“რატომ გაუჩინარდა დავით სერგეენკო?”

“რატომ გაუჩინარდა დავით სერგეენკო?”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს.
– დიმიტრი, ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ჩავარდნას სერიოზული პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე, კორუფციულ სქემასთან თუ ხელისუფლების უნიათობასთან?
– მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენს ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამის დასტური იყო ის გაფუჭებული მედიკამენტები, რომლებიც მივიღეთ. ეს იყო ის მედიკამენტები და ის ფული, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აძლევდა იმის შანსს, რომ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. სწორედ ამას შეუშალეს ხელი და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ის ადამიანები, რომელთაც უნდა მიეღოთ ის დოზა, რომელზეც გვითხრეს, რომ თურმე გაფუჭდა. არადა სულ სხვა სიტუაცია იყო.
– რა სიტუაცია?
– მუდამ რიგები იდგა ამ მედიკამენტების ასაღებად. ადამიანები მიდიოდნენ და ითხოვდნენ მედიკამენტს, მაგრამ მათ არ მისცეს ეს მედიკამენტები. ახლა კი გამოდიან და აცხადებენ, გაფუჭდაო. შეიძლება საერთოდ სხვა რამესთან გვქონდეს საქმე.
– კერძოდ, რასთან?
– იმასთან, რომ უბრალოდ ადგნენ და ფულის საშოვნელად, ეს მედიკამენტები გაიტანეს მესამე ქვეყანაში შავ ბაზარზე და იქ გაყიდეს. 1 ადამიანის მკურნალობა 80 ათასი ჯდება. შესაბამისად, ძალიან დიდ ფულზეა აქ საუბარი. რამდენიმე ასეულ მილიონზეა. ამათგან არაფერია გამორიცხული.
– გამოძიებას ითხოვთ?
– გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუმცა ამის იმედი ამ ხელისუფლების პერიოდში არ არსებობს, მაგრამ ძალიან მალე შეიცვლება “ქართული ოცნება” და აუცილებლად გამოძიებული იქნება ეს საქმე, თუ რეალურად სად წავიდა ეს მედიკამენტები, მართლა ვადა გაუვიდა თუ გაყიდული იქნა შავ ბაზარზე.
ეს პროგრამა არ იყო ერთადერთი, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აფინანსებდნენ და სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმე დროულად იქნას გამოძიებული.
– ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოსი თუ ამჟამინდელის? რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა სერგეენკო.
– დიახ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სერგეენკო სწორედ ამის გამო იყოს გაუჩინარებული. “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ყოფილ დეპუტატს წამოსცდა, რომ ამერიკულმა მხარემაც დაიწყო გამოძიება ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული სერგეენკოს გადამალვა.
თუმცა ფაქტია ის, რომ დღევანდელი მინისტრი და სამინისტროში მყოფი ადამიანები ხელს აფარებენ ამ ფაქტს და ბოლომდე არ გვეუბნებიან, რა ხდება. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება გაარკვიონ, რეალურად რა მოხდა, გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არ ყოფილა ბიუჯეტის ფული!
– სინამდვილეში რა ფული იყო?
– სინამდვილეში ეს იყო ფული, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გადასარჩენად ხმარობდა. ის მედიკამენტები, რომლებიც გაფუჭდა, ან შავ ბაზარზე გაიტანეს, 2.000 ადამიანს ეყოფოდა.
– რას აპირებთ დიმიტრი, ბოლომდე მიჰყვებით ამ საკითხს?
– ჩვენ ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, ახლა დაველოდებით განმარტებების გაკეთებას, დაველოდებით, რას მოიმოქმედებენ სახელმწიფო ორგანოები. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პროკურატურასაც მივმართოთ. იმის მიუხედავად, რომ ესენი არ გამოიძიებენ და უბრალოდ თაროზე შემოდებენ, ეს საქმე იქნება გამზადებული შემდეგი ხელისუფლებისთვის და აუცილებლად მოხდება ამ ფაქტის გამოძიება.
– ზოგადად ჩავარდა ჯანდაცვის სისტემა, რთული სიტუაციაა ამ სფეროში.
