პროკურორი თორნიკე ნადირაძე – “გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება”

პროკურორი თორნიკე ნადირაძე - "გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა.

როგორც თორნიკე ნადირაძე აცხადებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ბრალდების მხარეს ჯანაშიას ადვოკატმა მიმართა.

„დღეს განახლდება საქმის განხილვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარე წარმოადგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასევე მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ, ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

იპნ