპორტო-ტურისტული ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, კრემლის ლიდერმა ახსენა, რომ ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვეს.
ამ თემაზე თბილისიდან პასუხი არ ყოფილა.
– პუტინმა მკაფიო განმარტება მისცა 1920 წლის მოვლენებს და მათ გენოციდი უწოდა. ამ ინტერვიუმ სტიმული მისცა გენოციდის აღიარების საკითხზე საქმიანობის აქტივიზაციას, – აღნიშნავს ფუხაევი.
იგი იმასაც ამბობს, რომ ცხინვალისთვის სტიმული აღმოჩნდა ასევე 2019 წელს აშშ-ის მიერ სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებამ.
ბიბილოვის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საუკუნის წინანადელ მოვლენებს არ სჯერდება და საქართველოს უარეს ბრალდებებს უყენებს.
მისი თქმით, ქართველები ოსებს პერმანენტულ გენოციდს უწყობდნენ. 2008 წელსაც გენოციდი იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში გენოციდმა სახე იცვალა:
– საბჭოთა დროს გენოციდი შესუსტდა. მაშინ მან მიიღო რბილი გენოციდის-ეთნოციდის სახე.
ცხინვალის რეჟიმი ვლადიკავკაზის და კრემლის დახმარებით აპირებს, გენოციდის ამბავი მსოფლიოს გააგებინოს. თუმცა, აქ ოსები სომხებს ყველაფერში არ მიბაძავენ.
– ამისათვის ყველა მეთოდი არ გამოგვადგება. მშვიდობიანი ხალხი ვართ და არ მივმართავთ მეთოდს, როცა სხვადასხვა დროს გაანადგურეს სომხების გენოციდის მონაწილეები. ჩვენ საერთაშორისო არენაზე დიპლომატიის ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ მხატვრული და კულტურული ღონისძიებების მეშვეობით, გამოვიყენოთ სამეცნიერო პოტენციალი საერთაშორისო მოედნებზე, – აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის სახელით ფუხაევი.
მართალია, რუსეთს ეს გენოციდი ოფიციალურად არ უღიარებია, მაგრამ რუსეთის რამდენიმე ტელეკომპანია ამზადებს ამაზე ფილმს.
როგორც ირკვევა, გენოციდის ცნობისთვის ცხინვალის რეჟიმს საკმარისი დოკუმენტური მასალები და მტკიცებულებები არ გააჩნია.
თბილისის არქივებთან მათ წვდომა არა აქვთ. არის მოსაზრება, რომ შესაბამისი საარქივო მასალები ნოე ჟორდანიას მთავრობამ ემიგრაციაში გაანადგურა. მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთის ფედერაციას ბევრი არქივი აქვს და ხელის ჩასაჭიდს იქ მოძებნიან.
მტკიცებულებების უქონლობის ფონზე ქართველების დადანაშაულება გენოციდში აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
ამაზე ოფიციალური თბილისი ისევ დუმს.