– სწორედ აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა, ფაქტია, რომ ვერ გაართვეს თავი. ეს პროგრამა უკვე 2020 წელს უნდა წასულიყო დასრულებისკენ და 90%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო განკურნებული ამ პროგრამით, მაგრამ დაახლოებით 50%-ა ჯერ განკურნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიანურდებოდა ადამიანებისთვის ამ მედიკამენტების მიწოდება და რატომ ჭიანურდებოდა, ეს არის დასადგენი.
– ჯანდაცვის სამინისტროში სრულიად სხვა რამეს აცხადებენ, არ მოგვაკითხეს და არ იზრუნეს საკუთარ ჯანმრთელობაზეო.
– გაიკითხოს საზოგადოებამ, რამდენი ადამიანი იყო დასნეულებული, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანებიც დასნეულებულიყვნენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ბიუროკრატიული ბარიერის გავლა უწევდათ, რომ მისულიყვნენ ამ მედიკამენტის ასაღებად.
ეს იყო უბრალოდ დადგმული სპექტაკლი, რასაც ახლა გვიყვებიან “ქართული ოცნების” წევრები, რომ მათ ვინმემ არ მიაკითხა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მედიკამენტი ეგულებოდეს უფასოდ, რომელსაც მოიხმარს და ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებს და არ მიდიოდეს ამ მედიკამენტის ასაღებად?! ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყული, რომელსაც “ქართული ოცნება” გვეუბნება.
ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ერთის მხრივ, ეს ადამიანები გაწირეს სასიკვდილოდ, მეორეს მხრივ, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მოქალაქეების მკურნალობაში, არ დავკარგოთ ავტორიტეტი და მათ ისევ გააგრძელონ სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, რომელთაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს და რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის, გადარჩენისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
– დიმიტრი, მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო დღეები იყო, თქვენი ორგანიზაცია არ გაჩერებულა, საკმაოდ აქტიურობდით. როდიდან განახლდება მასობრივი პროტესტი?
– ჩვენი პროტესტი ნამდვილად არ გაჩერებულა, მათ შორის არც 31-ში გავჩერებულვართ. უბრალოდ, არ შეიძლება სახლში თბილად ჯდომა მაშინ, როდესაც შვილმოკლულ მამას დაურბევენ კარავს და იმ ადამიანებს დაურბევენ კარავს, რომლებიც სიმართლისთვის იბრძვიან. სწორედ ამის გამო ვიდექით მათ შორის 31-ში ქუჩაში და პირადად მე პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახის გარეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროტესტის გაგრძელება და ის გაგრძელდება. ყველაფერი “ქართულ ოცნებზეა” დამოკიდებული, ისინი დააჩქარებენ თუ არა ამ პროტესტის გაზრდას და მასობრივ მდგომარეობაში გადაყვანას. თუ ისინი არ დათანხმდებიან ქართველი ხალხის ნებას, ეს პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება და პიკეტირებებიც აუცილებლად გაგრძელდება.
მათ აღარ აქვთ ლეგიტიმაცია, მათ აღარ აქვთ ნდობა, რაზეც მეტყველებს ის, რომ თითოეული მათი გადაადგილება უზრუნველყოფილია ხოლმე სამართალდამცავების სრული მხარდაჭერით და მობილიზებით. პოლიცია სრული შემადგენლობით მათ დაჰყვება და იცავს.
– ბოლო პერიოდში პრეზიდენტი მოჰყვა აქტიურად თქვენი პროტესტის ტალღაში.
– ყველა მათგანი მოჰყვება ამ ტალღაში. რაც უნდა ამტკიცონ, მხარდაჭერა გვაქვსო, ეს ტყუილია, რადგან როდესაც საზოგადოებისგან ათასობით პოლიციელი გიცავს, ე.ი. შენ აღარავითარი ნდობა აღარ გაქვს. ხოლო როდესაც ნდობა არ გაქვს, ჯობია, დაემორჩილო ქართველი ხალხის ნებას და აღასრულო ის, რაც არის მისი დაკვეთა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე.