რამაზ საყვარელიძე _ “ოცნება” არჩევნებამდე გახარიამ უნდა მიიყვანოს”

რამაზ საყვარელიძე _ “ოცნება” არჩევნებამდე გახარიამ უნდა მიიყვანოს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, თქვენ რას უკავშირებთ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს? ვრცელდება ხმები, რომ თავად გიორგი გახარიას უნდა წასვლა.
– ორლესული ამბავია სამთავრობო ცვლილებები. ერთი მხრივ, ახლად დანიშნულ ადამიანს ვერაფერს მოსთხოვ და ასეთი ცვლილებები გათვლილია ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდზე, მაგრამ არა ერთი წლით ადრე. მეორე მხრივ, ასე სწრაფად თუ ხდება სამთავრობო ცვლილება, ამან შეიძლება ამომრჩეველში გააჩინოს აზრი, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სწორი საკადრო პოლიტიკის წარმართვა. ასეთი პოზიციის გამყარება მომგებიან პოზიციაში არ აყენებს “ქართულ ოცნებას”.
წესით, ახლა არ უნდა მოხდეს საკადრო ცვლილებები, მით უფრო პრემიერის დონეზე. პირიქით, პედალირება უნდა მოხდეს იმაზე, რომ ამ დანიშვნამ გაამართლა. ეს უფრო სწორი ტაქტიკა იქნებოდა.
თუ მაინც მოხდება სამთავრობო ცვლილებები, მათ არჩევნებს არ დავუკავშირებდი.
– რას დაუკავშირებდით?
– ალბათ უფრო სხვა რამეს. კონკრეტულად მიჭირს რას, მაგრამ არჩევნებს ყველაზე ნაკლებად.
ერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ: გახარიას წასვლა ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკურ კონტექსტში იქნება აღქმული და გადატანილი. ოპოზიცია აუცილებლად დაიყვირებს – ჩვენ გავიმარჯვეთ! ამიტომ, არ მესმის, ახლა რაში სჭირდება ეს ცვლილებები მმართველ პარტიას?! სრულიად მოკლებულია პოლიტიკურ ლოგიკას. მით უფრო, არაფერი არ შავდება გახარიას პრემიერობით.
– გამორიცხავთ, რომ მართლაც თავად უნდოდეს წასვლა?
– გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა სრულიად უადგილო მგონია. თუ “ქართული ოცნება” გუნდური პრინციპით მოქმედებს, მაშინ ეს ახლა დარტყმა იქნება “ოცნებისთვის” და არა – პირიქით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ როგორც სუსტი, ისე გამოჩნდება და არა, როგორც ძლიერი. პოლიტიკური გუნდის მხრიდან ბევრად უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება, გახარია არ გაუშვას პრემიერის პოსტიდან. არჩევნებამდე მაინც გახარიამ უნდა მიიყვანოს გუნდი, როგორც ერთიანი. “ქართული ოცნების” ბევრი რამე არ ჯდება ხოლმე პოლიტიკურ ლოგიკაში, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასე უნდა მოხდეს.
– გახარია შს მინისტრის პოსტზე ბევრად უფრო აქტიური იყო. როგორც პრემიერი, თითქოს დაიკარგა. რითი ხსნით ამას?
– სწორი შენიშვნაა. გახარია მართლაც ბევრად უფრო აქტიური და თითქოს ბევრად უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თუმცა, 20 ივნისის ღამის მოვლენების დროს კონკრეტული პრობლემები იყო და ეს პრობლემები არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა. მეტიც, ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვდა.
როგორც პრემიერი, მართლაც უფრო ნაკლები ინტენსივობით ჩნდება. ნაკლები კონტაქტი აქვს საზოგადოებასთან. თუმცა, გამოკვეთილი პრემიერის ფიგურის გახსენება გაგვიჭირდება. მაგალითად, უცებ ზურაბ ჟვანია გამახსენდა, მაგრამ ზურაბ ჟვანიაც ბევრად უფრო ძლიერი იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და არა – როგორც პრემიერი. პრემიერი მაინც დიდი შავი სამუშაოს შემსრულებელია.
– რატომ ფიქრობენ, რომ მაია ცქიტიშვილი შეცვლის გახარიას?
– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, მაინც წამყვანი შეიძლება იყოს ნდობის ხარისხი. ივანიშვილს ცქიტიშვილის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალი აქვს. ეს გამოჩნდა თუნდაც იმ დანიშვნით, როდესაც ის ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა, მაგრამ ნუ ავიწყდება მმართველ პარტიას, რომ ეგრევე ამოტივტივდება ოპოზიციის მიერ ის პრეტენზიები, რაც შეიძლება ცქიტიშვილთან დაკავშირებით არსებობდეს.
ამიტომ, მე არ მესმის, ლოგიკას ვერ ვუძებნი, რა საჭიროა ახალი თემის გახსნა. ახალი სალაპარაკოს მიცემა ოპოზიციისთვის. ეს არის გაუგებარი. გახარია, ასე თუ ისე, მაინც მივიწყებული თემაა.